იმის შეძლება რომ...
იმის შეძლება რომ მომცეს ღმერთმა და ისე მოვკვდე, როგორც მე მინდა - შემოდგომის დღეს ვინატრებდი - ყვითელს და ფერმკრთალს, - ნაყანევების მწუხრით შებინდვას. ყვითელ ფოთლებში ჭიატებდეს მზე მილეული და გულყვითელა პატარა ჩიტის სტვენა-გალობით მევსებოდეს ნელა სხეული, ენთოს ოქროსფრად შემოდგომა, - წყნარი და მშვიდი. და შემოდგომის დღეებივით, მშვიდად და ჩუმად, უჩინრად, ჩემდა შეუმჩნევლად დადგეს სიკვდილი; და მხოლოდ მაშინ მივუხვდე გუმანს - ჩამომიჯდება ოდეს გვერდით მთლად ფერმიხდილი. და როგორც ჩიტი - გულყვითელა თავგადაკლული - ჩამორჩენილი გაზაფხულს და მწვანე სიმღერებს - უკანასკნელად ავმღერდები, რომ გაზაფხულის ზღაპრულ ჰანგებით შევძრა მიწა გულის სიღრმემდე. და როს მიწყდება ჯადოსნური ბგერების ჰანგი - თუკი განგებამ ესეც ინება - შენმა ამბორმა დამიხუროს, ძვირფასო, ბაგე, პირმშვენიერო, მიწიერო დიდო ქმნილებავ! თუ ამის ნება არ მომცა ღმერთმა, - გამოზაფხულზე ვინატრებ სიკვდილს; - გულის მაგიერ საგულეში ვარდების ფეთქვას, ალისფერ ვარდებს - გაჟღენთილებს მდუღარე სისხლით. დაჰკრან ნაღარა ვაჟკაცებმა გულგასახარად, ამოიზარდონ მკერდებიდან დროშად ვარდები და ათასობით ალისფერი ვარდის ღაღანმა გადააწითლოს ველი ბრძოლის და თავდადების. და თუ ცხენიდან განგმირული დავეცი თავქვე, გახევებულმა არ ამიშვა თუკი სახსრებმა - შენი ამბორი დამიხურავს ძილის წინ ბაგეს, თავისუფლებავ! - ზეციერო დიდო არსებავ! (მთარგმნელი იორამ ქემერტელიძე)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი