ამადეუსი (მოთხრობა)
ამადეუსი ფავორიტებში დამატება დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დოოო... და პირიქით, დო, სი, ლა, სოლ, ფა, მი, რე, დოოო... პატარა ამადეუს მოცარტი ყოველდღე ვარჯიშობს, არ ეზარება, არ იღლება, უყვარს ბგერების მოსმენა, ასე სათითაოდ აკრეფილიც კი უყვარს, უმელოდიოდ, ცალკე, ერთი კლავიშის ხმაც ახალისებს. სწრაფად და მოქნილად გადაუვლის ოქტავას ერთიბეწო თითებით და ასეთივე სისხარტით გადმოირბენს უკანვე. _ Oh, gut, zehr gut! - ყოველდღე უძახის გაოგნებული მასწავლებელი და აღფრთოვენებისგან ტაშს უკრავს წამდაუწუმ. ამადეუსი კი მხიარულად ასრულებს ბევრ გრძელ სიმფონიას და ვერ ხვდება, რა არის ამაში გამაოგნებელი. დაკვრა ისეთივე ადვილია მისთვის, როგორც თამაში, ოღონდ უნდა მოგწონდეს სათამაშო... ამასწინად სალიერს დაარტყა თითებზე ჯოხი მასწავლებელმა: ასე ცივად ნუ უკრავთ, ცოტა აღელდით, ინერვიულეთ!.. სალიერმა მხრები მაღლა ასწია, მერე მკლავებიც, თავიც გააქან-გამოაქანა, აღელდა და აღელდა რაც შეეძლო. მასწავლებელს გაეცინა, თავზე ხელი დაადო და უთხრა: თქვენგან მშვენიერი მსახიობი დადგება, ყმაწვილო... პატარა ამადეუსს ძალიან მოუნდა მასზეც ეთქვა მასწავლებელს რაღაც, გარდა Gut, sehr gut -ისა, რომელიც ყოველ დღე უწუოდა ყურში. მოკლედ, როცა ჯერი მის დაკვრაზე მიდგა, აღელდა და აღელდა, გაიღვარა ოფლად. მასწავლებელმა ტაში შემოჰკრა, ამადეუსს ჩაეხუტა და უჩურჩულა: - Oh, sehr, sehr, sehr gut Mocart! არა, ბედი არ ჰქონდა ამადეუსს რა, ამ sehr-ის სამჯერ გამეორებისთვის ვიწვალე ამდენიო? – გაიფიქრა. სალიერისგან მსახიობი დადგება, მე კი ყოველ დღე კარგი, ან კარგი, კარგი, კარგი ბიჭი ვარ და მორჩა. პატარა მოცარტს მასწავლებელმა მხილოდ ერთხელ უთხრა განსხვავებული ფრაზა, ბოლოს, მეცადინეობის დამთავრებისას: - ყმაწვილო, შენ დიდი მუსიკოსი ხარ და შენი სიდიდის გაძლება უკვე შეუძლებელია. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა სალიერმა ღვინოში საწამლავი ჩაყარა და მოცარტი მოკლა, დაიჯერა მასწავლებლის სიტყვები: სალიერი მართლა კარგი მსახიობი იყო, თვითონ კი ალბათ დიდი მუსიკოსი, რადგან სალიერმა თავიდან მოიცილა. Sehr - ძალიან (გერმ.)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი