საახალწლო საჩუქარი


გადაპენტა ფიფქმა ეზო, გარეთ გასვლა უნდა რეზოს.
- გახველებს და სიცხე გიწევს და საწოლში უნდა იწვე! -
ეუბნება მშვიდად ბებო, გაურია რძეში ერბო,
- დალიეო! - დააძალა, სულის მოთქმა არ აცალა.

ჩამოაცვა ფეხზე წინდა, მერე ცხვირი მოუწმინდა...
რეზო უფრო ასლუკუნდა, ენატრება ციგა, გუნდა...
უნდა გარეთ, უნდა თოვლში... აღარ უნდა რძე და ბორში!
და თუ გჯერათ სასწაულის, გაგისკდებათ ახლა გული.

აქ რა უნდა წითელ კაბას? ვინ დგას მის წინ? - თოვლის პაპა!
საკვამურში ჩაძვრა, ჰოდა, ბებოს წასვლას დაელოდა...
და ბუხრიდან ჩამომხტარმა ჩვენი რეზო გაახარა...
მარტო პაპა იყო განა? საჩუქრებიც მოიტანა...

რეზო ისე გახალისდა - დაავიწყდა „გარეთ მინდა!“...
და კარგად რომ დააკვირდა, ახითხითდა და აყვირდა...
აუძგერდა ისე გული... ბებო იყო გადაცმული...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი