ეთერი (მოთხრობა)


ამ სოფლიდან ყველანი წავიდნენ, ზოგნი ქალაქში ზოგნიც აქვე ახლოს, ბარის სოფლებში. მართალია, ათიოდე სახლი ჯერ ისევ სახურავმთელი დგას ამ სოფლიდან, მხოლოდ სამი სახლიდან ამოდის ხოლმე დილა-საღამოს კვამლი, იმ სამი სახლიდანაც ორში წლებისაგან აჩრდილებად ქცეული დედაბრები ცხოვრობენ, გამოვლენ და მწუხარედ დაეხეტებიან დერეფნის კედელზე, ხან წარბებთან უდევთ აკანკალებული ხელი, ხან ყურის უკან; გამუდმებით ვიღაცას ელიამაურებიან ყოველ პატარა ჩქამს:
– ბიჭო, გოგო! ხომ არავინა ხართ მანდ?
დაბერებულან მათი ბაღის ხეებიც ? ნიავი აქანავებს ჭიანაჭამ ქერქებს, ბალახებში ყრია წითელი ვაშლები, დაჩამიჩებული შავი ჭანჭური. დამპალა, ჩაფეხვილა ღობის ლატნები, ძურწა და ნარი მოსდებია ბილიკებს. ეზოში დადის მარტოობით გადაყრუებული ძაღლი, სამი თუ ოთხი ქათამი, თითქოსდა დაკარგული ჩიტბატონები.
მხოლოდ მესამე სახლს ეტყობა კაცის ხელი. ჯერ ისევ ნედლი რცხილის წნელით არის შემოღობილი მაღალი საჩეხე, შიგ ცხვრები ბღავიან, მოთრეულია ხერხით მოჭრილი ორი ვეება წიფელი, ბებერი პანტის ძირზე მიკრულია ახალდაკლული თხის რქები, ბაღი გადაჩიჩქნილია ბარით, – ეს ? ესაა ოდნავ სველში ამოუღიათ კარტოფილი. სახლისკენ მიდის ფეხით გაზეკილი ბილიკი, დაბალი კიბის ძირში, საფხეკთან, დატოვებულია ფეხის ტალახი. დადიან ბატები, ინდაურები. კედლებზე გაკრულია პლაკატები: ,,დავიცვათ ტყე ხანძრისაგან?; ,, მივცეთ სამშობლოს მეტი და მეტი ხორცი??; ,, ვთესოთ სიმინდი კვადრატულ ? სახლში ცხოვრობენ: მამა, დედა და ათი წლის გოგო ეთერი.
მამა ტყისმცველია, დედა დაბლა, მეძროხეობის ფერმაში მუშაობს, ეთერი მეოთხე კლასში სწავლობს. როგორც ყველა ქართველი გოგო, ისიც მორცხვია და უფროსებთან ყოველთვის თავდახრილი დგას. ამ დროს მისი ცისფერი თვალები ხან ერთ მხარეს ეძებენ გასაქცევს, ხან მეორე მხარეს. კარგად დამრგვალებული ლოყები წითლად აქვს შეშაშრული, კიდევ უფრო წითელ ხელებს ზურგს უკან მალავს.
ეთერი რომ ადგება, დედა უკვე ფერმაშია წასული. შიშველი ფეხებით აითრევს რეზინის ჩექმებს, გაივლ-გამოვლის, დახედავს ინდაურებს და ბატებს, ჩაიჭვრიტება საჩეხეშიც ? ბატკანი ხომ არ მოიგო რომელიმე ცხვარმა. დერეფნის ბოძზე დაკიდებულ პირსაბანზე დაიბანს ხელ-პირს შეიმაშრალებს, ჩაიცვამს, გამოეწყობა სასკოლედ, ჩაიყრის ცხელ რძეში პურს, თან ჭამს, თან ქვაბზე მიყუდებულ წიგნში იყურება. მორჩება ჭამას, ჩანთაში ჩააწყობს წიგნებს, პურის ნატეხს, ვაშლებს, ჩაიცვამს წითელ მოკლე პალტოსაც, მოიხვევს მოსახვევს, აიკიდებს ჩანთას და წავა სკოლაში.
სკოლაც დაბლაა, მეორე სოფელში. გაკვეთილები ათ საათზე ეწყებათ! სანამ იქ ჩავა, ტყეა, თავ-თავქვე ჩამავალი, შეწითლებული, ფოთლებშეჩერებული. მიდის, დილის ცინცხალ ჰაერში თითქოს ცხვირით მიიკვლევს გზას, მიაბუქებს ჩამოხვავებულ ათასი ფერის ფოთლებს წასწვდება წითლად აღუდუდებულ კუნელს, პაწაწა ხმაურზედაც კი კრთება, და დიდებული თვალებით იყურება აქეთ იქით. ხანდახან მირბის კიდეც, მიიფეხვება, მიაფახფახებს ჩანთას. ვინც კი შეხვდება, ყველა გაღიმებული ეგებება ? მიდიხარ ეთრ ქალო, სკოლაშიო? ეთერი მხოლო თავს უქნევს და უფრო ბეჯითად მიადგამს ნაბიჯებს.
სოფელში ჩასულს ზოგჯერ თუ დაემგზავრება რომელიმე მოსწავლე, უმეტესად მარტო მიდის. ჩავა ხევში. იქ, დიდ ლოდებს შორის, მოჩქრიალებს ლურჯი მთის წყალი, იმ წყალს ორჯელ ამოჰკარავს ხელს, შესვამს ცოტას და მერე ცისკენ მიპყრობილი თვალებით დაიწყებს აღმართზე ასვლას.
აღმართი არც კი აქვს ათავებული, გამოჩნდება სკოლა ? დაბალი ქართულ კრამიტიანი, გრძელი, შეთეთრებული შენობა. სოფლური დერეფნის ბოძზე ჰკიდია თითბრის მოზრდილი ზარი, ზედ აწერია; “წმინდაო გიორგი შემწე მეყავ მე უღირსსა წინაშე ღმირთისა”. ეზოში დგას ლამაზად ასული ცაცხვი, იქვე კიდე-მუხის ბოძებში გაყრილი სავარჯიშო ღერძი, ცაცხვის ქვეშ-გრძელი ფიცრის სკამი.
ეთერი გულმოდგინედ იწმენდს ფეხებს საფხეკად დაგდებულ დიდ გუთნის სახნისზე.
მერე დერეფანში შედის. დერეფნის კედელზე ჩამწკრივებულია თეთრ მატერიაზე ყავისფერი საღებავებით ნახატები, გადახურებული, გადაცრეცილი სურათები _ აკაკი წერეთელი ( საფეთქელთან მიტანილი ლამაზი ხელით), ვაჟა ფშაველა, Dდანიელ ჭონქაძე, ეგნატე ნინოშვილი, შიო არაგვის პირელი და ეკატერინე გაბაშვილი.
ეთერი მორიდებით გაივლის იმ სურათების ქვეშ და დაინტერესებული შეაღებს კლასის კარს. შიგნით ჯერ არავინ არის, დგას მხოლოდ ხუთი ცარიელი მერხი (ჯგუფში ცხრანი იყვნენ), ერთიც თუნუქის დაჟანგული ღუმელი.
ეთერი რომ ჩანთას მოიხსნის, მაშინ შემოაღებს დიდთავა, დაფეთებული ბიჭი.
-ტოყე!- სალამივით შეაგებებს ეთერი.
ბიჭი არაფერს ამბობს იღიმება.
-კლასის კედელზე დაბეჭდილი სურათი ჰკიდია. ხეა აყვავებული, ხის იქით ტრაქტორი ხნავს, ნახნავს გუნდად დასტრიალებენ ფრინველები.
ქვეშ მიწერილი აქვს “გაზაფხული”.
სკოლის იქით მოჩანს ძველი, დანგრეული ეკლესია.ნანგრევის წვერში აფუყული, დარდიანი მტრედი ზის.
ეთერი წიგნს გადაშლის და ტუჩების ცმაცუნით ამოიკითხავს:
“ჩინეთში როგორც იცით, ჩინელები ცხოვრობენ, იმპერატორიც ჩინელი ჰყავთ”
ტუჩები ღია რჩება, სახეზე სიამოვნების შუქი ეფინება.
მამამისი ზემოთ, დიდ ტყეებში დააბოტებს და ხეებს ყარაულობს
-უნებართვოდ არავინ მოჭრას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი