ციურიხი, კაფე „ყარყატი“


ნელი ზაქსს


მრავალზე იყო საუბარი, იყო
მცირედზე. იყო „შენ“_ზე და
„მაგრამ-შენ“-ზე,
დაბინდვაზე ნათლისმიერით,
იმ ებრაულზე,
იმ შენს უფალზე.


ამა-
ზე.
ეს დღე ამაღლების დღე იყო, მკვიდრად
აღმართულიყო გაღმით ტაძარი, წყალზე
ოქროდ მოლივლივებდა.


შენს ღმერთზე იყო საუბარი, მე ვმეტყველებდი
მის წინააღმდეგ,
აღვავსებდი გულს, რომელიც ჩემი იყო,
იმედით
მისი
უმაღლესი, ნაღაღადები,
მომჩივანი მისი სიტყვისა –


მზერა მესროლა შენმა თვალმა, მერე მიგანა,
თვალს გაესიტყვა
შენი ბაგე, მე კი ჩამესმა:


ჩვენ
ხომ არ ვიცით; იცი,
ჩვენ
ხომ არ ვიცით,
რა
სჯობს.

(გერმანულიდან  თარგმნა დათო ბარბაქაძემ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი