ფშაველები (მოთხრობა)
ეს მთლად ერთი ციცქნა ამბავია, თანაც დიდი ხნის წინათ მომხდარი, – მაშინ ჯერ ისევ ალერსით მიცინოდა მზე, – მაგრამ დღესაც მხიარული ზარივით წკარუნობს ჩემში და მინდა კიდევ დიდხანს იხმაუროს, თვით მაშინაც კი, მე რომ აღარ ვიქნები ქვეყანაზე. ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის აქეთ, პატარა სავაჭრო ფარდულში, – სადაც ერთმანეთზეა მიჭუჭუკული დახლიდარი, წიგნები, რკინეული, ფეხსაცმელი, მოწყენილობა, პური, – ფქვილით სავსე ტომარას ჩასჭიდებოდა მკლავმაგარი ახალგაზრდა ფშაველი ქალი და კარის ზღურბლზე მდგარს, ალერსიანი დაცინვით მიყურებდა, როდის მივხვდებოდი და გავატარებდი. მგონია, მალე მივხვდი. – აბაი, მოგიკვდა ჩემი თავი, – მოვუქციე ვითომდა ფშავურად, გადავხტი, ტომარას ბოლოებში ჩავეჭიდე, ავუწიე. ქალს ჯერ დაბნეულობა გამოეხატა სახეზე, – არაო, ნუ შესწუხდებითო. მე გავუღიმე, – რა შეწუხებაა-მეთქი. მაშინ იმასაც გაეღიმა ოდნავ ცერად აჭრილი ტუჩებით, ლამაზი კბილებით, ავწიეთ ის ტომარა, გავიტანეთ გარეთ, – დადგით ძირს, დიდი მადლობაო, – მაგრამ ვიგრძენი ტომარის იქ დატოვება არ ჰქონდა განზრახული, კედლის ჩრდილში სველი იყო მიწა, – წავიღოთ-მეთქი, – წავიღეთ. ის უკან-უკან მიდიოდა, თვალებს მარიდებდა, მე მეშინოდა, ტომრის ბოლოები არ გამშვებოდა, მივიტანეთ ოციოდე ნაბიჯზე მდგარ ბებერ წნორთან და იქ მივდგით. ქალიც შვებით აიმართა და მეც. ქალიც ღრმად სუნთქავდა, მეც. ქალმა კიდევ უფრო ლამაზად გამიღიმა და საფეთქლებთან თმის შესწორებით მითხრა: – მადლობელი, ძმისავ! ღმერთიმც შეგეწევის სუყოველგან! მე მთვრალივით ვიყავი, – პირველად ვნახე ვაჟას სამყარო, მისი სახლი – ხატის ნიშივით პატარა, ნაღვლიანი, – მისი ნატერფალი ბილიკები, მისი ჩონგური, მისი თოფი, – თანაც ქარვისფრად გაბრწყინებულ ოქტომბრის დღეს, დიდ ტკბილ სიმშვიდეში, – და ამ სიტყვებმა, ამ – „ძმისავ!“ – ხომ მუხლები მომოკვეთა. დაბორიალებული, თვალისსამანწაშლილი, წნორის ფესვზე დავჯექი, დაბლიდან ვუყურებდი და ასე, დაბლიდან ვუთხარი ღიმილიანმა, ალერსიანმა, სევდიანმა: ქმარი სადა გყავს, ბეჩავი, მარტოს რად გიშვებს შარასა. ქალი ერთი კი გაკვირვებით შეიმართა, მერე წამსვე მოეშვა და მაშინვე სიცილით მომანათა: ქვემოთ, ჭინჭრებში დამირჩა. არავინ მაიპარავსა. მე, ასეთი პასუხით ატაცებული, მთლად გავთამამდი: რათ გინდა ეგეთი კაცი, მე გამამყევი ხარასა. ქალმა უკანდახედულის გამბედაობით შემომაგება: შენ უთხარ აეგ სათქმელი, ჩემს არ იჯერებს არასა. მინდოდა კიდევ რამე მეთქვა ასევე, ლექსად, ვეღარ მოვახერხე, სიცილი ამიტყდა, იცინოდა გამარჯვებულის სიცილით ქალიც, ჩავყავი იდაყვებში შერცხვენილმა თავი, მინდოდა დავმხობილიყავი მიწაზედ, ალბათ, დავემხობოდი კიდეც, – უკვე ურძნობლად ვიყავი მთვრალი, – მაგრამ აღარ დამცალდა. მოვიდა ის „ჭინჭარში დარჩენილი“, – წვერგაუპარსავ ჩამოგაზულ ჯბაზე სისხლშემხმარი, ცხენის აქეთ-იქით ფეხებჩამოგრძელებული, ჩემზე უაარესად „ბოლომოღებული“, ცხენზე ძლივს შეკავებული. ცხენიდან არ ჩამოსულა, – ამომაწოდეთო! – თავის აქნევით მიგვანიშნა ტომარაზე, ჩავეჭიდეთ მეცა და ქალიც ტომარას, ავწიეთ, ისიც ჩამოგვწვდა, დაიდო წინ, გაისწორა, ცხენი შემოაბრუნა და ხმისამოუღებლად წავიდა და წაშავდა წითლად და ყვითლად აჭრელებული მთების შესაყარში. ქალიც, – ერთიღა გამომიღიმა და, – ჩქარი ნაბიჯით, თითქმის სირბილით გაჰყვა მის გზას. დახლიდარმა ფარდული დაკეტა, გასაღები გამოაძრო და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მოწყენილი გაჩერდა შემაღლებულზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი