რედაქცია და თანამშრომელი


იმ ქვეყნებში, სადაც ხალხი კითხვას არის შეჩვეული, სადაც გაზეთი ისეთსავე საჭიროებას
შეადგენს, როგორც ლუკმა-პური, და სადაც, მაშასადამე, გაზეთებს ბევრი მკითხველები ჰყავს
და კარგი საშუალებაც აქვსთ, იქ რედაქციები და, საზოგადოთ, გაზეთის საქმე სულ
სხვანაირათ მიდის, ვიდრე ჩვენში. ყოველ გაზეთს, მთავარ რედაქტორს გარდა, რამდენიმე
სხვა უბრალო რედაქტორები, ანუ როგორც ჩვენში ვეძახით, მუდმივი თანამშრომლები ჰყავს.
მთავარი რედაქტორის მოვალეობა მხოლოთ ის არის, რომ თვალყურს ადევნებს საზოგადოთ
გაზეთის მიმართულებას; რედაქციის რჩევაზე ეუბნება უბრალო რედაქტორებს, თუ
ხვალინდელ ნომერში რა და რა სტატიები უნდა დაიბეჭდოს, რა აზრით და რა
მიმართულებით დაწერილი უნდა იყოს ეს სტატიები. შემდეგ, როდესაც ნომერი
დამზადებულია, გადაავლებს თვალს იმის შესატყობათ, რომ გაზეთის მიმართულების
წინააღმდეგი არა შემოჰპარვოდეს რა წერაში რედაქტორებს.
ყოველ უბრალო რედაქტორს თავის განყოფილება აქვს გაზეთში მინდობილი. საზოგადოთ
დიდ გაზეთებში ასეა, რომ რამდენი განყოფილებაც აქვს გაზეთს, იმდენი ცალკე რედაქტორი
ჰყავს. აიღეთ, მაგალითად, დღევანდელი ნომერი ჩვენი გაზეთისა; ამ ნომერში შემდეგი
განყოფილებანი არის: «საქართველო», «დღიური», «კორრესპონდენცია», «უცხო ქვეყნები»,
«ქრონიკა», «განცხადებანი» და სხვა. ყველა ამ გაზეთის განყოფილებას თავის საკუთარი
რედაქტორი ჰყავს, რომელთაც თვითეულს სახელათ ჰქვიან: მოწინავე სტატიების
რედაქტორი, პოლიტიკური რედაქტორი, შინაგანი საქმეების რედაქტორი და სხვა.
სადაც გაზეთს იმდენი შეძლება აქვს, რომ ამდენი თანამშრომელი ჰყვდეს, იქ გაზეთი,
რასაკვირველია, კარგათ გამოიცემა, იქ ყველა რედაქტორი, გაფრთხილებულია, რომ თავის
განყოფილებაში ისეთი რამე არ გაეპაროს, რომელიც გაზეთის საზოგადო მიმართულებას
ეწინააღმდეგება, და თავის სტატიებსაც უფრო მოფიქრებით და გულ-დამჯდარათ წერს.
მაგრამ, სადაც გაზეთს იმდენი საშუალება არა აქვს, რომ ამდენი მუდმივი თანამშრომელი
ჰყავდეს, სადაც ყველა განყოფილების გამგებლათ, ანუ რედაქტორათ მხოლოდ ერთი ან ორი
კაცია, გასაკვირველი არ იქნება, რომ ამგვარს გაზეთში ხანდახან ისეთი რამ დაიბეჭდოს,
რომელიც სხვა სტატიებთან ვერ თავსდება, რომელიც იქნება სრულებით ღირსიც არ იყოს
დაბეჭდვისა, ან ისეთს საგანზე არა ითქვას რა, რომელსაც დღიური მნიშვნელობა ჰქონდა და
რომელზედაც გაზეთს აუცილებლათ უნდა ეთქვა თავისი სიტყვა. როდესაც ისეთი
აჩქარებული მუშაობაა, როგორიც გაზეთს სჭირდება, და რედაქცია, უღონისძიებობის გამო,
იძულებულია, რამდენიმე კაცის შრომა ერთს ან ორს კაცს აკისრვინოს, მაშინ ამგვარი
ნაკლულევანება ხან-და-ხან მიეტევება გაზეთის გამგებლებს...
ერთს რედაქტორს დასცინოდნენ ამასწინათ იმისთვის, რომ ვითომც იმას ეთქვას, რომ
რედაქტორი თანამშრომლებს უნდა აჩენდესო, უნდა აკეთებდესო. დაეხატათ სტოლი,
რომელთანაც მიმდგარიყო რედაქტორი, ჩაქუჩს სცემდა სტოლზე და რამდენსაც დაარტყამდა,
იმდენი პატარ-პატარა კაცი ამოდიოდა სტოლიდამ. ქვევით ამ სურათზე მოწერილი იყო:
«თანამშრომლებს ვაჩენო!» შეიძლება ეს კარგი ხუმრობა იყოს, მაგრამ ის აზრი, რომ ჩვენში
რედაქციამ გაზეთის თანამშრომლები უნდა გააჩინოს, სრულებით უსაფუძვლო არ არის და
არც მაგრე რიგათ დასაცინარია. შეძლება რომ იყოს, თანამშრომლები და მწერლები თვითონ
გამოჩნდებიან, ბევრი ძებნა არ დასჭირდებათ. მაგრამ ახლა, როდესაც ყველა სალუკმა-პურო
საქმეს დასდევს, როცა ჟურნალისტიკა თითქმის ორ კაცსაც ვერ არჩენს, თანამგრძნობელს და
ამასთან ისეთებს, რომელთაც წერა შეუძლიათ, რასაკვირველია, გაჩენა, მოძებნა უნდა,
უამისოთ გაზეთის წაყვანა ჩვენში შეუძლებელია.
მაგრამ უბედურებაც ეს არის, რომ ამ ძებნას და გაჩენასაც თავისუფალი დრო ეჭირვება. უნდა
გაამხნევოთ ახალგაზრდა მწერალი, უნდა დაარიგოთ, აჩვენოთ, თუ, თქვენის აზრით, როგორ
გზაზე უნდა დადგეს, რაგვარი თხზულებანი უფრო შეეფერებიან იმის ნიჭსა და
მიმართულებას, – ერთი სიტყით, საჭიროა, რომ თქვენ შემთხვევით თანამშრომლებთან
მუდამი და გაუწყვეტელი, პირადი ლაპარაკი თუ არა, წერითი კავშირი მაინც გქონდესთ. და
ყველა ამისთვის, როგორც ზევით ვთქვით, ღარიბსა და შრომით გაჯერებულს რედაქციას,
ხშირად თავისუფალი დრო არა რჩება...
შემდეგ სტატიას განსაკუთრებით თანამშრომელებს ვუძღვნით.

დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», №46, ს. მესხის ხელმოწერით.

წყარო: www.gdi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი