ჟამწითელი ტუჩებით
ზღვაში დამწიფდა ბაგე, დაისი რომლის სიტყვებსაც აქ იმეორებს, წინაშე თავის ამ ქვეყნებისა. ის მათ ბუტბუტით იმეორებს, ჟამწითელი ტუჩებით ამბობს. ბაგე, ზღვის მიერ დამწიფებული, ზღვის მიერ, სადაც თინუსს ცურვა ეამებოდა ელვარებაში, კაცთაკენ რომ მიმართავს ნათელს. ვერცხლი თინუსის, სხივშემსჭვალული, ვერცხლოვანი სარკე თინუსის: აღმოუჩვენებს თვალებს მეორე _ მოყარიბე _ დიდებას შუბლთა. ვერცხლი და ვერცხლი. ორჯერადი ვერცხლი სიღრმისა. ეგ ნავი იქით მიმართე, ძმაო. შენი ბადე კი ამის მერე ჩააგდე, ძმაო. აღმოზიდე და ჩვენს სახლებში მიმოაბნიე, ჩვენს მაგიდებზე მიმოყარე, ჩვენს თეფშებზე მიმოაბნიე _ უყურე, როგორ სივდებიან ჩვენი ტუჩები, ისინიც, მსგავსად დაისისა, ჟამწითლულები, ისინიც მისებრ მობუტბუტენი _ და ბაგე ზღვიდან უსასრულო კოცნისათვის ამოინთქმება. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი