ასიზელი


უმბრიის ღამე.
უმბრიის ღამე ზარისა და ზეთისხილის ფოთოლთა ვერცხლით.
უმბრიის ღამე ქვით, რომელიც აქეთ მოგქონდა.
უმბრიის ღამე მოტანილი ქვით.


დადუმებულა, სიცოცხლისკენ რაც ამაღლდა, დადუმებულა.
ხელადები მი-და-მოავსე.


თიხის ხელადა.
თიხის ხელადა, რომელსაც მტკიცედ შეეზარდა მეთუნის ხელი.
თიხის ხელადა, აჩრდილის ხელს რომ სამუდამოდ მოუმწყვდევია.
თიხის ხელადა, აჩრდილის დამღით.


ქვა, ქვა, საითაც გაიხედავ.
შეუშვი ვირი.


მოჩაქჩაქე ეს ცხოველი.
მოჩაქჩაქე ცხოველი თოვლში, უშიშვლესი ხელი რომ ფანტავს.
მოჩაქჩაქე ეს ცხოველი სასახლეში ჩავარდნილი სიტყვის წინაშე.
მოჩაქჩაქე ცხოველი, ძილს რომ ღოღნის ხელიდან.


ელვა, ნუგეში რომ არ სურს, ელვა.
გარდაცვლილები _ ფრანცისკ, ისინი მოწყალებას ითხოვენ ჯერაც.

(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი