ღრუბლები
ჩიტი რომ ვიყო, ღრუბლის ქარავანს არ დავტოვებდი, მას ვდევდი მარტო. ვაგლახ, მხატვარი რატომ არა ვარ, რომ მხოლოდ თეთრი ღრუბლები ვხატო. სალამით ვხვდები მათს გამოჩენას, თრთოლვით აღვუვლენ მაღლა ღაღადისს, მიდიან, წინ აქვთ გზა რამოდენა, მე გზას ვულოცავ ჩუმად: "ნახვამდის!" ზოგი ყარიბად მარტოკა მიჰქრის, ზოგნი ჯგუფ-ჯგუფად, ზანტად მიდიან და მე არ დამრჩა გრძნობა და ფიქრი, რომელიც მათთვის არ გამინდვია. ცის დასავალზე რომ მიყუჟულან, მძინარენიც ბევრჯერ მიინახავს წინათ, ლოყები უჩანთ მწუხრში ფუნჩულა და სძინავთ, როგორც ჩვილ ბავშვებს სძინავთ. მინახავს მათი შავი ჯაგარიც, წამოქოჩრილი წვიმის წვეთებით, როგორც მხედარი ყალყზე ამდგარი, ქარს რომ ხვდებიან გმირულ კვეთებით. მინახავს, ღამის ბინდს რომ იხსნიან, ალმოდებული მთვარის ამოსვლით, ვით მომაკვდავ ძმას, მთვარეს სისხლიანს უთევენ თეთრი ტანისამოსით. ნაირფერობა მათი მიტაცებს, ჩემი სარკმლიდან მათ გავეცანი, მე შემიყვარდა მაათი სიმკაცრე, მათი სინაზე და კაეშანი. და იქნებ ამ გულს იმიტომ მართებს ლტოლვა მათდამი, ტრფობა გულწრფელი, რომ ჩემი გულიც იცვლება მათებრ და მაინც რჩება მარად უცვლელი. მიყვარს ღრუბლები! ჩემს თვალსაც მათებრ ცრემლების წვიმა რისხვად ასველებს, და თვალი ჩემი, რისხვა რომ ანთებს ღრუბლებს ჰგავს, ელვით გადანასერებს. (მთარგმნელი გრიგო აბაშიძე)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი