შიბოლეთი
ჩემს ქვებთან ერთად, მსხვილ ცრემლებთან, გისოსების მიღმა დაღვრილთან, ბაზრის მოედნის შუაგულში მათ შემათრიეს, იქ, სადაც დროშა აღემართათ, რომლის წინაშეც ფიცს ვერ დავდებდი ვერანაირად. ფლეიტა, მრჩობლი ფლეიტა ღამის: იფიქრე ბნელ წყვილ დაფიონზე ვენის, მადრიდის. ააფრიალე შენი დროშა ანძაზე, ხსოვნავ. ქიმზე ანძისა, სადღეისოდ, სამარადისოდ. გულო: აქ, ბაზრის მოედნის შუაგულ, დაე, იყავ შესაცნობელი. აღმოიძახე ეს, შიბოლეთი, სამშობლოდან შორს დაშთენილმა. თებერვალი. No pasarán. მარტორქაო: შენ უწყი ქვები, შენ უწყი წყლები, გამომყევი და ესტრემადურას ხმებთან მიგიყვან. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი