სითეთრე და სიმსუბუქე
ქვიშის ნამგალა დიუნები, აურაცხელი. ქარის ჩრდილში, ათასჯერადი: შენ. შენ და მკლავი, რომლითაც შიშვლად შეგეზარდე, მე, დაკარგული. სხივები. უხვად მოგვეფრქვევიან. ჩვენ ვფლობთ სინათლეს, ტკივილს და სახელს. რაც გვამოძრავებს, სითეთრეა, რასაც ჩვენ ვცვლით, უწონადია. თეთრია და მსუბუქია: დაე, მიწყივ მოგზაურობდეს. სიშორეები, მთვარესთან ახლოს, ისე, როგორც ჩვენ. ისინი კლდეებს აშენებენ, რომლებზეც მერე მოგზაური ეს სითეთრე დაილეწება, ხოლო ისინი აშენებენ ისევ და ისევ: სინათლის ქაფით და შხეფებით სავსე ტალღებით. ეს მოგზაური სინათლეა, კლდეებიდან მანიშნებელი. ის უხმობს შუბლებს, ასარეკლად რომ გვათხოვეს, სწორედ იმ შუბლებს. შუბლები. იქით მივსრიალებთ ჩვენ მათთან ერთად. და ამ შუბლთა სანაპირონი. შენ გძინავს? ძილი. კვლავაც ირჯება ზღვის წისქვილი, ყინულივით ნათელი და გაუგონარი, ჩვენივ თვალებში. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი