ღამით დაბერილი


ჰანა და ჰერმან ლენცებს


ტუჩები, ღამით დაბერილი,
ყვავილებისა;
ტანები ნაძვის ხეებისა,
დაჯვარული, მიმოჭდობილი;
ხავსი – გამხმარი, ქვა – მორყეული,
შემზადებულან მყინვარის თავს
უსასრულო ფრენისთვის ჭკები:


ეს მოდამოა, სადაც ისინი
შესვენებულან, ვისაც ვეწიეთ:


მათ მიერ ჟამი აღარასდროს დასახელდება,
ფიფქს აღარასდროს დაითვლიან,
წყლებს საგუბრამდე აღარასდროს აუყვებიან.


ისინი დგანან განრიდებით ამ სამყაროში,
ყოველი თავის ღამესთან ერთად,
ყოველი თავის სიკვდილთან ერთად,
მიუკარები, თავშიშველი, ნიშანდებული
ახლოეულით და შორეულით.


იმ ვალს იხდიან, მათ საწყისს რომ სული ჩაუდგა,
ვალს იმ სიტყვისა,
ამ ზაფხულივით უკანონო რომელიც არის.


სიტყვა _ შენ იცი:
მიცვალებული.


ჩვენ ის განვბანოთ,
ჩვენ ის დავვარცხნოთ
და მისი თვალი
ცისკენ მივმართოთ.

(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი