ორთავეს


ანგელოზები არ ცხოვრობენ ჯერ ამ ჩვენ ცოდვილ დედა-მიწაზედ, რომ ყველაფერი
წყნარად, შეუშფოთებლად და თანხმობით მიდიოდეს; ყოველ კაცს, რომელიც კი
მოქმედებს, რომელსაც გულში რაიმე გრძნობა აქვს და თავში ჰაზრი, ყოველ კაცს,
რომელშიც, ერთის სიტყვით, ცოცხალია და ცხოვრობს, უეჭველია, ბევრი
მოწინააღმდეგე ჰყავს, ბევრი ისეთი პირები, რომელნიც ამ კაცის არც საქმეს
თანაუგრძნობენ, არც გრძნობასა და არც ჰაზრებს. გაზეთს ამისთანა
მოწინააღმდეგენი, ამისთანა პირები, რომელნიც ამის ჰაზრებს არ ეთანხმებიან,
რასაკვირველია, კიდევ უფრო მომეტებული უნდა ჰყავდეს, იმიტომ, რომ კერძო კაცმა
შეიძლება თავისი ჰაზრი და მოქმედება არ გამოააშკარავოს საზოგადოთ და ამის გამო
იმას არც მოწინააღმდეგენი, უთანხმო პირნი გამოუჩნდება და გაზეთის ყოველი
სიტყვა, ყოველი ნაბიჯი კი აშკარაა, საქვეყნოდ გამოცხადებულია. გაზეთი, რომელსაც
მოწინააღმდეგე არა ჰყავს, რომელიც არავის არ სძულს, რომლის ჰაზრებსა და
მიმართულებას ყველა ეთანხმება, ის გაზეთი ან მკვდარ საზოგადოებაში უნდა
გამოდიოდეს და ან თვითონ უნდა იყოს მკვდარი.
რა კაცია ის კაცი, რომელიც ყველას მოსწონს? რომლისაც ყველა კმაყოფილია? რა
გაზეთია ის გაზეთი, რომელსაც მოწინააღმდეგე არა ჰყავს? რა გაზეთია ის გაზეთი,
რომლის ჰაზრები და მიმართულება ყველას მოსწონს, დიდსა და პატარას, გლეხსა და
ბატონს, ერის-კაცსა და ბერს?
მადლობა ღმერთს, ამ მხრით ჩვენს გაზეთს უკმაყოფილების გამოცხადება არ
შეუძლია, რადგან მეგობრები, თანამოაზრენი და თანამგრძნობნი თუ ჰყავს,
მომეტებული თუ არა, ერთი იმდენი მაინც მტერიც ჰყავს და უკმაყოფილონი. მაგრამ
უბედურება ეს არის, რომ ეს უკმაყოფილება და სამდურავი ჩვენს გაზეთზე აშკარად
არ ცხადდება: ჩურჩულით, საიდუმლოდ, თავის გულში ამბობენ, რომ გაზეთის ესა
და ეს ჰაზრი, მოქმედება ან მიმართულება არ მოგვწონსო. ათს წელიწადზე მეტია, რაც
«დროება» გამოდის და ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ერთი «მნათობი» იყო,
რომელიც აშკარად და ერთობ ფიცხლად აცხადებდა თავის უკმაყოფილებას
«დროებაზე». მაგრამ ეს უკმაყოფილება ისეთი წვრიმალი, ისეთი პირადი, ისეთი
უშნო და ხანდახან ისეთი საძაგელი იყო, რომ გონივრული უკმაყოფილების,
კრიტიკისა და საქმის ცოდნის ნატამალიც არ აჩნდა; ეს უფრო იმ გაბრაზებულ
დედაკაცის გულის მოყვანას და ჯავრს გავდა, რომელიც თავის მეზობელს ლანძღავს
და თათხავს მხოლოთ იმისთვის, რომ რატომ იმას აცვია ახალი კაბა და მე კი არაო.
როცა უფ. მაჭახელაძემ კრძალვით განაცხადა სურვილი «დროებაზე»
მოლაპარაკებისა, ჩვენ დიდის სიამოვნებით იმ წამსვე დავეთანხმეთ, იმიტომ რომ
ვიცოდით, იმას არავითარი პირადი ანგარიშები არ აქვს არც «დროებასთან» და არც ამ
გაზეთის «სულის ჩამდგმელებთან»; იმიტომ კიდევ დავეთანხმეთ, რომ ვფიქრობდით:
ეს ახალგაზდა მწერალია, ცოცხალი, ცხოვრებისაგან ჯერ გაურყვნელი ტვინი და
ჰაზრები აქვს, შეიძლება ისეთი რამე გვითხრას, რომელიც გაზეთისთვის გამოსადეგი
იქნება, შეიძლება ისეთი რამ ნაკლულევანება შენიშნოს გაზეთის მიმართულებას,
რომლის გასწორება სარგებლობას მოგვიტანს ჩვენ, – გაზეთის მოღვაწეებსაცა და
თვით ჩვენს მკითხველებსაც. ვფიქრობდით: დეე, გამოთქვას რაც სურს და როგორც
სურს; თუ კარგათ, გონიერი რაიმე სთქვა, ხო კარგი, ხო გამოგვადგება, და თუ არა,
ჩვენ ამით მაინც არა დაგვაკლდება რა, რადგან უმართლო შეწამებას, შეუსაბამო
დარიგებასა და განკიცხვას ჩვენ აინუშიაც არ ჩავაგდებთ, რადგან ამის პასუხის გაცემა
და გაქარწყლება ადვილია მეთქი.
ჩვენ მივიღეთ დაპირებული სტატია («დროებაში» დროებასვე»). მივიღეთ,
წავიკითხეთ, მაგრამ, საუბედუროთ, რასაც მოველოდით, ვერ ვიპოვეთ. ნაცვლად
გაზეთზედ მოლაპარაკებისა, ნაცვლად იმ «ბევრი ნაკლულევანების» ჩვენებისა,
რომელსაც ასე მხნედ დაგვპირდა უ. მაჭახელაძე, ნაცვლად სხვადასხვა შემცდარი
ჰაზრების მხილებისა და ჩვენი მიმართულების გასწორებისა, – ნაცვლად ყველა ამისა,
ჩვენ წავიკითხეთ დიდი, გრძელი, უშველებელი სტატია უფ. ნიკოლაძეზე და იმის
დიქტატორულ პუბლიცისტობაზე, ანუ პუბლიცისტიკურ დიქტატორობაზე.
საზოგადოთ «დროებაზე» და იმის მიმართულებაზე მხოლოთ ორიოდე სიტყვაა,
ორიოდე ცარიელი სიტყვა, რომელიც არც ფაქტებით და არც მაგალითებით არ არის
დამტკიცებული, რომელშიაც ახალი, ორიგინალური არა არის რა, რომელიც ასე
ხშირად გვესმოდა ჩვენ უფ. ან. ფურცელაძის მოგვარე კაცებისაგან და საზოგადოთ
ისეთ პირებისაგან, რომელთათვისაც «დროებას» ცხვირში ძმარი უდენია და ფრთები
მოუკვეცია.
ეს უფ. მაჭახელაძის ცარიელი სიტყვა მდგომარეობს იმაში, რომ «დროების»
მოღვაწენი «მტერს არ ერიდებიან, მასთან ბრძოლისთვის მუდამ მზათ არიან...
ყველაფერს შესწირავენ საქართველოს, ოღონდ მან კი ითხოვოს. მაგრამ ვაი, რომ
ამაებს მარტო «დროების» პწკრები (სტრიქონები) მეუბნებიან... მის მწერლების
მოქმედებას რომ დავაკვირდი, ცოტა უფრო ახლოს რომ შევხედე, მაშინ კი
წინააღმდეგობა ვსცანი... რაც შეეხება მათის საყვარელ მამულის სიკეთეს. ამისთვის
იგინი მაშინ ცდილობენ და შრომობენ, როცა გუნებაზე არიან, როცა ქეიფი ამის ნებას
აძლევთ მათ. ამის შედეგი უნაყოფიერებაა საზოგადო საქმეში...
სწორეთ ეს არის «დროების» ვითარება: წაღმართი სიტყვა და უკუღმართი მოქმედება,
სჯობს ვსთქვა: გზა-დაბნეული მოქმედება». ყველაზე პირველად ეს ამიხსენით:
«დროებაზე» გაზეთზე ლაპარაკობთ, თუ იმ პირებზე, რომელნიც «დროებაში» სწერენ?
თუ გაზეთზე ლაპარაკობთ, მაშინ ხო მოქმედებაზე სჯა უალაგოა; გაზეთს
მიმართულებას, ჰაზრს, მსჯელობას მოსთხოვენ და მხოლოთ ათასში ერთხელ საქმეს,
მოქმედებას. მაშ, რა ჰაზრი აქვს თქვენს სიტყვებს, რომ «დროებას» აქვს «წაღმართი
სიტყვა და უკუღმართი მოქმედებაო».
თუ პირებზე ლაპარაკობთ, რატომ უფრო აშკარად, უფრო დალაგებით არ ამბობთ? ან
განა «დროების» მოქმედება და ჰაზრი მარტო უფ. ნიკოლაძის ჰაზრსა და მოქმედებაში
გამოიხატება? განა შესაძლებელია, რომ გაზეთი ერთს კაცში, ისიც გარეშე კაცში და
არა რედაქციის წევრში, გაახორციელოს ადამიანმა?!
«დროების» მოღვაწეობის «უნაყოფიერობაზედ» ამბობთ. პირებზე, თუნდაც ესპირები
«დროების» მოღვაწენი იყვნენ, აქ ლაპარაკს არ ჩამოვაგდებთ. რაიც შეეხება თვითონ
გაზეთს, იმედია, ამ «უნაყოფიერობაზედ» ლაპარაკს არ იკადრებთ: თუ თქვენ
გახსოვთ, რა იყო ამ ათი წლის წინათ ჩვენი საზოგადოება, თუ, ერთის მხრით, ამ
საზოგადოების ცხოვრებისათვის და მეორე მხრით, «დროებისათვის» გიდევნებიათ
თვალ-ყური, მაშინ, უეჭველია, დაგვეთანხმებით, რომ «დროების» ამ ათის წლის
სიცოცხლესა და სიტყვას უნაყოფოდ არ ჩაუვლია. სხვა არა იყოს რა, ამ დამპალ
ცხოვრებას, ამ მიძინებულ საზოგადოებას ხანდიხან მაინც ჩაჰყვირებდა ხოლმე
ყურში ისეთს რამეებს, რომელიც თითქო აფხიზლებდა, მოსვენებას არ აძლევდა,
ტვინს უღვიძებდა მას. სხვა არა იყოს რა, ქართულ სიტყვას, ქართულ მჯელობას
მაინც აგონებდა; ცუდათ თუ ავათ, ყველა იმისთანა მოვლენაზე ლაპარაკობდა,
რომელზედაც თვითონ საზოგადოებაც სჯიდა და ლაპარაკობდა.
უნაყოფიერებააო! ჰაზრის გავრცელება ხორბალი ხომ არ გგონიათ, უფ. მაჭახელაძე,
რომ დასთესოთ და მერე გამომცხვარი პური სჭამოთ! თვალ-ყურის დევნა, მახვილი
დამკვირვებელი გონება არის საჭირო, ვისაც ჰსურს შეიტყოს, თუ რომელიმე
მქადაგებელ გაზეთმა ან პირმა რა ზნეობითი სწავლა გაავრცელა, ან რა ნაყოფი
მოიტანა საზოგადოებაში.
ეს ორიოდე სიტყვა მე საკმაოთ მიმაჩნია იმ ორიოდე სიტყვის პასუხად, რომელიც უფ.
მაჭახელაძემ მოიყვანა საზოგადოთ «დროების» წინააღმდეგ.
დანარჩენი სტატია მთლად უფ. ნიკოლაძეს შეეხება, რომლის პასუხი მკითხველს
წინანდელს ორს ნომერში ექნება წაკითხელი. მინდოდა მეთქვა კიდევ რამდენიმე
სიტყვა უფ. მაჭახელაძის იმ სტატიის ალაგზე, საცა ის ჩვენს ახალგაზდობას ურჩევს,
რომ «არც ერთის და არც მეორის პარტიაში არ უნდა შევიდეს კაციო; მხოლოდ
როდესაც რომელიმე პარტია ერთს რასმეს ქვეყნის სასარგებლო საგანს მოჰკიდებს
ხელს, კაცმა მაშინ უნდა მოეხმაროს მას, მაშინ უნდა გაუწიოს უღელიო».
მინდოდა მეთქვა, თუ რამდენათ მავნებელი, უაზრო და – მომიტევეთ მაგარი სიტყვა,
– საძაგელია ამისთანა თეორიის გავრცელება ჩვენს საზოგადოებაში; თუ რამდენი
თავ-მოყვარეობა, ეგოიზმი და კერძო სარგებლობის სდევნა და სიმხთალე იხატება ამ
სწავლაში, მაგრამ, რადგან უფ. ნიკოლაძემ დამასწრო და იმის ნათქვამზე მე მაინცა და
მაინც დასამატებელი ბევრი არა მაქვს რა, არას ვამბობ, არას ვამბობ, სხვათა შორის,
იმიტომაც, რომ სხვა უფრო საინტერესო და მძიმე რამეებზედ მაქვს კიდევ ბევრი რამ
სათქმელი. ჩემი შემდეგი სიტყვა უფ. ნიკოლაძეს ეკუთვნის და იმ ჰაზრების შესახებ
იქნება, რომელიც ამან უფ. მაჭახელაძის პასუხში გამოსთქვა. საგანი ერთობ
საინტერესოა და, იმედი მაქვს, მკითხველი არ დაგვემდურება, თუ ამაზე
ჩვეულებრივზე უფრო მომეტებულს ვილაპარაკებთ. თავის პასუხში უფ. ნიკოლაძემ
ორი ისეთი ჰაზრი წარმოსთქვა, რომელსაც ჩვენ ვერ დავეთანხმებით და რომლის
გავრცელება ამ ჟამად ჩვენს საზოგადოებაში მავნებლად და უადგილოდ მიგვაჩნია.
და, აი, დღეს, ამ ორ საგანზე გვინდა უფრო დაწვრილებით მოვილაპარაკოთ.
პირველი ამ მავნებელ ჰაზრთაგანი ის არის, რომ, სადაც კი უნდა შრომობდეს და
ცხოვრობდეს ქართველი კაცი, სულ ერთი არისო. «სადაც უნდა იცხოვროს ან
იმოქმედოს მამულის მოყვარე პირმა, ჩემის ჰაზრით, ყველგან სასარგებლო იქნება
თავის ქვეყნისათვის, თუ კი, სურვილს გარდა, იმისთვის ბუნებას ნიჭი, ცოდნა და
ძალა მიუნიჭებია. რითიმე, როგორმე ყოველგან მოუტანს ის ხეირს თავის ქვეყანას, აქ
იყოს, გინდა სტამბოლს, გინდა მადრიდს...»
რამდენჯერმე გამოუთქვამს «დროებას» თავის ჰაზრი ამ საგნის შესახებ და ეს ჰაზრი,
როგორც თვითონ უფ. ნიკოლაძე ამბობს, იმის ჰაზრს არ ეთანხმება. «დროების» ჰაზრი
ეს არის: ყოველი კაცი, რომელსაც კი გონივრულად ესმის თავის მოვალეობა
სამშობლო ქვეყნისადმი, ვალდებულია, ამ სამშობლო ქვეყანაში იშრომოს, ამას
მოუტანოს ის სარგებლობა, რაც კი შეუძლიან იმ ნიჭით და იმ ძალით, რაც იმისთვის
ბუნებას მიუცია; ვალდებულია იმიტომ, რომ ამ ქვეყანამ შეჰქმნა ის, ამ ხალხმა გახადა
ის კაცად, ამან მისცა იმას მოქმედების და ცხოვრების ძალა, და თუ რამე შეუძლიან,
თუ როგორმე მოახერხებს, თავის ვალი უნდა დაუბრუნოს.
დიახ, ქვეყანა, ხალხი ყოველი თავის განცალკევებული წევრის კრედიტორია და ის,
ვინც თავის ვალს არ უხდის იმას, ვინც თავის გონებას, თავის ნიჭს და თავის
ცხოვრებას იმის სასარგებლოდ არ ხმარობს, ამისთანა წევრი უუპირველესს
კაცობრიულ მოვალეობას ვერ აასრულებს. ახლა მეორე მხარე ამავე საბუთისა: სად
უფრო მომეტებული სარგებლობის მოტანა შემიძლია, ვსთქვათ, მე, ქართველ კაცს: აქ,
საქართველოში, სადაც დავბადებულვარ, სადაც ავღზრდილვარ, საქართველოში,
რომლის ხალხის ხასიათი, ბუნება, ჩვეულება, ცოტათი არის თუ ბევრათ, გამიცვნია,
მინახავს, შემისწავლია, – ვკითხულობ, აქ ამ ჩემს ქვეყანაში უფრო მომეტებული
სარგებლობის მოტანა შემიძლიან, თუ მადრიდში, თუ ჩინეთში, რომლის ხალხსა და
ბუნებას მე მხოლოდ წიგნებით ვიცნობ, რომელშიაც, მაშასადამე, მე სრულიად ვერ
მოვთავსდები, რომლის ხასიათსა და ბუნებას ჩემი ხასიათი და ბუნება, ჩემი ჰაზრები,
ჩემი მოქმედება სრულებით ვერ მოუთავსდებიან?... თქვენ თვითონვე ამბობთ ამას,
უფ. ნიკოლაძევ: «მართალია, ჩვენი ქვეყნისათვის ის უფრო ემჯობინება, რომ მისი
ჩინებულათ ნასწავლი და დახელოვნებულნი შვილები აქვე შრომობდნენ, დანარჩენ
მის შვილებს პირ-და პირ ეხმარებოდნენ, მაგრამ ესეც არ იყოს, მე ოცდაათს შინაურს
უმეცარს ერთი გასული ნასწავლი მირჩევნია. სხვა რომ არა იყოს რა, ჩვენებური კაცი,
რუსეთში პროფესორათ გამხდარი, ერთს ჩვენებურს სტუდენტს ხელს მაინც
გაუწყობს, ერთ ჩვენს ყმაწვილს მაინც დაიფარავს და შემწეობას მისცემს თავის
გავლენით.» პირველი ნახევარი უფ. ნიკოლაძის წინადადებისა სრულებით ეთანხმება
ჩვენს ჰაზრს; მართლაც, ჩვენ გონება-გახსნილ, მომქმედ და საზოგადო სარგებლობის
გამგე პირებზე ვამბობთ და არა ისეთებზე, რომელნიც უსაქმურად დაეხეტებიან
ქალაქებში, გინდ სოფლებში და ცოდვილ დედა-მიწას ამძიმებენ და ცუდათ პურს
სჭამენ. ამისთასნა პირები, სადაც უნდა ცხოვრობდენ, სულ ერთია, ყველგან
მავნებელნი არიან, და რაც უფრო ცოტა იქნებიან ჩვენში, რასაკვირველია, მით უფრო
გასახარელი და სასიამოვნოა.
მაგრამ მაგალითი რომ მოგყავთ, ყოველი მაგალითი ერთგვარ პირებს თხოულობს:
პროფესორი რუსეთში დააყენეთ, უმეცარი, ბაიყუში ჩვენში, და ერთმანეთს ადარებთ?
ამას შედარება არ ჰქვიან. შედარება ის იქნება, როცა თქვენ მეტყვით, თუ იგივე
პროფესორი ან რომელიმე სხვა «ნასწავლი და დახელოვნებული» კაცი ჯერ რუსეთში
ან სხვაგან, სადმე სცხოვრობს და მერე კი ჩვენში, იმის სამშობლო ქვეყანაში, როგორ
გგონიათ, სად უფრო სარგებლობას მოიტანს ეს კაცი?
«სხვა არა იყოს რაო, იქ ერთს სტუდენტს მაინც ხელს გაუწყობსო!» საქმეც ისაა, რომ,
«იქ» შეიძლება მხოლოთ ის სარგებლიობა მოიტანოს, რომ ერთს ჩვენებურ მოსწავლეს
გაუწყოს ხელი და ჩვენში კი ამავე სწავლულს, მთელი ქვეყნის სასარგებლო საქმის
წაყვანა თუ არა, ათი და ასი ახალგაზრდის სწორი წინ-წამწევი გზის ჩვენება მაინც
შეუძლიან.
უფ. მაჭახელაძის საბუთი ამ შემთხვევაში ურიგო საბუთი როდია: იქ, სხვა ქვეყნებში
ჩვენ ჩვენის სწავლითა და მოხერხებით ვერას გავაკეთებთ, რადგან ჩვენისთანა და
უფრო მომეტებული სწავლულიცა და დახელოვნებულნიც ათასობით არიან და
ჩვენში კი თითო-ოროლობით ითვლება. ეს პირველი.
მეორე შემცდარი ჰაზრი უფ.ნიკოლაძისა მდგომარეობს იმაში, რომ სულ ერთია, რა
ენაზედაც უნდა სწეროს ქართველმა, ყოველ ენაზედ შეუძლიან იმას თავის ქვეყნის
სარგებლობის მოტანაო. ამის დასამტკიცებლად იმას შემდეგი მსჯელობა მოჰყავს:
«ჩვენი ქვეყნის ბედი რუსეთთან არის შეერთებული... ნუთუ სასარგებლოა ჩვენი
ქვეყნისათვის, რომ რუსეთმა არ იცოდეს ჩვენი მდგომარეობა? ნუთუ საჭირო არ არის,
რომ ღირსეული ჰაზრი ჩვენზე შეიდგინონ არა თუ მარტო რუსეთმა, არამედ მთელმა
ევროპამაც? მაშასადამე, ნუთუ საჭირო არ არის, რომ ქართველები სწერდნენ რუსულ
და ევროპიულ ენებზე, აგებინებდნენ რუსეთს და ევროპას ჩვენს ხასიათს, ჩვენს
მდგომარეობას, მიმართულებას, სურვილს, ლხინსა და დარდს? ... ეს უკანასკნელი
შრომა (ე.ი. უცხო ენებზედ წერა) ყველასთვის, ვისაც კი ცოტაოდნათ ესმის
პოლიტიკური ცხოვრება ის მოთხოვნილებები, თითქმის იმდენათვე აუცილებელი
და საჭიროა, როგორც პირველი» (ე.ი. ქართულს ენაზე წერა). ცხადია, რომ, თუ
«დროებას» ლოღიკა აქვს, აქაც იმავე საზოგადო მსჯელობით უნდა
ხელმძღვანელობდეს, როგორც ზევით მოყვანილს შემთხვევაში. ქართველი ყველაზე
პირველად ქართულად წერის მოვალეა, ისე, როგორც ფრანგი ფრანგულათ წერისა,
რუსი რუსულათ, ინგლისელი ინგლისურათ და სხვა.
ეს მოვალეობა წარმომდინარეობს იქიდამ, რომ, ვისაც უნდა თავის ქვეყანას რაიმე
ჩააგონოს, თავის ხალხს რამე ასწავლოს, თავის მოძმეებს რომელიმე კეთილი და
სასარგებლო ჰაზრი აცნობოს და გონება გაუხსნას, უეჭველია, იმ ენაზე უნდა აუხსნას,
ელაპარაკოს, უქადაგოს, რა ენაც იმისთვის უფრო გასაგებია, უფრო მისახვდომი.
მაგრამ «დროება», მეორეს მხრით, არასოდეს არ ყოფილა იმ ვიწრო ჰაზრის მიმდევარი
და თაყვანის მცემელი, რომ ჩვენი ქვეყანა «ჩინეთის კედლით» შემოვზღუდოთ,
ნურავის ნუ ვაცნობებთ ჩვენის ქვეყნის, ხალხის ხასიათს, ჩვეულებას, საჭიროებასა და
სხვა. ჩვენ ყველაზე პირველათ დაუმადლებთ და ტაშს დაუკრავთ იმ პირს, ქართველი
იქნება ეს პირი, თუ გერმანელი, თუ ჰოტენტოტელი, რომელიც ამ ჩვენს ქვეყანას და
იმის ხალხის ლხინსა და დარდს, საჭიროებას მთელს დედა-მიწაზედ მოფენს. ამით,
თუ არ სარგებლობა, უეჭველია, ვნება არა იქნება რა.
მაგრამ «დროება» ამასთანავე ერთს რასმე ჰფიქრობს და იმას ჰგონია, რომ ეს იმის
ფიქრი ყველასთვის ყურადღების ღირსია. «დროება» ჰფიქრობს, რომ ჩვენი ქვეყანა ამ
ჟამად განსხვავებულ გარემოებებშია, რომ ეს მდგომარეობა მოითხოვს, და მოითხოვს
აუცილებლათ, რომ ყველა მისი შვილები, განსაკუთრებით ყველა გონება-გახსნილი
და ნასწავლი შვილები მეცადინეობდნენ, მალე გადააბიჯონ ამ მდგომარეობას. აი,
რაშია საქმე: გაიხედ-გამოიხედეთ თქვენს გარშემო, უფ. ნიკოლაძე, როგორ
მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა? რა გვარი თანამედროვე საზოგადოება გარს გვახვევია
ჩვენ? განსაკუთრებით გთხოვთ, დააკვირდეთ ახლანდელ ახალგაზდობას. რა შედეგი
გამოგყავთ თქვენ ამ დაკვირვებისაგან? როგორ გეჩვენათ ეს ქვეყანა? როგორ მოგწონთ
ეს თაობა? როგორი მიმართულება აქვს ჩვენს ახალგაზდობას – ჩვენი ქვეყნის მომავალ
იმედსა და დედა-ბოძს? განა ყველგან არ ჰხედავთ, რომ ქართველთ ქვეყანას ჩვენისავე
წყალობით ქართული ქვეყნის ხასიათი ეკარგება? განა ყოველ ნაბიჯზე არ
შეგინიშნავთ ხოლმე, რომ ქართველი კაცი ქართველი კაცი აღარ არის? განა ვერ
ამჩნევთ, რომ ჩვენი ახალი თაობანი თანდა-თან ჰკარგავენ თავის ნაციონალურ
ხასიათსა, თავის განსხვავებულ ფერსა და შეხედულებას? ნუთუ ვერ ატყობთ, რომ
ჩვენის უმეცრებით და დაუდევნელობით რაღაც უცხო, შერეული ტომი ვხდებით,
რომ ჩვენი განსაკუთრებული თვისებანი თან-და-თან გვიძვრება ხელიდამ და მათ
ნაცვლათ სხვას, გარეშეს, ჩვენთვის უცხო თვისებებსა, ხასიათს, ჩვეულებას და
ყველაფერს ვითვისებთ?
თუ ყველა ამას ხედავთ, მაშინ თქვენ უნდა დაგვეთანხმოთ, რომ ამისთანა დროში
მამულის ნამდვილ შვილებს, გონიერ მოწინავეთ საზოგადოებისა ცოტათი უფრო
სხვა, უფრო მძიმე მოვალეობა აწევთ, ვიდრე მაშინ, როცა ხალხის ცხოვრება რიგიანის,
ჯეროვანის მსვლელობითა და გზით მიდის. «დროება» ჰფიქრობს, რომ ამისთანა
დროს განსაკუთრებით საჭიროა, რომ ყოველი ქართველი ქართველობის დარაჯათ
იდგეს, რომ იცავდეს ყოველ, მცირეც არის, ქართველობის თვისებასა და განსხვავებას,
თუ ესენი საზოგადოების მავნებელნი არ არიან; ის ფიქრობს, რომ ეხლა საჭიროა,
ქართველმა ქართველზედვე იზედმოქმედოს, გავლენა იქონიოს, გამოაღვიძოს,
თვალები გამოაჭყეტინოს, დაანახვოს მრუდი გზა, რომელსაც ის უფსკრულში,
გაქარწყლებისაკენ მიჰყავს და ეცადოს უფრო სწორს გზაზე დაყენება, უფრო
მოსახდენ საშუალებათა მოძებნა და დახმარება ამ გზისათვის; ის ჰფიქრობს, რომ
ამისთანა დროში ცოტათი უფრო გარდამეტებული მამულის სიყვარულიც უალაგო
არ არის...
კარგათ იცით, რომ ყველა ჩვენი ნასწავლი ყმაწვილები უცხო ენაზე უკეთ სწერენ,
უკეთ გამოსთქმენ თავიანთ ჰაზრს, ვიდრე სამშობლო ენაზედ, რადგან ბავშობიდანვე
სწავლა და განათლება უცხო ენებზე მიუღიათ. თქვენ რომ ის ჰაზრი დაამტკიცოთ,
რომ ყველა ენაზე შეიძლება თავის ქვეყანას სარგებლობა მოუტანოს მამულიშვილმაო,
ეს ჰაზრი რომ დამკვიდრდეს, ჭეშმარიტებად შეიქნეს ჩვენში, იცით, რა მოსდევს ამას?
ის, რომ ყველა, ვისაც კი ცოტაოდნათ რუსულს ან, ვთქვათ, ფრანგულს ენაზე წერა
შეუძლია, მოჰყვებადა დაიწყებს ამ ენაზე ჯღაბნას. მოჰყვება იმიტომ, რომ უფრო
სწავლულათ, უფრო მცოდნე კაცათ გამოიჩინოს თავი; ამასობაში სამშობლო ქვეყნის
გაცნობა, რასაკვირველია, მივიწყებული და განზე გადაგდებული შეიქნება... ერთი
მიჩვენეთ, უფ. ნიკოლაძე, ის ქართველი, რომელსაც უცხო ენაზე ეწეროს და ამით
მაინცა-და-მაინც შესამჩნეველი სარგებლობა მოეტანოს ჩვენის ქვეყნისათვის!
მიჩვენეთ და ამასთანავე ისიც დამიმტკიცეთ, რომ ეს კაცი უფრო ნაკლებ
სარგებლობას მოუტანდა თავის ქვეყანას, თუ რომ მარტო სამშობლო ენაზედ ეწერა.
არა მგონია, რომ ამისთანა ქართველი მიჩვენოთ და ეს დამიმტკიცოთ. თქვენ, უფ.
ნიკოლაძე, ხო ნიჭიერი მწერალი ხართ და ამასთანავე ხო სხვებზე უკეთაც გესმით ის
სარგებლობა, რომელიც, თქვენის ჰაზრით, ქართველს შეუძლია რუსულს და
ევროპიულს ენებზე წერით; მაგრამ ნუ გეწყინებათ და ჩვენი ჰაზრი ეს არის, რომ
თქვენს რუსულს და ფრანგულ ნაწერებში თქვენი ქართული ნაწერის მეოთხედსაც არ
გავცვლი იმიტომ, რომ ქართული წერით თქვენ ათი იმდენი სარგებლობა მოუტანეთ
ჩვენს ქვეყანას, რამდენიც უცხო ენებზე წერით, თუმცა უცხო ენებზე, მგონი, უფრო
მომეტებულიც გიწერიათ, ვიდრე სამშობლოზე...
ერთს ალაგას თავის სტატიაში უფ. ნიკოლაძეს შემდეგი სიტყვები აქვს მოყვანილი:
«მე დიდი იმედი არა მაქვს ჩვენი მამულის მომავალისა; მაგრამ ის კი მტკიცეთ
მრწამს, რომ ჩვენი მდგომარეობა ჩვენმა ახალგაზდობის მტკიცე, შეერთებულმა
შრომამ უნდა გააუმჯობესოსო». თუნდაც რომ მართალი და ნამდვილი იყოს უფ.
ნიკოლაძის სიტყვა, რომ იმას ჩვენი ქვეყნის იმედი არა აქვს, ეს მწარე სიტყვა მაინც არ
უნდა ეთქვა. არ უნდა ეთქვა განსაკუთრებით უფ. ნიკოლაძეს, რომელსაც ჩვენს
საზოგადოებაში სამართლიანი რწმუნება და სახელი დაუმსახურებია. არ უნდა ეთქვა
განსაკუთრებით იმიტომ, რომ გულს მოუკლავს კაცს ამგვარი იმედ-გადაწყვეტილი
და სასოწარკვეთილი ჰაზრის გაგონება...
მართალია, ბევრი უნუგეშო მოვლენაა ჩვენს აწინდელ ცხოვრებაში, ბევრი ისეთი
ნიშნებია, რომელსაც ხეირიანი ბოლო არ ექნება, მაგრამ ეს საძაგელი და უნუგეშო
მოვლენანი უფრო უნდა გვამხნევებდნენ ჩვენ იმათ წინააღმდეგ ბრძოლისათვის,
უფრო მაგარ სულს უნდა გვიდგამდნენ, უფრო მომეტებულ ენერგიას უნდა
გვაძლევდენ, რომ ეს ჩვენი ქვეყნის ყოველ მხრივი ბედნიერებისა და წარმატების
დამაბრკოლებელი მოვლენანი თავიდამ ავიშოროთ და იმ ბედის ვარსკვლავს
მივსდიოთ, რომელიც ყოველ სამშობლოს მოყვარე შვილს შორიდამ უნდა უნათებდეს
თავის ცხოვრებისა და მოქმედების გზას.
ამით ვათავებთ, ჯერ-ჯერობით, ამ სასიამოვნო პოლემიკას. ვამბობ «სასიამოვნო»-ს
ამიტომ, რომ ჩვენს ლიტერატურაში (ჟურნალისტიკაში – რედ.) ჯერ ისე პოლემიკა და
ბაასი არ ნახულა, რომ მობაასეთ ერთმანეთის ლანძღვა, გინება და პირადობაზე
უშვერი სიტყვები არ წამოესროლოთ. აქ კი წმინდა ჰაზრებზე, პრინციპებზე იყო სჯა
და თუ გაგრძელდა შემდეგშიაც, იმედი გვაქს, ამ გზას არ გადავსცილდებით.
მეგობრებმა, ერთს გაზეთში თანამშრომლებმა, მეგობრულათ დავიწყეთ სჯა ისეთ
საგნებზე, რომლის ყოველ მხრით გაცნობა ჩვენი საზოგადოებისთვის უალაგოთა და
უსარგებლოდ არ მიგვაჩნდა. ეს სჯა, ეს ბაასი, თუნდაც რომ ხანდისხან ცხარე
კილოთი ყოფილიყოს, მაინც იქამდინ არ მიაღწევს, რომ ჩვენ – მობაასენი ერთმანეთს
დავშორდეთ, რომ ჩვენ შემდეგშიაც იმ საშუალებითვე და იმ ღონის-ძიებით არ
ვიზრუნოთ ჩვენი საზოგადო სამშობლოსათვის, როგორც ადრე ვზრუნავდით. ზოგ
ჰაზრებში უთანხმოება, ზოგიერთს მსჯელობაში განსხვავება ჩვენს საზოგადო
სამსახურს და მოვალეობას არ დაგვავიწყებს და არც პირადათ ერთმანეთზე გულს
აგვიცრუებს.
მაშ, ჩვენი მტრები ნუ გაიხარებენ, ნუ აუფანცქალდებათ სიამოვნებით გული და ნუ
იფიქრებენ: «არიქა, ღმერთი შეგვეწია, «დროების» თანამშრომელნი ერთმანეთს
დაერივენ და ჩხუბობენ, გვეშველაო!»
ზოგიერთს ჰაზრებში უთანხმოება არც ჩხუბია და არც ერთმანეთის დარევა. ეს
მხოლოთ პოლემიკაა და, ვიმეორებთ, ამგვარი პოლემიკა ჩვენ თუ არ დაგვაახლოვებს
ერთმანეთთან, თუ უფრო არ გვამსახურებინებს ერთისა და იმავე მიზნისთვის,
თორემ ჩვენი დაშორება მას არ შეუძლია
.
დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», 1876 წ., №99-100, ს. მესხის ხელმოწერით.

წყარო: www.gdi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი