ქვა ზღვიდან
ჩვენი სამყაროს თეთრი გული, ჩვენივე ნებით რომ დავკარგეთ დღეს, სიმინდის ჩენჩოს ჭკნობის ჟამს: ჩაგვიგორდება ხელებიდან ისე მსუბუქად, როგორც გორგალი. ასე დაგვირჩა დასართავად ძილის ახალი, მწითური მატყლი ქვიშიანი სამარხიდან ჩვენი სიზმრისა: გული აწ აღარ, სამაგიეროდ – თავის თმა სიღრმისეული ქვისა, უღარიბესი მორთულობა მისი შუბლისა, რომელიც ტალღებს და ნიჟარებს ჩაფიქრებია. ის, შესაძლოა, რომელიმე ქალაქის ბჭესთან, ღამისეულმა აიტაცოს ჰაერში ნებამ, აღმოსავლურმა მისმა თვალმა მოუთხროს სახლზე, სადაც ჩვენ ვწევართ, ჩვენს ბაგეებზე, დაფარულზე ზღვიურ სიშავით, ჰოლანდიური ტიტებით მორთულ ჩვენივე თმაზე. ისე უპყრიათ მათ ლახვრები, როგორც ჩვენ გვეპყრა ჩვენი სიზმარი, თეთრი გული ჩვენეული სამყაროსი ასე ჩაგორდა და დაიშალა. ასე დაეხვა მის თავს ირგვლივ კულულა ნართი: მატყლი სრულიად უცნაური, ნაცვლად გულისა. ო, ძგერა, რაიც გაჩნდა და გაქრა! სასრულეთში საბურველნი ქარდაქარ ფრენენ. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი