CORONA
ჩემი ხელიდან აგემოვნებს შემოდგომა თავის ფოთლეულს: ჩვენ დავმეგობრდით. დროს ნაჭუჭისგან ვასუფთავებთ და სიარულს შევასწავლით: დრო ბრუნდება ნიგვზის ნაჭუჭში. სარკეში _ კვირა, სიზმრად სძინავთ, ბაგე არ ცრუობს. ჩემი მზერა ეშვება სატრფოს სარცხვინელისკენ: ერთმანეთს ვუმზერთ, ჩვენ ერთმანეთს ბნელს ვეუბნებით, ჩვენ ერთმანეთი ისე გვიყვარს, ვით ყაყაჩოს და მეხსიერებას, ჩვენ ისე გვძინავს, როგორც ღვინოს _ ნიჟარებში, როგორც ზღვას _ მთვარის სისხლის ნაკადში. სარკმელთან ვდგავართ, ერთმანეთს ვართ გადაჭდობილი, ქუჩიდან კი გვაცქერდებიან: დროა, იცოდნენ! დროა, დანებდეს ქვა ყვავილობას, ფორიაქმა აიკლოს გული. დროა, დრო დადგეს. დროა. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი