ფინჯანი ყავაც საკმარისია (მოთხრობა)


გამარჯობა, მე ეკუნა ვარ. ათ დღეში 3 საათსა და 30 წუთში ხუთის გავხდები. დიახაც, სულყველაფერი ვიცი ჩემს შესახებ, დედამ მითხრა ოცი წუთიც რომ დაგეგვიანებინა 29 თებერვალს დაიბადებოდი და დაბადების დღე ოთხ წელიწადში ერთხელ გექნებოდაო, სად გადავრჩი? ამ სიტყვის ბოლოს კითხვის ნიშნის მერე მგონი კიდევ რომელიღაც სასვენ ნიშანს სვამენ, მაგრამ მე ჯერ პატარა ვარ და არ ვიცი. მარტო წერტილი, მძიმე, და კითხვის ნიშნები მასწავლეს. აი, დედაც მოვიდა. თუ კარგ ხასიათზეა ზღაპრებს საინტერესოდ მიყვება. წინა კვირას მამამ ყავაზე დაპატიჟა და ისეთ ხასიათზე დაბრუნდა 5 ზღაპარი მომიყვა თავიდან ბოლომდე. გუშინ ყვავილები აჩუქა მამამ. ჩაეხუტა ეს დედაჩემი და ხელები ისე მაგრად მოუჭირა კინაღამ მოგუდა კაცი, მერე მეც ამიყვანა ხელში დამაბზრიალა, ყვავილები ლარნაკში ჩაალაგა და 3 ზღაპარი მიამბო ზედიზედ, თან ისე გრძლად და ისეთი მაგარი მიმიკებით, რომ ბევრი ვიცინე. დღეს რას მომიყვება ნეტა?

 _ დე, ზღაპარები მომიყევი რა.

_ რაზე მოგიყვე?

_ ბევრი ზღაპარი მინდა.

_ კარიგი.

_ მიდი დე!

იყო სამი გოჭი, რომლებმაც იმდენი და იმხელა სახლები ააშენეს, რომ ბოლოს ფინანსური პოლიცია მიადგა და სამივეს ქონება ჩამოართვა. იყო წითელქუდა, რომელმაც ისე მოაბეზრა ყველას თავი თავისი წითელი ქუდით, რომ ბოლოს აიღეს და გადაუგდეს. იყო ერთი კომბლე, რომელმაც აღმოაჩინა, რომ ვისაც კბილებში ჩიჩია აქვს ჩარჩენილი მაინდამაინ მისი ცხვრები არ შეუჭამია. იყო ერთი მძინარე მზეთუნახავი, რომელსაც იმდენი ხანი ეძინა, რომ ბოლოს ძილში გაიპარა.

_ კარგი დედიკო, თუ გინდა დაისვენე, აღარ მინდა ზღაპრები. მამ, მიშველე, დედიკო დღეს ძალიან ცუდ ხასიათზეააა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი