სამშობლოში


აი, ჩემი სამშობლო, ეს ალფელდის ტრამალი,
სადაც ჩემი ოცნება აფრენილა ფრთამალი.
სადაც მიწას ატყვია ჩემი ნატერფალები
ბავშვობის მოგონებას აქ ვერ დავემალები.
ისევ მღერის, შორს მღერის ჩემი კარგი გადია:
„ფრინდი, ფრინდი, მარია, ხვალ თუ კარგი დარია“.
მე აქედან წავედი, ბალღი ვიყავ პატარა,
ახლა კაცი ვბრუნდები, ბედმა სად არ მატარა!
ოცი წელი გავიდა სიხარულის, ნაღველის,
ოც წელს არა ვყოფილვარ ამ მიდამოს მნახველი.
ოცი წელი რა არი, ერთი წამის დარია!
„ფრინდი, ფრინდი, მარია, ხვალ თუ კარგი დარია“.
სად ხართ ჩემი ტოლები, ჩემი სოფლის ბიჭები,
ჩემთან შესაგებებლად, რად არ გამოიჭრებით!
აღარ გვითამაშია, რაც დაგშორდით მას აქით,
მოდით, ისევ ვიცელქოთ, დავივიწყოთ ასაკი.
ოცდახუთი წლისა ვარ, მაგრამ არ მიხარია...
„ფრინდი, ფრინდი, მარია, ხვალ თუ კარგი დარია“.
როგორც ტოტზე ტოტიდან დაფრინავენ ჩიტები,
ფრენენ ჩემი ფიქრებიც, რომელს გავეკიდები?!
როგორც მინდვრის ყვავილებს თავს ეხვევა ფუტკარი,
მოგონება მეხვევა სხვისი და საკუთარი.
რომელ ერთზე შევჩერდე, თითქოს მთელი ჯარია!
„ფრინდი, ფრინდი, მარია, ხვალ თუ კარგი დარია“.
აი, პაწაწინა ვარ, მინდორში ვართ ყველანი,
ტირიფის ჯოხს მოვახტი, გავაქროლე მერანი,
მიჰქრის ცხენი, არა აქვს, არც ფაფარი, არც ძუა,
წყლის დალევა მოუნდა გახურებულ აჩუას.
გავაქანე წყაროსკენ, წყალი ბლომად დალია.
„ფრინდი, ფრინდი, მარია, ხვალ თუ კარგი დარია“.
მწუხრზე ზარის დარეკვა მესმის ძიძის ძახილად,
მომყავს ცხენი დაღლილი, ცხენოსანიც დაღლილა.
ძიძა მუხლზე დამისვამს, ლექსი იცის რამდენი!
ძილისპირულს დამმღერის ჩემი კარგი გამდელი.
ვუსმენ, მაგრამ არც ვუსმენ, ნახევრად სიზმარია:
„ფრინდი, ფრინდი, მარია, ხვალ თუ კარგი დარია“.

(მთარგმნელი გრიგოლ აბაშიძე)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი