ჭრიალი რკინის ქალამნებისა...


ღრჭიალი რკინის ქალამნებისა, საბრალობელი – ალუბლის ხეზე.
ჩაფხუტებიდან შენთვის ზაფხული ამოქაფდება. გუგული, შავად შეფერილი,
მის სურათს ხატავს ცის კარებზე ალმასის დეზით.
შიშველი თავი გამოუჩანს ფოთლეულში შეკიდულ მხედარს.

მტრის ფოლადოვან სუდარაზე მილურსმული შენი ღიმილი
მას ბუნდოვნად თავის გერბზე გამოუსახავს.
აღთქმული იყო მისთვის ბაღი მეოცნებეთა,
და მზად უპყრია ოროლები, ვინძლო ვარდი გადაიფურჩქნოს…

თუმცაღა ჰაერს გამომსჭვალავს შეუმოსავი, ვინც უმეტეს შენი მსგავსია:
გამხმარ ხელებზე მიათასმავს რკინის ქალამნებს,
გამოიძინებს ბრძოლას და ზაფხულს. ალუბალი სისხლად სწორედ მისთვის იღვრება.
ბნელი თვალი სექტემბერში

ქვამოსხმული დრო. და ტკივილის დალალკავები
ნაკადულებად ევლებიან ირგვლივ მზერას დედამიწისა,
მთვრალი ვაშლისა, ცოდვიანი შეგონების მონაბერით
გარუჯულისა: ლამაზია და არმოწყალე იმ თამაშისა,

რასაც ისინი თამაშობენ ყალბადჩენილ
ანარეკლში მისი მერმისის.
უკვე მეორედ ყვავილობს წაბლი:
ორიონის მალიადი უკუქცევის

მწირადელვარე
იმედის ნიშნად: მას მაღლით უხმობს
ცის თვალდავსილი მეგობრების
ვარსკვლავუხვი გულმოდგინება.

სიზმრის კარებთან, შეუნიღბავი,
უცილობლობს ეული თვალი.
სავსებით ჰყოფნის საცოდნელად,
რაც რამ ხდება ყოველდღიურად:

აღმოსავლეთის სარკმელთან ღამით
მას განცდის სუსტი
მოგზაური გამოუჩნდება.
შენ აწობ მახვილს სისველეში მისი თვალისა.

(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი