გვიან და ღრმად
ავსული, როგორც მოქარგული მეტყველება, იწყება ღამე. ჩვენ მდუმარეთა ვაშლებს მივირთმევთ. ვირჯებით საქმით, ნებიერად რომ ანდობენ თავ-თავის ვარსკვლავს; ჩვენივ ცაცხვების შემოდგომას ვახლავართ, როგორც მოფიქრალი სიწითლე დროშის, ცეცხლოვანი სამხრეთელი სტუმრები როგორც. ჩვენ ახალ ადამს – ქრისტეს – ვიფიცებთ, რომ შევაუღლებთ მტვრის მისხალს მტვერთან, ფრინველებს _ ყარიბ ფეხსაცმელთან, წყალში ჩასულ კიბესთან _ ჩვენს გულს. ვიფიცებთ ქვიშის წმინდა ფიცით ქვეყნიერებას, სიამოვნებით ვიფიცებთ ჩვენ მას, უსიზმრო ძილის სახურავებზე, მაღალი ხმით ვიფიცებთ ჩვენ მას და ვაფრიალებთ დროის ჭაღარას… ხოლო ისინი გაჰყვირიან: სიცრუეს ამბობთ! დიდი ხანია, ცნობილია ჩვენთვის ეს ცოდნა. დიდი ხანია, ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ განა რა ხეირია? თქვენ აღთქმის თეთრ ფქვილს ფქვავთ სიკვდილის თეთრ წისქვილებში, თქვენ ის გამოგაქვთ ჩვენი დების და ძმების თვალწინ _ ჩვენ ვაფრიალებთ დროის ჭაღარას. თქვენ ჩვენ ჩაგვძახით: სიცრუეს ამბობთ! ჩვენ კარგად ვიცით ეს ყველაფერი, დაე, ჰგიებდეს ეს ბრალი ჩვენზე. ჰგიებდეს იგი ყველა ჩვენგანზე, მოხეტიალე ყველა ნიშანზე, დაე, ჰგიებდეს ზღვა მოყაშყაშე, უკუქცევის ბორგნეული ქარისკვეთება, შუაღამის დღე, დაე, ჰგიებდეს ის, რაც დღემდე არ არსებულა! დაე, ჰგიებდეს სამარიდან აღმდგარი კაცი. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი