ლანდშაფტი


ამ მიწის კაცნო – თქვენ, მაღალო ალვის ხეებო!
ბედნიერების შავო ტბორებო _ სიკვდილისკენ დედამიწის ამრეკლავებო!
ამ ბრწყინვალებით გარემოცულს გხედავდი, დაო.

სიჩუმევ!

სიჩუმევ! გულში ჩაგასობ ეკალს,
რაკიღა ვარდი, რაკიღა ვარდი
ჰგიებს სარკეში ჩრდილთან ერთად, სისხლად იღვრება!
სისხლად იღვრება იმ დროიდან, ჰოს და არას ერთმანეთში როცა ვურევდით,

როცა ვწრუპავდით,
რაკიღა ჭიქა, მაგიდიდან რომ ხტებოდა, ზარს გამოსცემდა:
რეკვით გვამცნობდა ღამეს, რომელიც ბნელს მოიდებდა ჩვენზე ხანგრძლივად.
ჩვენ ვსვამდით ხარბი ბაგეებით:

ნაღველივით გემო ჰქონდა,
მაგრამ მაინც ქაფდებოდა, მსგავსად ღვინისა _
ხოლო მე შენი თვალების ჭავლს ავდევნებოდი,
და ენა სიტკბოს ჩაგვლუღლუღებდა…

(ასე ლუღლუღებს, იგი ჯერაც ასე ლუღლუღებს.)
სიჩუმევ! ეკალს განუმსჭვალავს ღრმად შენი გული:
ვარდთან ერთად გამოკონილა.

(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი