წყალი და ცეცხლი
რა ჟამსაც კოშკში გამოგამწყვდიე და სიტყვა წარვთქვი ურთხელთა მიმართ, იქიდან ცეცხლის ალმა ისკუპა და აგიზომა კაბა უეცრად, საქორწილო შენი სამოსი: ნათელ არს ღამე, ნათელ არს ღამე, ჩვენ რომ გულები აღმოგვიჩინა, ნათელ არს ღამე! თავის ნათებას ის ზღვას გაუწვდენს, სრუტის მთვარეებს ძილს შემოურღვევს და აქაფებულ სუფრებზე შედგამს, ის მათგან დრო-ჟამს ჩამომბანს წმინდად: შენ, მკვდარო ვერცხლო, ისევ გაცოცხლდი, თასად და ჯამად გადაიქეც, როგორც ნიჟარა! ბობოქრობს სუფრა ჟამით ჟამამდე, კათხები ქარით ამოივსება, ზღვა მიმოიპყრობს, მოქაფავს ხორაგს: გზააბნეულ თვალს, ჭექნაკრავ ყურს, თევზსა და მცურავს. ბობოქრობს სუფრა ღამით ღამემდე, და ჩემს თავს ზემოთ მიცურავენ დროშები ხალხთა, და ჩემს მხარდამხარ კაცთა ხელი ნაპირისკენ კუბოებს ხოფავს, ხოლო ჩემს ქვემოთ ცაობს, ვარსკვლავობს, ვით ჩემს მხარეში იოანეს დროს! და მზერა შენსკენ მომიმართავს, მზეცეცხლოვანო: იფიქრე დროზე, ღამე მთის ფერდობს ჩვენთან ერთად რომ მიუყვებოდა, იფიქრე დროზე, იფიქრე, სწორედ ის რომ ვიყავ, ვინც ამჟამად ვარ: ოსტატი კოშკთა, საპყრობილეთა, ქროლვა ურთხლებში, ზღვაში მომლხენი, სიტყვა, რომელშიც შენი ტანი ჩაიფერფლება. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი