ქაოსი


წვიმს... ქარი ისე აშრიალებს ფოთლებს, თითქოს, ხეს მათ თავს ეცილებაო, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ იმეტებს ცოდვებით დამძიმებულ ჰაერში უგზოუკვლოდ მიმოფანტვისთვის. ქალაქს ნისლი დასწოლია თავზე, თითქოს, ცასა და დედამიწას შორის ზღვარი გაავლესო და ადამიანს საკმაო ძალისხმევა სჭირდება ცამდე ხმის მისაწვდენად. ვეღარც ქათქათა ღრუბლებს ხედავს, ვეღარც ცის სილაჟვარდით ტკბება, თითქოს, ჩიტებიც კი სადღაც გამქრალან , მხოლოდ ყვავის ხმას თუ მოჰკრავს კაცი ყურს , რომელიც ისედაც ნაცრისფერ ქალაქს კიდევ უფრო მელანქოლიურს ხდის. ხალხის მასა ირევა. ზოგს სამსახურში ეჩქარება , ზოგიც სახლის მძიმე აურისგან განმუხტვას ცდილობს , მაგრამ ქუჩაში გამოსულს უფრო მეტად  ეძალება აგრესია , სოციუმისკენ მიმართული. სიცივისგან ხალხს ლოყები უწითლდება , ზოგი ხელებს იფშვნეტს გასათბობად, ზოგი ჩქარა მოძრაობს, ზოგიც ხალხით გავსებულ ავტობუსში ცდილობს ასვლას, უშედეგო მცდელობის შემდეგ კი გაცხარებული კვლავ ქართან შებრძოლებას ცდილობს. გაბმული სიგნალები, მძღოლთა ყვირილი...
  ქაოსი , ქაოსი და ისევ ქაოსი...
 ქალაქს იერსახე დაეკარგა, ხალხს-სიმშვიდე. უამრავი შეწუხებული სახე , გაბოროტებული მზერა, შურით სავსე თვალები , ხანდახან ბრბოში გულწრფელი თვალებიც გამოერევა ხოლმე, რომლებიც სწორედ ამ გულწრფელობის გამო არიან შეშინებულნი , უნდობლობით შეპყრობილნი...
ქაოსი, ქაოსი და ისევ ქაოსი...
საღამოობით , ერთ პატარა, მიყრუებულ ადგილას  უჩვეულო ხმასაც გაიგონებთ, ეს არის როიალის ხმა , გამალებით რომ უკრავს , ისე თითქოს, ჟრუანტელის ცეცხლში გაგატარებს , გულში ნაპერწკალს ჩაგიგდებს და ნელ-ნელა ისე ფაქიზად  გაგიღვივებს, რომ წვით ენითაღუწერელ სიამოვნებას განგაცდევინებს , ალბათ, ამიტომაც არის ამ ადგილას ფერადი ბუნება, ალბათ, ამიტომაც ქრის აქ თბილი სიო და , ალბათ, ამიტომაც აკრავს ამ ადგილს ნისლის მაგიერ ზღვისფერი ცა, კაშკაშა მზითა და ქათქათა ღრუბლებით შემკული და სწორედ ამიტომაც არის ეს ადგილი ყველასგან მივიწყებული ...  როიალის დამათრობელი ხმა , ბუნებასთან შერწყმის ჰარმონია - ეს ყველაფერი ბრბოსთვის ხომ ასეთი უცხოა, ყვავილების სურნელით გაჟღენთილი ჰაერი მას ხომ არასდროს უსუნთქავს , თბილი სიოს მაცოცხლებელი ძალა მას ხომ არასდროს უგრძვნია , მუსიკის მომაჯადოვებელი ხმით ის ხომ არასდროს დამტკბარა ...
დღემ მოისხა შავი რიდე, ნაცრისფერი ქალაქი კიდევ უფრო ნაცრისფერდება. ყრუ გაბმული სიგნალების გარდა ხალხს არაფერი ესმის, საკუთარი გულის ცემაც კი, თუ , რა თქმა უნდა, საერთოდ შემორჩენილი აქვს გული.  როიალი კი უკრავს , გამალებით უკრავს, მაგრამ მაინც  ქაოსი, ქაოსი და ისევ ქაოსი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი