სახრჩობელაზე ხელმწიფეები!


ლამბერგი მოჰკლეს და ლატური უნგრეთის მტერი,
თოკით დაახრჩეს, სხვისიც ბევრის დადგება ჯერი.
ძლიერ კარგია! ხალხი აღსდგა, ხალხი მკვნესარი,
გულს რომ მიხარებს, ფრთებს რომ მასხამს, სწორედ ეს არი.
მაგრამ არ კმარა მცირე მსხვერპლი, დიდს რომ შეები,
სახრჩობელაზე ხელმწიფეები!
დღეს რომ მოთიბავ მაღალ ბალახს პირბასრი ცელით,
ხვალ ისევ მწვანედ იბიბინებს მინდორი ვრცელი.
ხეს მოსჭრი ტოტებს გადაბელავ... მაგრამ დროებით,
ხე ისევ მალე იშრიალებს ახალ რტოებით.
ძირფესვიანად ამოთხარე ძველი ხეები
სახრჩობელაზე ხელმწიფეები!
ნუთუ ქვეყანავ, ხელმწიფეთა დანთქმას ვერ ბედავ,
ან სიძულვილი საკმარის არ გაქვს მეფეთა?
სისხლს ავუვსებდი მეფის ზიზღით ადამის მოდგმას,
მე რომ შემეძლოს ჩავუწვეთო მათდამი ბოღმა.
ბოღმა, რომელმაც აღაშფოთა ჩემი დღეები -
სახრჩობელაზე ხელმწიფეები!
ღვარძლიანია მათი გულის ყველა კუნჭული,
შხამს და საწამლავს აწოვებდა დედა ჩურჩულით.
მათი სიხარბე, მათი მტრობა ავსებს საფლავებს,
მათი შეხედვა ხესაც ახმობს, ჰაერს აშავებს.
და მიწას ხრწნიან უკვე მკვდარნი, ბნელის ტყვეები.
სახრჩობელაზე ხელმწიფეები!
სიკვდილი დადის ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში,
ყველაფერს ანგრევს ომის ცეცხლი, ცეცხლი უხეში.
იწვის ქალაქი, გახვეულა კვამლში სოფელი,
ცას სწვდება კვნესა, რადგან მეფე დაუნდობელი
ვერ გაძღა სისხლით, ვერც ხმლით მოგვსპო, ვერც ციხეებით...
სახრჩობელაზე ხელმწიფეები!
მაგრამ გმირთა სისხლს ბინდი დაჰკრავს დავიწყებისა,
დალეწილ გვირგვინს თუ არ მიჰყვა თავიც მეფისა.
დღეს თავდახრილი, მოსაჩვენრად თვალმიხუჭული,
თავს ისევ ასწევს ქედმაღლურად შავი ურჩხული
და სულ ამაო აღმოჩნდება მსხვერპლი ვეება -
სახრჩობელაზე ხელმწიფეები!
ყველას დანდობა, გული ძმობით იყოს მდიდარი,
მხოლოდ მეფეებს შებრალება არავითარი.
მათი დანდობა არის მთელი არის ღალატ,
თუ სხვა არავინ, მე ვიქნები მეფის ჯალათი,
კალამს გადვისვრი, წინ დავდგები ხელში ღვედებით.
სახრჩობელაზე ხელმწიფეები!

(მთარგმნელი გრიგოლ აბაშიძე)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი