თოვლი მოვიდა...


თოვლი მოვიდა, ჩამობნელდა. უკვე თვე არის
ან იქნებ ორიც, რაც მონაზვნის მოსასხამში გახვეულმა შემოდგომამ
მეც მომიტანა, როგორც წერილი, ხმელი ფოთოლი უკრაინის დაღმართებიდან:
წარმოიდგინე, მეათასედ ჩამოზამთრდა უკვე აქაც კი,
უფართოესი ნიაღვრებით ნარეცხ მხარეში,
ნაჯახებით კურთხეული ნიაღვრებით იაკობის ციური სისხლის...
ო ეს ყინული იმქვეყნიურ სიწითლეთა - მასზე გასვლას ცდილობს ჰეტმანი
თავისი რაზმით ჩაბნელებულ მზეთა ჩრდილში... ჩემო შვილო, ეჰ, თავსაფარი,
რათა გავეხვე, როცა ირგვლივ ჩაჩქანები იელვარებენ
და იჭრიალებს ვარდისფერი ყინულის ხორგი,
თოვლის მტვერივით განიბნევა როდესაც ჩონჩხი
მამაშენისა, გაქელავენ როცა ჩლიქები.

(გერმანულიდან თარგმნა ზვიად რატიანმა)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი