მერე რამდენი...
მერე რამდენი ვარსკვლავეთი, გამოწვდილი რომ არის ჩვენთვის. მე ვიყავ, როცა შემოგხედე – მერედა, როდის? –, გარეთ სულ სხვა სამყაროებთან. გალაქტიკურნი, ო, ეს გზანი, ო, ეს ჟამი, ჩვენ რომელმაც ღამეები ჩამოგვივსო ტვირთში ჩვენი სახელებისა. განა როდია, მე ეს ვიცი, მართალი, თითქოს ჩვენ გვიცხოვრია, ბრმად განვლო სუნთქვამ ერთადერთმა იქ-სა და არა-აქ-სა და ჟამით-ჟამამდე-ს შორის, თვალი, ჩამქრალის მიმართულებით, ხეობებში, კომეტისებრ წუილით ქროდა, იქ, სადაც იგი ჩაინაცრა, იდგა დრო ძუძუს კერტებივით მანათობელი, რომელსაც უკვე ზემოთ და ქვემოთ და მისგან შორსაც ეზრდებოდა იგი, რაც არის ან რაც იყო ან რაც იქნება –, მე ვიცი, ვიცი და შენ იცი, და ჩვენ ვიცოდით, ჩვენ არ ვიცოდით, ჩვენ ვიყავით დიახაც აქ და სულაც არა იქ, და ზოგჯერ, როცა ოდენ არარა იდგა ჩვენს შორის, ჩვენ ვპოვებდით სავალს სრულად ერთმანეთისკენ. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი