ნავსადგური
იგივ იარაპირმოკრული: სად-, შენც ჩემსავით რომ ყოფილიყავ, სულ- ამოხდილი ოცნებებით თავაშვებულ სუფრაზე შედგმულ არყითსავსებოთლისყელებზე _ შენ მომისართე, ზღვის კულულო, ხვედრად ჩემი ბედნიერება, შენ მომიხოფე მრავლად ტალღა, კრულვაყომრალო, გზა გაიკვლიე ადუღებულ წიაღში გავლით, ყინულოვანმწუხარკალამო _, სად- ით არ იყავ ხეტებული შენ ჩემთან ერთად, მერხებზე თუნდაც იმავ დედილო კლაუზენთან, მან კი დიახაც უწყის, რა ხშირად, ვით ჩაგმღეროდი მე შენ ყელამდე, ჰაიდიდელდუ, მთელი თავისი ფოთლეულით, სამშობლოს თხმელა რარიგ მოცვლურჯი, ჰაიდუდელდი, შენ, ვით ფლეიტა ასტრალური მიღმეთიდან სამყაროსკიდის _ და ესეც იყო, ჩვენ ვცურავდით, დედიშობილა, ვცურავდით ასე იმავ უფსკრულლექსს, ხანძრისფრადწითელ შუბლზე დაჭდეულს _ ჩაუქრობლად მიიკვალავდა თავის გზებს სიღრმის- წიაღ მომწყდარი ოქრო მაღლითკენ _, აქ, დაბერილი იალქნებით, ჩაიქროლებდა მოგონება აგრეთვე ამის, ნება-ნება როკდნენ ხანძრები, გან- წვალული, შენ, განწვალული ზემორე ორივ შავ- ლურჯი ხსოვნის- კარჭაპზე, თუმცა ბიძგმიცემული აგერვე ახლაც ათასი- მკლავით, რომლითაც მე შენ გაკავებდი, გადაჯვარული, ვარსკვლავგანატყორცნ-ბუნაგთა მიღმა, ჩვენივე ჯერაც მიწყივ მთვრალი, დაწაფებული, სამყაროსკიდის ბაგეები _ სახელვდებ მათვე მხოლოდ და მხოლოდ _, ვიდრემდე მიღმეთს დრომოხავსულ საათისკოშკზე ჩაიცვლებოდეს უხმაუროდ ბუდის და რიცხვთა ეგ საფარველი _ ქიმერდოკი, მიმომცურველი, განსამყაროულ-თეთრადქმნილი ასოები მაღალ ამწეთა წერენ არსახელს, ზემორე რომლის სასიკვდილო ნახტომისკენ მიბობღავს მაინც იგივ ცხოვრება საზიდავი, ამოსახაპად რომელიც ერგოთ შუაღამისად საზრისად- ხარბ წინადადებებს, მისკენვე ტყორცნის ნეპტუნის ცოდვა ხორბლის- არყისფერ საბუქსირო თავის ბაგირსაც, გარემოცვაში თორმეტ- ტონიან სიყვარულისადმოხმიანექერქეჭელების _ ხოლო ოდესმე ჭისჯალამბრის, და შენთან ერთად იგი იმღერს აწ აღარ გუნდში ზღვასმომწყდარი ქვეყნიერების _ მოირწევიან როკვით შორიდან, ოდესიდან, შუქურგემები, აი, ნიშნული პლატფორმისა, რომელიც, ჩვენი ერთგული ტვირთი, ჩვენთან ერთად ჩაიძირება, სარკასტობს ყველას და ყველაფერს ქვემო-ზემორე _ რატომაც არა? იგივ იარაპირშეკრული, ან სად-, ან როდის _ და ვჩნდებით, ვქრებით და ისევ ვჩნდებით. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი