ეგო


ღამეა... ქვეყნიერება ტკბილ ძილს მისცემია. გარედან  ასე ჩანს, ისე კი, ღმერთმა უწყის, რამდენად ტკბილია...  კოსმოსიდან რომ გადმოხედო , ნისლისფერ ნაბადში ჩაფუთნულს, გეგონება დედამიწას დიდი თეთრი დათვი შემოხვევია და კარგა ხანს გაღვიძებას არ აპირებსო... 
კარგია ძილი- რეალობიდან აბსტრაქტულ განზომილებაში გადამყვანი ბუნებრივი საშუალება...
ადამიანო, გძინავს? დაკარგე თავი, გადაეშვი იმ საოცნებო სამყაროში , გაარღვიე ღრუბელთ გალავანი და გასცდი... ადი სულ ზემოთ... სიბნელის არ შეგეშინდეს , გასცდი კოსმოსს და ადი კიდევ უფრო ზემოთ. მაინც გეშინია? არ იფიქრო შიშზე, შენ გაბედე, შენ დაიწყე, ესაა მთავარი გესმის? შუა გზაზე ვერ მიატოვებ, არ გაქვს ამის  უფლება! ადამიანო, იცი შენ ვინ ხარ? შენ ღვთის შვილი ხარ! ხო , ხო , იმისი შვილი, ვისკენაც ასე მიილტვი და ბოლო საფეხურამდე მისულს, მაინც რაღაც რომ გაკავებს. 
ადამიანო, შემოიარე მიღმიერი სამყარო, ნახე არნახული, შეეხე არარსებულს, შეიცანი შეუცნობელი, იგრძენი შეუგრძნობელი , მიწვდი მიუწვდომელს , დაიპყარი დაუპყრობელი და იპოვე უპოვნელი- საკუთარი თავი ! 
რა თქვი? ჰა,ჰა,ჰა! რა სასაცილო ხარ! საბრალო ხარ! ავსებ შენს ტიკივით მუცელს, გიწოდებენ პირობით სახელსა და გვარს, თითქოს საქმიანობ კიდეც, მაგრამ... მაგრამ იცი კი , რა გინდა? იცი როდის ხარ ბედნიერი? შეგიძლია სიყვარულით მეცხრე ცაზე ასვლა? იცი რას ნიშნავს სიცოცხლე? ასეც ვიცოდი. შენ არ გცოდნია, ვინ ყოფილხარ... რა მკითხე? ნუთუ აქამდე ამასაც ვერ მიხვდი ? მე არ მახსოვხარ შენ ასეთი სუსტი, ადამიანო! ეს მე ვარ - შენი საკუთარი „მე“ , რომელიც ვერა და ვერ მოიყვანე შენამდე . 
გამირბიხარ  არა? მიდი, გაახილე თვალი და დაუბრუნდი შენს მელანქოლიურ ცხოვრებას, ერთ ჩარჩოსა და ერთ ფერში , ერთ სპექტაკლში მოქცეულს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი