გარდატეხა


დაბადებულა სადღაც,  მთის წვერზე, ცის კამარასთან ძალიან ახლოს ,
ბავშვი პატარა, სათუთი, ნორჩი, მისი ცქერა რომ ნადირსაც ათბობს.
დაბადებულა მახარობელად, ცით მოვლენილი პატარა ღმერთი,
მისთვის ჯერ არც კი მოუსაზრია ამ წუთისოფელს სასტიკი ხვედრი.
დაბადებულა და იქ აღზრდილა, სადაც სიკეთე ქმნის ადამიანს,
სადაც ცოდვები, ხალხისგან ქმნილი, ღვთისკენ განკუთვნილ გზას ვერ გადიან.

გასულა დრო, ბავშვი გაზრდილა, მიმოუხედავს ცხოვრების გზაზე, 
და დაუნახავს ადგილი ბნელი, მისკენ წასულა პირდაპირ კვალზე.
დაუდგამს მძიმედ ამ ადგილს ფეხი,მიმორეულა ათასგვარ ხალხში,
ვეღარ დაიცვა თურმე საბრალომ თავი ათასგვარ ბოროტულ ხმაში.

განუდევნია თვით ღმერთი მისგან, 
ჩაუბუდია ბოღმას მის სულში,
ვეღარ გაუძლო მორევში ყოფნას, 
ცოდვას გაედგა ფესვი მის გულში.

ბავშვმა დაკარგა თავისი სახე,
უმანკოებით რომ იყო სავსე,
იგი დაეშვა ცის კამარიდან 
და ძირს განერთხო ეკლიან გზაზე.

გადაუწურავს ბოლოს იმედი,
უთქვამს, სიკვდილის ღირსიღა ვარო,
მდინარის პირას მისულს, უბედურს,
შეუძახნია : „ვაჰ,ჩემო თავო“

ის იყო თავის უნდოდა მოკვლა,
როცა გამოჩნდა კაცი ხნიერი, 
ხელი მოჰკიდა და თბილად უთხრა:
„იყავი შვილო , უფრო ძლიერი“.
შეძრწუნებია ამის გამგონეს, 
მოშორებია მდინარის ნაპირს,
ვერ დაუნახავს ვერავინ იქვე
და მისცემოდა ის უკვე სხვა ფიქრს.

დიდი ხნის შემდგომ მოხუცი ვინმე, 
წელგამართული იმ ადგილს იდგა
და იხსენებდა ამაყად, მტკიცედ,
ოდესღაც ღმერთმა ის როგორ იხსნა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი