დედუნა (მოთხრობა)


სარკმელთან მჯდარმა დედუნამ თავი ასწია. მთელი ხეობა ნესტისფრად ჩაბუნტებულიყო, წვიმაც მოდიოდა, – მოშავო, ალმაცერი. შემოღობილებთან ოსურაულთა რძალი გაშლილ ხელებს აქანავებდა და ცხვრებს მოერეკებოდა. ჭუჭყიანი ცხვრები თავაწეულნი მოგოგავდნენ, ხან ერთმანეთს უახლოვდებოდნენ, ხან იშლებოდნენ. გამოუვარდა გაწერიძეთა ქოფაკი, ცხვრები ჯერ ერთმანეთს ეცნენ, მერე აქეთ-იქით გაცვივდნენ. ოსურაულთა რძალი ქვას დასწვდა და ქოფაკს ესროლა. ქოფაკი ახტა, ქვა აიცდინა და რაღაც საყვედურისმაგვარი ყეფითა და თავის ქნევით დაიხია უკან. შეშფოთებული ცხვრები ისევ შექუჩდნენ. ოსურაულთა რძალი რაღაცებს იძახდა და ისე მოერეკებოდა უკვე ყორეებს შორის.

მერე მდინარის იქით, ნაზვავზე, კაცი გამოჩნდა, პატარა, თანაც – თითქოს ჩრდილი. სირბილით გამოიარა წვიმისგან ალაპლაპებული ბილიკი, სირბილითვე ჩამოჭრა ბალახიანი ფერდობი, ხიდზედაც გამოვიდა და ხიდის ყურში გაჩერდა. ის რომ იქ იდგა და სოფლისკენ იყურებოდა, რიყიდან დედუნას მამა ამოვიდა, ცხენს მოუძღოდა, იმ კაცს მიუახლოვდა, რაღაცა უთხრა, ცხენსგამობმული თოკი დაიმოკლა, კაცმაც რაღაცა უპასუხა, მერე ორივენი, მამაც და ის კაციც, წამოვიდნენ. ნელ-ნელა მოდიოდნენ, ცხენიც კისერდაგრძელებული მოჰყვებოდა. წვიმამ მოუხშირა და ნაბიჯი ააჩქარეს. შემოღობილებში რომ შევიდნენ, დედუნა მიხვდა, – ის პატარა კაცი ბიჭი იყო, დიდი ქურთუკის საყელო ყურებზე ჰქონდა წამოწეული, ხელები ჯიბეებში ჩაეწყო.

დედუნამ წიგნში წინდის ჩხირი ჩადო, დახურა, იქვე, სარკმლის რაფაზე დატოვა და პურის შკაფისკენ წამოვიდა. შკაფზე სარკე იდგა. ოთახში იმდენად დაბნელებულიყო, სარკეში რიგიანად არაფერი ჩანდა. აიღო, ფანჯარასთან მივიდა და იქ ჩაიხედა. თან სარკეში იყურებოდა, თან – გარეთ. მამა და ბიჭი სახლებს შემოეფარნენ. დედუნა ხან იკოხებოდა და ტუჩებს ბუსხავდა, ხან თვალებს აბრწყინებდა. სარკე შორსაც გასწია და ისეც ჩაიხედა. წინ ჩამოშლილი და წარბებთან ისევ ზემოთ აღუნული თმა გაისწორა, ხელისგულით დაიტკეპნა, სარკე შკაფზევე დადგა და ღუმელთან ჩაცუცქდა, მუგუზლები შეატოკა, შეშა შეუმატა. დაბლიდან მამამ დაუძახა. წამოდგა, გახუნებულ ნაქსოვ შარვალზე გადმოკეცილი კაბა ჩაიჭიმა და გარეთ გავიდა.

გარეთ წვიმა შრიალებდა. მამა და ბიჭი ეზოში შემო-სულიყვნენ. ბიჭი ისევ ქურთუკის ჯიბეებში ხელებჩაწყობილი იდგა. მორიდებით ამოსწია სველი თავი, წამით ამოანათა თვალები და მაშინვე დედუნას მამისკენ გაიხედა. დედუნას მამას ცხენი სადგომისკენ მიჰყავდა და თან იძახდა, – წალდი გადმომიგდე, გოგოო. წალდი იქვე, კედელზე, იყო მიყუდებული. დედუნამ აიღო, არ გადაუგდო, კიბე ჩაირბინა და ისე მიაწოდა. მამამ ბიჭს უთხრა, ადი მაღლა, შვილო, ნუღარა სველდებიო. დედუნამ და ბიჭმა ერთმანეთს შეხედეს. ბიჭი დედუნაზე პატარა იყო, ალბათ, სამი-ოთხი წლითაც, ათისა ან თერთმეტისა. დედუნამაც სთხოვა, – ამოდი მაღლა, ძმისავ, ძალიან წვიმსო. თვითონ დაიწყო კიბეზე ასვლა, მაგრამ ბიჭს ფეხი არ მოუცვლია. იდგა თავჩაღუნული და თითქოს რაღაც ხმებს უსმენდა. დედუნას მამამ ჩარდახიდან ფუჩეჩის კონა გამოიტანა, წალდით დაკეპა, ცხენს შეუტანა, სადგომის კარი გამოკეტა, ბიჭისკენ წამოვიდა, – რატომ მაღლა არ ახვედი, რატომ სველდებიო. ბიჭმა როგორღაც საბრალობლად გადასწია თავი და, – წავალ მეო, – ამოთქვა. მამას გაუკვირდა, – სად წახვალ, ბიჭოო! – წავალ მეო, ჩემ გზაზეო. მამამ მხარზე ხელი შემოსდო, გაახედა, – აიმ გორამდე ვერ მიხვალ, რომ დაგიღამდებაო. ბიჭს სიამაყე აეხატა სახეზე, – მე არაფრისა მეშინიაო. – შენ არაფრისა გეშინია, მაგრამ მგლებსაც რომ არ ეშინიათ შენიო?! ორივემ გაიღიმა. დედუნამ ღია კარი დაახვედრა. ბიჭს არ შეუხედავს, ისე ამოვიდა კიბეზე, ისე შევიდა შინ, იქაც ტალახშერჩენილ ფეხსაცმელზე იყურებოდა. დედუნამ მიუფერა: – არა უშავს, ძმისავ, არა უშავსო. ბიჭმა ქურთუკი გაიხადა, დედუნამ ჩამოართვა. დედუნას მამა იძახდა: – ღმერთმა სტუმარი გამოგვიგზავნა, შეგვიძლია გამასპინძლება, თუ არაო?! როგორ არ შეგვიძლია, როგორ არ შეგვიძლიაო! – ღიმილით დაფაცურდა დედუნა. მამა და ბიჭი ღუმელს მიუსხდნენ, მამა თან მუგუზლებს ატოკებდა, თან ბიჭს ელაპარაკებოდა. დედუნა შკაფიდან თეფშებს იღებდა, ხახვს ჭრიდა, ღუმელზე დადგმულ ტაფას ერბოს უსვამდა. ბიჭს ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაეწყო და დედუნას მამას ისე უპასუხებდა. პაპას და დიდედას გაუზრდიათ, ინტერნატის მეოთხე კლასში ყოფილა, ძალიან ცუდი სიზმრები უნახავს, ნამდვილად სახლის სახურავი ჩაენგრათო, რომ არ ავიდე, არ ავხედო, არ შეიძლებაო. ჩაღუნა თავი და იყო ასე. თმა ისევ სველი ჰქონდა, დიდი, თხელი ყურები გასწითლებოდა, ისეთი საბრალობელი იერი ჰქონდა, დედუნას ძვალ-რბილი დაეწვა, – რატომ არ მოვკვდებიო! – თან ბრაზობდა, – რა დამბლა შემეყარა, რატომ ჩქარა არ ვაკეთებ, რასაც ვაკეთებო. მამაც დაღონებული იჯდა. – ლამპა აანთე, ბნელაო. – დედუნამ ლამპაც აანთო. ერბო-ხაჭოც დაწითლდა. მწნილიც ამოიღო. – აბა, მობრძანდითო, – და მამა და ბიჭი მაგიდასთან მივიდნენ. ჭამდნენ, ისევ ნელ-ნელა ლაპარაკობდნენ, დედუნა კი უყურებდა და უყურებდა.

ბიჭს ხმელი, ღონიერი ხელები ჰქონდა, მაგრამ ჭამის დროს ოდნავ უკანკალებდა, ორჯერ ლუკმაც კი დაუვარდა და ძალიან შეწუხდა.

მამამ თქვა: – გათენდება, ამინდს შევხედავთ და ისე ვიქმთ, როგორც კარგი იქნებაო. – ბიჭმა აღარაფერი უპასუხა.

მოვიდა ოსურაული, ღრეჭით შემოაბოტა, დაჯდა, – არაყი მოგვიტანე, გოგოო! – იმან ბრძანა. – მოგვიტანეო, – გადმოჰღიმა მამამაც. ჩაუკირკიტდა ოსურაული ბიჭს, იმანაც გამოჰკითხა, რა და როგორ. იმანაც სინანულით იქნია თავი. დალიეს მამამ და ოსურაულმა არაყი, კიდევ დალიეს, ერთხელ კიდევ დალიეს, ოსურაულმა ჩონგური მოსთხოვა დედუნას. აფხაკუნა, აფხაკუნა, რაღაც იდუდუნა. ბიჭი იჯდა, აღარცა ჭამდა, აღარცა ლაპარაკობდა, ხან ოსურაულს შეხედავდა, ხან დედუნას მამას. ოდნავ გაეღიმებოდა ოსურაულის ამოძახილზე, – ჰაი, ბეჩავო, ოსურაულოო! და, როცა მეხუთედ თუ მეექვსედაც დალიეს არაყი, ოსურაული წამოდგა, დაემშვიდობა, გავიდა და წავიდა წვიმიან ღამეში. – გაუშალე ლოგინი ბიჭს, დაღლილია, დაისვენოსო, – თქვა დედუნას მამამ.

დედუნამ გაუშალა. თვითონ შკაფთან ჩაცუცქდა, შიგნით იყურებოდა, რაღაცებს ასწორებდა, აჩხაკუნებდა, როცა მობრუნდა, ბიჭი უკვე იწვა და კედლისკენ იყო გადაბრუნებული. მისი ტანსაცმელი სევდის მომგვრელად ეწყო სკამზე.

ცოტა ხანში დედუნას მამაც დაწვა. დედუნა კი ღუმელთან დაჯდა, ლამპა მეორე ტაბურეტზე დაიდგა, ჩაუწია და წიგნის კითხვა დაიწყო. უჩვეულოდ კარგად გრძნობდა თავს. ეჩვენებოდა, რომ ამ სახლის ჭერქვეშ მძინარეებს ის აწვდიდა სიმშვიდესა და სითბოს. და მათ ეძინათ, ეძინათ ტკბილად.

დედუნა ძალიან გვიან დაწვა.

რომ გაიღვიძა, შერცხვა. მამაც ამდგარიყო და ბიჭიც. მამა ამბობდა, – რა თოვლი მოსულა ეს ოხერიო, მაგრამაო, – მხარზე ხელი დაადო ბიჭს, – შენ ნუ შეგეშინდებაო, ჩემი ყარაჩა ღონიერიაო. ადექი, გოგო, ცოტა რამე გვაჭამე, მივდივართო.

დედუნა უკვე ამდგარიყო. სწრაფად დაიბანა პირი. ბიჭი ახალანთებულ ღუმელთან იდგა და მილზე ადებდა თითისწვერებს. მამა ცხენის მოსართავს აკერებდა ფანჯარასთან.

დედუნამ ხიწიწი გააცხელა. ისევ ამოიღო მწნილი, დააყენა ჩაიც. ბიჭი სულ იდგა და იდგა, არც ერთხელ არ გამოუხედავს დედუნასკენ.

მერე დასხდნენ, ჭამეს, ჩაიც დალიეს. მამამ დედუნას უთხრა, – მე ნაშუადღევამდე მოვბრუნდებიო. – გავიდნენ კარში. ბიჭმა მხოლოდ აქ მოხედა დედუნას, – გმადლობო, ნახვამდისო! – მაშინვე მიბრუნდა, რაღაცას წამოჰკრა ფეხი, წაიბორძიკა, გასწორდა და სირბილით ჩაჰყვა დედუნას მამას კიბეზე.

მიდამო გადათეთრებული იყო, კიდევაც თოვდა. შეჯდა დედუნას მამა ცხენზე, შემოუჯდა ბიჭი უკან. გავიდნენ ეზოდან და წავიდნენ. წავიდნენ თოვლში გაერთიანებულ ნისლში. დედუნა აივნის ბოძთან იდგა, სციოდა, მაგრამ შინ არ შედიოდა.

ეს იყო სულ.

დედუნას მამამ ბიჭი თავის პაპას და დიდედას აჰგვარა. იქ ვიღაცამ უთხრა, დარდი ნუღარ გექნება, ბიჭს ინტერნატში მე ჩავაბარებო. გაშალეს სუფრა და დედუნას მამა ნაშუადღევს კი არა, კარგა შეღამებულზე ძლივს ჩამოვიდა შინ.

წლებია გასული მას შემდეგ. დედუნა კიდევ უფრო გაიზარდა, ახლა უკვე ნამდვილი ქალია. არ იცის, სად არის ის ბიჭი, მაგრამ გულიგულში ისეთი ფიქრი აქვს, თითქოს მასაც ჰყავს ქვეყანაზე შვილი თუ ძმა, რომელიც, თუკი დედუნას გაუჭირდება, გაიწევს, გამგელდება, სულ ზედ შემოიფხრეწს სამოსს.

ღმერთო, ნუ მოუშლი ამ ფიქრს!

დედუნა კარგი ქალია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი