ჩემი სიმღერები
ხშირად ოცნება მიმაფრენს ცაში, და მე არ ვიცი რას ვფიქრობ მაშინ. სამშობლოს თავზე დაფრინავს ფიქრი, სამყაროს თავზე ჩიტივით მივქრი. სიმღერა ამ დროს, რომ ვმღერი წყნარად, ნაზია მთვარის სხივების დარად. ოცნებას ფუჭს და უსაგნო ფიქრებს, მომავლისათვის ზრუნვა სჯობს იქნებ, მაგრამ მომავალს ღმერთს ანდობს ყველა, მივანდოთ, იყოს სიმღერა შველა. სიმღერა სავსე იის სურნელით, ჩიტივით ლაღი და უზრუნველი. როდესაც ლამაზ გოგონას ვხვდები, მეცხრე ცაზე ვარ, მესხმება ფრთები. მის ცისფერ თვალებს ჩავყურებ ხარბად, ასე ვარსკვლავი ტბას ჩასცქერს, ალბათ, სიმღერა ამ დროს რომ იბადება, სულში იშლება ტრფობის ვარდებად. ვუყვარვარ სატრფოს? მაშ მოდი, ლხინო, თუ არ ვუყვარვარ, დარდით ვსვათ ღვინო, როცა ვსვამ ღვინოს, როცა ვარ მთვრალი, რატომღაც მაშინ ჭრელდება თვალი, სიმღერაც, როცა მთვრალი ვიმღერი, ვით ცისარტყელა არის შვიდფერი. ხელთა გვაქვს ჭიქა, ღვინით ვხურდებით! სამშობლოს ხელს კი არის ხუნდები, ბროლის ჭიქების წკრიალს ორწილი ჩხრიალი ფარავს რკინის ბორკილის. და ვმღერი ამ დროს სავსე ნაღველით სამშობლოს სევდის გამომსახველი. მაგრამ რად ითმენს ბორკილებს ერი. აღსდგეს, მტარვალებს ადინოს მტვერი, თუ იმედი აქვს მძინარეს ბანგით, რომ ბორკილს შესჭამს ოდესმე ჟანგი?! ამ დროს ვერ ვუცქერ ჩემს ხალხს გულგრილად, სიმღერას ვაქცევ ჭექა-ქუხილად. (მთარგმნელი გრიგოლ აბაშიძე)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი