გულებიდან და...


გულებიდან და თავებიდან
ღამის წველნი განიშლებიან,
და ცელთა მიერ ნათქვამ სიტყვას
სიცოცხლისკენ გადახრის ღამე.


ამ ღამესავით მდუმარენი,
სამყაროსკენ დავშურებულვართ:
მზერანი ჩვენნი,
მიმოცვლილნი, ნუგეშინის მოსაპოვებლად,
გზას მიიკვლევენ ცეცებით და
ბნელად გვიხმობენ.


მზერადავსილი
შენი თვალი ჩემს თვალში დუმს ამიერიდან,
მე, მოყარიბე,
დავწვდები და შენი გული ბაგესთან მიმაქვს,
შენ დასწვდები და შენი ბაგით ემთხვევი ჩემს გულს:
ის დაარწყულებს ჟამთა წყურვილს,
რასაც ახლა ვსვამთ,
დროს აღავსებენ ჟამნი იმით,
რაც ჩვენ ახლა ვართ.


თუ გვაგემოვნებს?
არა ბგერა, არა ნათელი
სხლტება ჩვენს შორის, ამის სათქმელად.


ო, წველნო, წველნო.
წველნო ღამისა.

(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი