ელვა ღამისა


სხივმოკაშკაშედ ეკიდა ცეცხლი ჩემი დაისის სატრფოს კულულებს:
ახლა კი მე მას უმსუბუქესი ხისგან შეჭედილ კუბოს ვუგზავნი.
როგორც საწოლი რომაული ჩვენი სიზმრების, ისიც ტალღებს აუტაციათ;
ისიც ჩემსავით თეთრი პარიკით არის მოსილი და ლაპარაკობს ხმის ჩახლეჩამდე:

ისე მეტყველებს, როგორც _ მე, როცა გულებში შესვლის ნება მეძლევა.
მან სიყვარულზე ის ფრანგული სიმღერა იცის, შემოდგომაზე რომ მიმღერია,
როცა მე მწუხრის ქვეყანაში ვმოგზაურობდი და დილის მხარეს ვწერდი წერილებს.
გრძნობის კორომში გამოთლილი მშვენიერი ნავია კუბო.

ერთ დროს, შენს თვალზე ახალგაზრდა, მეც დავშვებულვარ სისხლქვემდინარედ.
ახლა კი შენ ხარ ისეთი ნორჩი, როგორც არის მარტის თოვლში მკვდარი ფრინველი.
ახლა კი იგი შენ გესტუმრება და თავის ფრანგულ სიმღერას მღერის.
თქვენ მსუბუქი ხართ: ჩემს გაზაფხულს თქვენ ბოლომდე გამოიძინებთ.

მე გახლავართ უმსუბუქესი:
მე უცხოთა წინაშე ვიმღერ.

(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი