შეჩრდილული ქალბატონის სიმღერა
როცა მოდის და ტიტებს წყვეტს უტყვი ქალი: ვინ მოიგებს? ვინ წააგებს? სარკმელში ვინ გამოჩნდება? და მის სახელს უწინარეს ვინ გამოთქვამს, ვინ იქნება? არის ერთი, მას ჩემი თმა ხელთ უპყრია. მას ჩემი თმა, როგორც მკვდარი, ხელთ უპყრია. ხელთ უპყრია, როგორც ზეცას ეპყრა იმ წელს, სიყვარული რომ მეწვია. მერე რარიგ თავმომწონედ ხელთ უპყრია. ის მოიგებს. არ წააგებს. არც სარკმელში გამოჩნდება. იმ სახელის გამომთქმელი არ იქნება. არის ერთიც, მან თვალები გამომტაცა. მას მერე აქვს, რაც ჭიშკარი ირაზება. თავის თითზე ბეჭდებივით წამოუცვამს. და უპყრია ისე, როგორც ნამსხვრევები სურვილის და საფირონის: ის ძმა იყო უკვე ჩემი, შემოდგომა როცა იყო; იგი დღეებს და ღამეებს ითვლის უკვე. ის მოიგებს. არ წააგებს. სარკმელში არ გამოჩნდება. იმ სახელის საბოლოოდ გამომთქმელიც ის იქნება. არის სულ სხვა, ვინც იმას ფლობს, რაც გამოვთქვი. როგორც ნასკვი, იღლიის ქვეშ მას უპყრია. ხელთ უპყრია, როგორც საათს უმძიმესი თავისი დრო. მას კარდაკარ დაატარებს, არ იცილებს. ის წააგებს. არ მოიგებს. ის სარკმელში გამოჩნდება. იმ სახელის უწინარეს გამომთქმელიც ის იქნება. მას ტიტებთან ერთად თავი წაეცლება. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი