მიყვარხარ ძლიერ...


მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ...
რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო მეტად მიყვარს
შენი პატარა ტანი.
შენი შავი თმის ბუჩქი
ეგ თეთრი შუბლის სერი
თვალები გიშრისფერი
ლოყები ვარდისფერი,
შენი თითები მიყვარს
ორი პატარა თათი
ო, იცი როგორ მიყვარს,
ოდნავ შეხებაც მათი.
ო, იცი როგორ მიყვარს
გამოუთქმელი ენით?
შენი გრძნობების სიღრმე,
სულის სიმაღლე შენი.
მე დარდიც მიყვარს შენი
შენი ღიმილიც ფართო
მე ცრემლი მიყვარს შენი
შენი კისკისიც მართობს.
მე შუქი მიყვარს შენი
რა არის მისი ფასი!
მე ჩრდილიც მიყვარს შენი
მზის დაბნელების მსგავსი...
მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ
მწვავს შენი ტრფობის ალი
მიყვარხარ... ძლიერ... ძლიერ
მთელი გრძნობით და ძალით.
მთელი სამყარო ვრცელი
შენით არსებობს ჩემთვის
რაზეც კი ვფიქრობ, ყველა
ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის.
ღამით ჩემთან ხარ სიზმრად,
ფიქრში ჩემთან ხარ დღისით
გულის ძგერის ხმა მესმის
შენი ხმა არის ისიც.
შენთვის მივწვდები მწვერვალს,
დიდების ყველა მნათობს,
დიდებას დავთმობ შენთვის,
შენთვის მწვერვალებს დავთმობ.
შენი ოცნებით ვხარობ
შენს დარდს ვატარებ დარდად
მე სხვა სურვილი არ მაქვს
შენი სურვილის გარდა.
მსხვერპლი ყველაზე დიდი
მე მეჩვენება მცირედ
რადგან შენ გსურდა იგი
რადგან შენ შემოგწირე.
შენს მცირეოდენ წყენას,
სულ უმნიშვნელო წვრილმანს
სდევს ჩემი სევდა დიდი
ჩემი ცრემლების წვიმა.
მიყვარხარ... ძლიერ... ძლიერ
მიყვარხარ ცხადად, მალვით
როგორც არასდროს არვინ
არ ყვარებია არვის.
ეს სიკვდილს უდრის თითქმის,
ეს შეუძლოა თითქმის
შენ ერთს გეკუთვნის ყველა
რაც სიყვარულად ითქმის:
ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი,
მამაც, დაო და დედავ,
მე შეყვარებულს ყველას
შენს სახებაში ვხედავ.
სატრფოვ, შვილო და დედავ
ჩემო ძვირფასო ცოლო,
ყველას მაგივრად ერთად
მე შენ მიყვარხარ მხოლოდ.
რა მაბადია ქვეყნად
ამ სიყვარულზე კარგი.
მიყვარხარ ძლიერ ძლიერ
ვარ შენი ტრფობით შმაგი.
თუ ტრფობისათვის რამე
ჯილდო იქნება ბოლოს,
ის შენ გეკუთვნის მარტო
ის შენ გეკუთვნის მხოლოდ.
ნაყოფი მისი არის,
ვინც ნორჩი ნერგი დარგო
ეს სიყვარული დიდი
შენ შემასწავლე კარგო.!

(მთარგმნელი გრიგოლ აბაშიძე)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

6 კომენტარი

ლიტერატურისმცოდნეობა მკვეთრად მიჯნავს ღრმა ლირიკას კიჩისგან (ხელოვნება, რომელიც იაფფასიან, ადვილად მისაღწევ სენტიმენტალობაზეა აგებული).
შაბლონები: „შავი თმის ბუჩქი“, „ვარდისფერი ლოყები“, „შენი ცრემლიც მიყვარს და სიცილიც“, „შენთვის მწვერვალებს დავთმობ“.
ეს არის პოეტური კლიშეების კრებული. ლექსში არ არის არც ერთი ორიგინალური მეტაფორა ან ახლებური მხატვრული ხედვა.
თანამედროვე ფსიქოლოგიური და ლიტერატურული გადასახედიდან, ეს სიყვარული „რომანტიკულს“ სცილდება და კოდეპენდენტურ (ზედმეტად დამოკიდებულ) ან უბრალოდ უხერხულ ფორმებს იღებს:
„ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი, / მამაც, დაო და დედავ...“ — ჩანაფიქრით ეს „ყოველლისმომცველი სიყვარულის“ გამოხატვაა, მაგრამ პრაქტიკულად, როცა სატრფოს ერთდროულად დედას, დასა და შვილს უწოდებ, ოდნავ ინცესტური და ფსიქოლოგიურად უცნაური ელფერი დაჰკრავს.
ლექსი ეყრდნობა ძალიან მარტივ, პროგნოზირებად რითმებსა და მუდმივ გამეორებებს („მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ...“).
ეს ლექსი პოეზიის სამყაროში „პოპ-ჰიტია“. მას არ სჭირდება ღრმა ანალიზი ან დაფიქრება. ის პირდაპირ ეხება ადამიანის მარტივ, საბაზისო ემოციებს (თაყვანისცემა, იდეალიზაცია, თავდადება).

მაშინ ტანო ტატანო რატომაა ჩვენთვის ლეგენდა ისიც ხომ არ არის პირველად დაწერილი სიტყვები ლექსში ემოციას გრძნოობ? აღგაფრთოვანებს? მაშინ ვერ ვხვდები რას მიედმოედები დატკბი არაა საჭირო რაც ლიტერატურად ითქმის ის აკრიტიკო უაზროდ შენ კითხვა თუ არ გსიამოვნებს ან პირადი წყენა გაქვს არაფერ შუაშია ლექსში თუ რაიმე ახალი არ იქნება აღწერილი შენ პოეზიას ვერ გრძნობ მისი აზრი არა ახლის შექმნა არამედ ტკბობაა

ლუკა მესმის რომ ამ ლესის მიმართ ემოციური ხართ.რას მივედ მოვედები შეგიძლიათ წაკითხოთ ცივი ლოგიკით და მიხვდებით.ტკბობა კი სუბიექტურია ერთისთვის რაც ტკბობაა მეორესთვის ბანალურობა. ხოლო რომელია სწორი პერსპექტივა,მაგისთვის არსებობს ზოგადი ლიტერატორული შეფასების ინსტრუმენტები . ასე რომ დამშვიდდით ამ ლექსის კითხვას არავინ გიკრძალავთ უბრალოდ ფაქტი ფაქტად დარჩება ეს ლექსი არის ლიტერატორულად სუსტი.

GiorgiOverthinker2 კვირის წინ

კონსტანტინე, პრობლემა ის კი არ არის, რომ ლექსი არ მოგწონთ, არამედ ის, რომ საკუთარ ინტერპრეტაციას ობიექტურ ფაქტად წარმოაჩენთ. ლიტერატურული შეფასების კრიტერიუმები ნამდვილად არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნაწარმოების მხატვრული ღირებულება მათემატიკური სიზუსტით განისაზღვრება.

პეტეფი რომანტიკოსია და რომანტიზმისთვის ემოციური ინტენსივობა, იდეალიზაცია და გადაჭარბება სრულიად ბუნებრივია. ჩემთვის ამ ლექსის ერთ-ერთი მთავარი ღირსება სწორედ მისი სიმარტივეა. ადამიანს არ სჭირდება ლიტერატურის ღრმა ცოდნა, რომ ტექსტმა მასში ძლიერი, პირადი განცდები გააღვიძოს. რთული გრძნობების მარტივი სიტყვებით გადმოცემა ნაკლი კი არა, ხშირად განსაკუთრებული მხატვრული მიღწევაა.

როცა პოეტი ამბობს: „მე შუქი მიყვარს შენი... მე ჩრდილიც მიყვარს შენი, მზის დაბნელების მსგავსი“, აქ მხოლოდ იდეალიზაციას ხედავთ? ჩემთვის ეს სწორედ სიყვარულის სიღრმეზე მეტყველებს. მას ადამიანი მხოლოდ თავისი ნათელი, ლამაზი მხარეებით კი არ უყვარს, არამედ სევდით, ნაკლოვანებებითა და სირთულეებითაც. ეს არ არის ბრმა აღტაცება, ეს ადამიანის მთლიანობაში მიღების სურვილია.

განსაკუთრებით უცნაურია „ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი, მამაც, დაო და დედავ“ მონაკვეთის ინცესტურ კონტექსტში განხილვა. აქ სიყვარულის მრავალგანზომილებიანობაზეა საუბარი. იმაზე, რომ საყვარელი ადამიანი შეიძლება ერთდროულად იყოს შენი ოჯახი, მეგობარი, საყრდენი და ის, ვინც ცხოვრებაში გაჩენილ სიცარიელეებს გივსებს. ამ მეტაფორის სიტყვასიტყვით წაკითხვა სწორედ იმ სიღრმეს უგულებელყოფს, რომლის არარსებობასაც თავად საყვედურობთ ლექსს.

შეიძლება ლექსში კლიშეებიც იყოს, გამეორებებიც და გადაჭარბებებიც, მაგრამ ეს მის ემოციურ თუ მხატვრულ ღირებულებას ავტომატურად არ აუქმებს. მით უმეტეს, როდესაც თავად ამტკიცებთ, რომ ლექსს ღრმა ანალიზი არ სჭირდება. სიმარტივე ზედაპირულობას არ ნიშნავს, ისევე როგორც სირთულე არ არის სიღრმის გარანტია.

ის, რომ ავტორი რომანტიკოსია (მიუხედავად იმისა, რომ ეს შანდორ პეტეფის ლექსის ქართული თარგმანია), არ ათავისუფლებს ტექსტს მხატვრული უნიკალურობის მოთხოვნისგან. რომანტიზმი გულისხმობს ვნებას და ჰიპერბოლას, მაგრამ დიდ რომანტიზმს ყოველთვის ახლავს ბრწყინვალე მეტაფორები და ორიგინალური სახეები. როდესაც ემოციური ინტენსივობა მხოლოდ ტრივიალურ კლიშეებს (“შავი თმის ბუჩქი”, “ვარდისფერი ლოყები”) ეყრდნობა, ეს ძლიერ გრძნობას კი არ ქმნის, არამედ მის იაფფასიან იმიტაციას ამსგავსებს.იშლება ზღვარი და ჩნდება კითხვა: რით სჯობს ეს ლექსი ნებისმიერი დამწყების ლექსს?თუ ყველაფერი ემოციაა და აღტკინება, მაშინ ნებისმიერი გამოყოფს თავს და იტყვის: იცით რაა, მე ასე ვგრძნობ... მიდით და შეედავეთ...
სიმარტივე თუ ბანალურობა? მართალია, რომ რთული გრძნობების მარტივი სიტყვებით გადმოცემა ხელოვნებაა, მაგრამ არსებობს ზღვარი სიმარტივესა და პრიმიტიული კლიშეების ტირაჟირებას შორის. როდესაც ტექსტში ათჯერ მეორდება „მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ...“, ეს არა ღრმა სიმარტივე, არამედ ლიტერატურული ფანტაზიის შიმშილი.
„შუქი და ჩრდილი“ – რეალური სიღრმე თუ პოეტური შაბლონი? მცდელობა, რომ „მზის დაბნელების მსგავსი ჩრდილი“ ადამიანის მთლიანობაში მიღებად და რთული მხარეების სიყვარულად შეფასდეს, გადამეტებული თეორიული გადაკეთებაა ტექსტისა, რომელიც სინამდვილეში უბრალოდ პოეტური რიტორიკული ფიგურაა. რომანტიზმში ასეთი „მბზინავი“ შედარებები ხშირად უფრო ეფექტზეა გათვლილი, ვიდრე რეალურ ფსიქოლოგიურ ანატომიაზე.
ის, რომ „ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი, მამაც, დაო და დედავ“ მხოლოდ მრავალგანზომილებად ითარგმნება, სინამდვილეში სცილდება ჯანსაღი ზრდასრული პარტნიორობის ფარგლებს. ფსიქოლოგიური რეალობა ისაა, რომ როდესაც სატრფოში მამას, დედას და შვილს ეძებ, ეს მიანიშნებს არა მრავალფეროვებაზე, არამედ ტოტალურ, სიმბიოტურ დამოკიდებულებაზე, სადაც ინდივიდი საკუთარ იდენტობას სხვაში კარგავს.
იმის თქმა, რომ ეს ლექსი „ღრმაა“, მხოლოდ იმიტომ, რომ ის გრძნობებზე ლაპარაკობს, ნიშნავს ფორმისა და შინაარსის აღრევას. სიყვარულზე შეიძლება დაიწეროს როგორც ძლიერი, ისე ძალიან სუსტი, ბანალური ტექსტი.
თუმცა ერთ რამეს ვაღიარებ რომ ამ ლექსმა შეძლო ბევრი ადამიანის გულის მოგება. თუმცა სიმრავლე ხშირად მხატვრული ღირებულების საპირწონე არაა...

GiorgiOverthinker1 კვირის წინ

პირველ რიგში, მადლობა პასუხისთვის და თქვენი პერსპექტივის ასე დეტალურად გაზიარებისთვის. რამდენიმე საკითხში ნამდვილად გეთანხმებით. არც პოპულარობა განსაზღვრავს ავტომატურად მხატვრულ ღირებულებას და არც ძლიერი ემოცია ნიშნავს ყოველთვის ღრმა ხელოვნებას. თუმცა ვფიქრობ, რომ ნაწარმოების ემოციური გავლენა და მისი გამოხატვის შესაძლებლობებიც მხატვრული ღირებულების მნიშვნელოვანი ნაწილია.

პოეზიით დაინტერესებული ვარ, თუმცა ხელოვნებასთან ჩემი ურთიერთობა უფრო მეტად მუსიკას უკავშირდება. ვუკრავ და თავადაც ვქმნი მუსიკას. ალბათ ამიტომაც აღვიქვამ ლექსს არა მხოლოდ როგორც ფურცელზე დაწერილ ტექსტს, არამედ როგორც ნაწარმოებს, რომელიც ხმამაღლა კითხვისას ახალ განზომილებას იძენს.

მაგალითად, „მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ...“ ჩემთვის სულაც არ არის უბრალოდ უაზრო გამეორება. ერთი და იმავე სიტყვების განსხვავებული ინტონაციით, პაუზებითა და ემოციური აქცენტებით წარმოთქმისას შეიძლება გამოხატო სინაზე, მონატრება, სასოწარკვეთა, მადლიერება ან შინაგანი დაძაბულობა. მეტიც, ერთი გამეორების ფარგლებშიც კი შეიძლება ემოცია თანდათან შეცვალო და დაძაბულობა შექმნა. სწორედ ეს თავისუფლებაა ჩემთვის ამ ლექსის ერთ-ერთი ძლიერი მხარე. არსებობს ტექნიკურად გაცილებით რთული ნაწარმოებებიც, რომლებიც ხმამაღლა კითხვისას ასეთი მრავალფეროვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას ნაკლებად იძლევა.

მუსიკაშიც ხომ შეიძლება ერთი და იმავე რამდენიმე აკორდით სრულიად განსხვავებული ემოციების გადმოცემა. ამიტომ მხოლოდ გამეორების ან ნაცნობი მხატვრული ხერხების არსებობა ჩემთვის შემოქმედებითი ფანტაზიის ნაკლებობაზე არ მიუთითებს. მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი ერთიან ნაწარმოებში.

დანარჩენ საკითხებზე ჩემი ხედვა უკვე გაგიზიარეთ და მგონია, რომ უბრალოდ განსხვავებულად აღვიქვამთ ამ ლექსს. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. არც არის აუცილებელი ყველაფერში შევთანხმდეთ. პირიქით, საინტერესოა განსხვავებული პერსპექტივების მოსმენა.

სხვათა შორის, მართლა დამაინტერესა, თქვენ რომელ ლექსს მიიჩნევთ განსაკუთრებულად ღირებულად, ღრმად ან მხატვრულად გამორჩეულად? სიამოვნებით წავიკითხავდი თქვენს რეკომენდაციას, განსაკუთრებით ისეთ ნაწარმოებს, რომელიც, თქვენი აზრით, ამ ლექსისგან განსხვავებით, სწორედ იმ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, რომლებზეც საუბრობდით. საინტერესო იქნებოდა მათი შედარება და თქვენი პერსპექტივის უკეთ გაგება.

სიმართლე გითხრათ, თავიდან მეგონა, ეს უბრალოდ ლექსების არქივი იყო და ასეთ დისკუსიას აქ ნამდვილად არ ველოდი. სასიამოვნოა, რომ მსგავსი სივრცე არსებობს და ადამიანებს აზრების გაცვლა შეუძლიათ. კიდევ ერთხელ მადლობა საინტერესო საუბრისთვის და წარმატებები!

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი