ვიწროდწარმართვა
* მონაწევარია ალაგსა შინ იმავ უტყუარი ნაკვლევით: ბალახი, ურთიერთშორიშორჩაწერილ. ქვანი, თეთრნი, ღეროთა ჩრდილებით: არღა წაიკითხო _ მოიხილე! არღა მოიხილო _ დაემართე! ვიდოდე, შენსა ჟამს არა ჰყავს დებიცა. შენ მყოფობ _ შინ მყოფობ. ბორბალი, ნელინელ, თავისა თვისისგან იბრუნვის, მანანი ცოცვიან, ცოცვიან მოთალხო მინდორზე, ღამე ვარსკვლავთ არ მოისაკლისებს, არსად არავინ მოგიძიებს. * არსად არავინ მოგიძიებს _ ადგილს, ისინი სადაც იწვნენ, მას უვის სახელი _ არცა რა სახელი. ისინი იქ არცა წოლილან. რაღაცვე მათ შორის წოლილა. ისინი არ განმჭოლუჭვრეტდნენ. არ ჭვრეტდნენ, არა, მეტყველებდნენ სიტყვებზე. ერთიც არ გამოფხიზლებულა, იგივ ძილი მათზედ გარდმოვიდა. * ვიდოდა, ვიდოდა. არსად მოგიძიებს _ მე, მე ვარ, მე ვიწექ თქვენს შორის, ვმყოფობდი განხვნილი, ვმყოფობდი სმენადი, მე შემოგწიკწიკებდით, თქვენს სუნთქვას მივაყურადებდი, მევე ვარ ეს ჯერაც, თქვენ გძინავთ დიახაც. * ვარ ჯერაც ჟამიერ _ წლები. წლები, წლები, ეგ თითი მიმოჩხვერს ზე-და-ქვე, მიმოჩხვერს მი-და-მო: პირაპირები ნაწიბურის, შეგრძნობადი, აქ დაშორიშორდნენ ერთმანეთს, აქ შეეზარდნენცა ურთიერთს კვალადვე _ ვინ მიმოაფარა? * მიმოაფარა ვინ? ვიდოდა, ვიდოდა. ვიდოდა სიტყვა, ვიდოდა, ვიდოდა განმჭოლი ღამისა, ჰსუროდა ნათება, ჰსუროდა ნათება. ფერფლი. ფერფლი, ფერფლი. ღამე. ღამით-ღამე. _ დაემართე თვალსა, ცრემლიანსა. * დაემართე თვალსა, ცრემლიანსა _ გრიგალნი. გრიგალნი, ოდითგან, ნაწევარნამქერი, სხვა იგი, შენ უწყი დიახაც, ჩვენ წიგნში ამოგვიკითხავს, მყოფობდა თვალსაზრისი. მყოფობდა, მყოფობდა თვალსაზრისი. როგორ წავეტანეთ ურთიერთს საწვდომად _ საწვდომად ამ ჩვენი ხელებით? დაწერილ იყო აგრეთვე, რომ. სად? ჩვენ ამას ზედა დუმილს გავუწვდენდით, შხამნასვამს, ვეებას, იგივ მწვანე დუმილი, დუმფარა, კვლავ გამოკიდებოდა აზრი მცენარეულს _ მწვანე, დიახ, გამოკიდებოდა, დიახ, თვალთმაქცი ზეცის ქვეშ. იმასვე, დიახ, მცენარეულს. დიახ. გრიგალნი, ნა- წევარნამქერი, შთენილიყო ჟამი, შთენილიყო ქვითურთ მცდელობისა _ ის სტუმართმოყვარე იყო, ის არ ამეტყველებულა. რარიგ სასიკეთოდ გვიჩნდა ყოველივე: მარცვლოვანი, მარცვლოვანი და ბოჭკოიანი. ღეროვანი, მკვრივი; მტევნოვანი და სხივკონოვანი; თირკმლოვანი, გლუვი და კოშტოვანი; დამთმობი, გან- ტოტვილი _: იგი, ის არ ამეტყველებულა, ის ესიტყვებოდა, ესიტყვებოდა მშრალ თვალებს ნებისად, ვიდრე არ დახუჭა იმანვე ისინი. ესიტყვებოდა, ესიტყვებოდა. მყოფობდა, მყოფობდა. ჩვენ არ დაგვითმია, ვიდექით შუაგულ, იგივ ფოროვანაღნაგი, და ისიც მოვიდა. ჩვენზე გარდმოვიდა, მოვიდა განმჭოლი, კემსა შეუმჩნევლად, მიაკემსა აპკი საბოლოო, და უმალ სამყარომ, ათასბროლიადმა, იხუვლა, იხუვლა. * იხუვლა, იხუვლა. კვალადვე _ ღამენი, განრევნილ. წრეები, მწვანე ან ცისფერი, წითელნი კვადრატნი: აგერა, სამყარო თავისავ შინაგანს ჩამოთესს თამაშში ახალ ჟამთა თანა. _ წრეები, წითელი ან შავი, ნათელნი კვადრატნი, არცა რა ფრთოსანი აჩრდილი, არცა რა საზომი მაგიდა, არცა რა კვამლისული, აღფრენად და შეთანთამაშებად. * აღფრენად და შეთანთამაშებად _ მწუხრიჟამს, თანაერთ ქვადქცეულ კეთრის, თანაერთ ჩვენივ ოტებულ ხელთა, ნორჩ გადმონაფრქვევში, ტყვიაწინაღის მახლობელ ჩაშლილი კედლის თავს: ხილვადი, ხელ- ახლად: ეგევე ღარაკნი, ეგევე გუნდნი, იმ დროთანი, ეგევე ფსალმუნნი. ო, ო- სანნა. მაშ, ჯერაც მკვიდრობენ ტაძრები. ერთ ვარსკვლავს ჯერაც იმედია შთენია ნათელი. არცა რა, არცა რა დაკარგულა. ო- სანნა. მწუხრიჟამს, აქ, გასიტყვებანი, დღეისარუხისად, იმავ მიწისქვეშაწყალთნაკვალევებად. * (_ _ დღეისარუხისად, იმავ მიწისქვეშაწყალთნაკვალევებად _ მონაწევარია ალაგსა შინ იმავ უშეცდომო ნაკვლევით: ბალახი. ბალახი, ურთიერთშორიშორჩაწერილ.) მთარგმნელის მინაწერი: ამ ლექსის წინამდებარე თარგმანი ეძღვნება ამავე ლექსის ბესიკ ადეიშვილისეულ თარგმანს (იხ. მისი წიგნი “ბოლო ლირიკა”, თბილისი 2000, გვ. 149-155). (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი