ერთი დღე მუხა-ესტატეში (ტურისტის შენიშვნები)
მხოლოდ უბრალო ცნობის-მოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, გასასეირნებლად წაველი; არც «პადრიადი» მქონია (რომელსაც ასე გაცხარებით ეძებენ ახლა ჩვენი განათლებული და გაუნათლებელი «ახალგაზრდა მოხუცებულები»), არც სხვა რამ სამხედრო ანუ სამოქალაქო საქმე; მინდოდა მხოლოდ მენახა, – თუ როგორ იბრძვიან ხალხნი ერთმანეთში, როგორ ღვრიან სისხლს, რა გვარად არიან მოწინააღმდეგე ჯარები ერთმანეთის პირ-და-პირ დაყენებულნი; მინდოდა მენახა და მეგრძნო, – თუ რა «გემო და რა სუნი აქვს თოფის წამალს» და სროლას ჩემისთანა არა მეომარ მშვიდობიან კაცზედ. აი, ამიტომ ამ ჩემ წვრიმალ სურვილების დასაკმაყოფილებლად, ავიბარგე მე ამ აგვისტოს 3-ს ქუთაისიდამ და გავსწიე ოზურგეთისაკენ, რომ აქედამ მუხაესტატეს ბანაკში გადავსულიყავ. ქუთაისიდამ ოზურგეთს მიმავალმა, როგორც მოგეხსენებათ, ჯერ რკინის გზით სამტრედიამდინ უნდა მივიდეს; მერე აქედამ ჩვენი დალოცვილი «ტროიკით» ოთხი სტანცია უნდა გაიაროს და, ამ ნაირად, მიბრძანდება გურიის სატახტო ქალაქს ოზურგეთში. მთელი ეს გზა ჩვენ (ოთხნი ვიყავით ერთად მიმავალნი) მშვიდობით, შეუშფოთებლად გავიარეთ; მხოლოთ უმოწყალოთ გვაწვიმდა ზევიდამ და ქვევიდამ საშინელი ტალახი სულს გვიწუხებდა. ვისაც ამ ნახევარი წლის განმავლობაში არ უნახავს სამტრედიის სტანცია, ახლა რომ ნახოს, ვერ იცნობს: ისეთი მოძრაობაა, ისეთი ფაცა-ფუცია სხვადასხვა წოდების და ხელობის ხალხისა; ყველა კი «ფულის მაძიებლები» არიან, ყველა ესენი ისე დაჰყვებიან ატრიადს, როგორც ტარბი კალიას. აქ გამართულა სხვადასხვა გვარი საქონლის, ჯარის სურსათისა და თივის და სხვა ამგვარების გადასატან-გადმოსატანი «კანტორები»; უანგარიშო ურმები, დიდ-ძალი ნაირნაირი საქონელი ვაგონებზე და სხვ. მთელს გზაზედ, სამტრედიიდამ მოყოლებული ოზურგეთამდინ, შეხვდებით ჯარის სურსათითა, საომარ მასალებითა და თივით დატვირთულ ურმებსა და ცხენებს. მაგრამ ნუ შეუდგებით ამ მოგზაურობისა და მშვიდობიან ხალხის მოძრაობის აღწერას; ეს ხომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ იმერლებს ახლა ფულის მოგების დრო დაუდგათ და ვისაც ცოტა რამ «მოხერხება» აქვს, კიდეც მოიგებს. 9-ს ნაშუადღევის 2 საათზე ჩვენ მიველით ოზურგეთს. ადვილად შეგიძლიანთ წარმოიდგინოთ, რომ ეს მშვიდობიანი, მიყრუებული ქალაქი ახლა სამხედრო ქალაქად უნდა იყოს გადაქცეული, რადგან ორ ნაბიჯზე იქედამ «ბრძოლის ველი» იწყება. მართლაც, საითაც არ გაიხედავთ, ყველაფერი ომსა და მხედრობას მოგაგონებთ: ზედ ქალაქის თავში დაბანაკებულია რამდენიმე ბატარეია თავის ცხენებითა, აუარებელი აფიცრები, დიდ-ძალი რიცხვი მილიციონერებისა და კიდევ უფრო მომეტებული სალდათობა. ოზურგეთშივე იმყოფება ამ ჟამად მთელი რიონის ატრიადის მთავარ-სარდალი ღენ. მაიორი აგლობჟიო, შტაბი და ამ შტაბის უფროსი პოლკოვნიკი კრაევიჩი, რომელნიც, ამ რამდენიმე დღის შემდეგ, ქუთაისში უნდა გადმოვიდნენ. ქობულეთის ატრიადის სარდალი, ღენ. მაიორი დ ე ნ ი ბ ე გ ო ვ ი და ამ შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ყ ა ზ ბ ე გ ი, მთელი ჯარით, მუხა-ესტატეში არიან დაბანაკებულნი. თუმცა სამტრედიიდამ ოზურგეთში მოსულები (სულ 55 ვერსი ითვლება) ისეთნაირად ვიყავით ტროიკისაგან გალახულები, თუმცა ტროიკამ ისეთნაირად გვჟეჟა, რომ როგორც ერთმა ჩემმა თანამოგზაურმა სთქვა, სამტრედიას რომ რამე დაგველია, ოზურგეთამდინ მუცელში ჩინებული კარაქი გაგვიკეთდებოდაო, თუმცა წვიმისაგანაც ძვლამდინ გაწუწულები ვიყავით, მაგრამ ჩვენი სურვილი, რომ საჩქაროთ მუხა-ესტატე გვენახა, ისეთი ძლიერი იყო, რომ მზად ვიყავით იმ წამსვე წავსულიყავით ოზურგეთიდამ ბანაკში, სადამდინაც 15 ვერსია ცხენის სავალი გზა. საუბედუროთ, ეს ჩვენი სურვილი ვერ შევასრულეთ, რადგან იმ დღეს მუხაესტატეში მიმავალი არავინ იყო და «უაკაზიოთ» არავის უშვებდნენ; თითქმის დღე არ გაივლის თურმე ისე, რომ ოზურგეთსა და მუხა-ესტატეს შუა არ დახვდნენ მარტოთ, უიარაღოთ მიმავალ ხალხს ქობულეთელები და რაც რამ საქონელი გააჩნიათ და ხან საკუთარი სიცოცხლეც არ წაართვან. ჩაუჯდებიან გზის ნაპირას, ტყეში უყარაულებენ მოგზაურებს და თუ ვინმე «უაბნად» დაინახეს, ან თავის საფარიდამ ესვრიან თოფს, ან, თავმოგზაური სულ უიარაღო, გამოვარდებიან, დაეცემიან, ხშირად თავს გააგდებინებენ, გასძარცვენ და მირბიან. ამბობენ, ამგვარი შემთხვევა ხშირი იყოვო, მაგრამ ახლა დერვიშ-ფაშამ აღუკრძალა ქობულეთელებს ამგვარი «უმიზნო ნადირობა» და უფრო იშვიათად ხდება უბედურება ამ გზაზედაო, მაგრამ ჩვენი აქაური სამხედრო მთავრობა მაინც გაფრთხილებულია და თუ 6 – 10 ჩაფარს არ გაატანს (ამას ჰქვიან აქ «აკაზია»), ისე არავის გაუშვებს გზაზედ, ოზურგეთისა და მუხა-ესტატეს შუა. რადგან მუდამ დღეა ამგვარი «აკაზიები», ამის გამო ოზურგეთსა და მუხაესტატეს შუა მოგზაურ ხალხს ამ მხრით არავითარი დაბრკოლება არ ეძლევა. მაგრამ, საუბედუროთ, ზოგიერთები ამ განკარგულებას არ აქცევენ ჯეროვან ყურადღებას და ამ მხნეობისათვის ხშირათ სულ ტყუილუბრალოთ თავის თავს სწირავენ. ჩვენდა ბედად, ქობულეთის შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ყ ა ზ ბ ე გ ი, ჩვენ რომ ჩაველით, იმ დროს ოზურგეთს იყო მოსული რაღაც საქმის გამოისად და მეორე დღეს მუხა-ესტატეში დაბრუნებას აპირებდა. ამაზე უკეთეს შემთხვევას ჩვენ ვერ ვიპოვიდით. გადავსწყვიტეთ, რომ მეორე დღეს ყველას უნდა გვეშოვნა ცხენები და შტაბის უფროსთან ერთად უნდა წავსულიყავით. დილის ათი საათი იქნებოდა, როცა ჩვენ ყველა, ვინც მუხა-ესტატეში წასვლას ვაპირებდით, ოზურგეთის მოედანზე ან პლაცზე შევიყარენით, სადაც ამაყად გამოჭიმულია თ. დ. გურიელის აჭრელებული, უცნობს არხიტექტურასა და გაუგებელს გემოვნებაზე აშენებული «სასახლე». აქ იყო: მაღალი და სქელი ნოტარიუსი, დაბალი და ჩარგვალებული გამომძიებელი სუდისა, გაგრძელებულ გაწვრილებული გამომცემელი გაზეთისა და თქვენი მორჩილი მონა – ამ სტრიქონების დამწერი, არც მდაბალი – არც ერთობ მაღალი, არც სქელი და არც ერთობ გამხმარი. ცოტა ხანს შემდეგ ჩვენ შემოგვიერთდა, ანუ უკეთ ვსთქვათ, ჩვენ შეუერთდით ქობულეთის ატრიადის შტაბის უფროსს პოლკოვნიკს ყ ა ზ ბ ე გ ს, რომელმაც მარდათ შემოაჭენა ცხენი მაედანზე და თავის ამალით – 12 მილიციონერით და ყაზახი რუსით გამოსწია ჩვენსკენ. ჩვენთან ერთად მოდიოდა აგრეთვე ახალგაზრდა ექსან-ხანი, რომელიც განთავისუფლებულიყო დაჭრილობისაგან და ახლა ისევ თავის პოლკში მიდიოდა. თორმეტი საათის ნახევარზე, როგორც ყოველი რიგიანი მოგზაურის წესია, გადავიწერეთ პირს-ჯვარი და დავადექით გზას. მაგრამ რა გზას! მხოლოთ ახლა ვაფასებ ჩვენი საპიორებისა და სალდათების შრომას! ახლა ვაფასებ, როცა ოზურგეთიდამ მუხა-ესტატეში მიმავალი გზა ვნახე. მთელი ეს გზა საშინელს, თითქმის გაუვალს ტყეში არის გაჭრილი; ალაგალაგ ძირს ხევში ჩაეჭრათ. მერე როგორი გზა? ისეთი, რომ ზედ «მძიმე არტილერიას» გაევლო, ას-ას ფუთიან ზარბაზნებს და ოთხად შებმულ ურმებსა და პოვოზკებს, და მარტო მუხა-ესტატემდინ ხომ არაა ამისთანა გაჭრილი შარა გზა, ხუც-უბანზე და სამებამდინ არის თურმე ჩვენი ჯარებისაგან გაჭრილი. რამდენი წვეთი ოფლი, რამდენი შრომაა დახარჯული ამ გზის კეთებაში! და ვინ სარგებლობს ახლა ამ ოფლითა და შრომით? ჩვენი მტერი... ამბობენ დერვიშ-ფაშამ, ბათუმის ჯარის უფროსმა, მადლობა შემოუთვალა გენერალ აგლაბჟიოს ამ გზის გაკეთებისთვისაო, მხოლოთ უკმაყოფილოდ დარჩაო, რომ ცოტა ვიწროთ გაგიკეთებიათო, თქვენი პატარა ზარბაზნების გადასატან-გადმოსატანათ გამოგადგებათო, მაგრამ ჩვენ უფრო დიდი ზარბაზნები გვაქვს და ამისათვის ამ გზის გასაფართოებლად ცოტაოდენი შრომა მოგვეცაო! რომ კიდეც დაგვცინიან!.. ოზურგეთიდამ მუხა-ესტატემდინ 15 ვერსია და თითქმის ყოველ ორ-სამ ვერსზე ლოჟმენტებით გამაგრებულს მაღლობს ადგილებზე ჩვენი პიკეთები, ყარაული ჯარი დგას, თითო ალაგას ასი-ორასი კაცი, მომეტებული ნაწილი გურიის დრუჟინის მილიციონერები. ხელად, საჩქაროთ გაკეთებულს ბარაკებში, ფაცხებში დგანან. ქარი ყველგან ქრის ამ ფაცხებში, მზე ყველგან აცხუნებს და წვიმა ყველგან თავისუფლად ჩამოდის. ამ ზაფხულ-შემოდგომას კი არაფერია, სოფლად ნაჩვევი ხალხი, როგორც იქნება მოიჭირვებს, მაგრამ თუ ამავე ფაცხებში დაზამთრება მოუხდათ, მაშინ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ამ ხალხში დაუავადმყოფებლად ხუთში ერთიც ვერ გადარჩეს აქეთკენ, საცა ზამთარი ისე სუსხიანია, ასე წვიმიანი და თოვლიანი. ავათმყოფები ახლაც საკმაოთ არიან თურმე ჯარში; მომეტებული ნაწილი მუცელათი და ციებით. ამას ამ ცუდ ამინდებს, წვიმებს აბრალებენ, რომელიც ამ ერთი თვის განმავლობაში ყოფილა აქეთკენ და აგრეთვე დაუმწიფარი ხილის ჭამას. სიტყვამ მოიტანა და ერთი კითხვა ექიმებისათვის: რატომ არის, რომ სურამს გადმოღმა, იმერეთ-გურია-სამეგრელოში ხალხს თითქმის სრულიად დაუმწიფარი, მწვანე, ცხარე, მჟავე ხილი უყვარს და სურამს გადაღმა, ქართლ-კახეთში კი, ერთობ გადამწიფებული, დარბილებული, დამჭლეური, მიმტკბარი და თითქმის დამპალი. ოზურგეთიდამ მიმავალს მუდამ თვალ-წინ უდგა, მარცხნივ სხვა გარშემო მთებზე, ერთი ორად მაღალი, შაქრის თავივით აყვანილი მთა – ჯიხანჯირი, რომელიც ხუთ ექვს ვერსზე იქნება მუხა-ესტატედამ აქეთ, ოზურგეთისაკენ. ეს ის ჯიხანჯირია, რომლის თაობაზედაც ახლა აქაურ შტაბის აფიცრებში უთანხმოება არის ატეხილი: ზოგნი ამბობენ, რომ, რადგან მუხა-ესტატეში დიდხანს გამაგრება, არ შეგვიძლია, თუ ოსმალოს ჯარი მოგვაწვაო, ამის გამო აქ, ჯიხანჯირზე უნდა გადმოვიტანოთ ჩვენი ბანაკიო; სხვები კი ამტკიცებენ, რომ ამ მთაზე ბევრი-ბევრი ორი ბატალიონი თუ დაეტევაო, სრულებით ცხენოსანი ჯარისათვის საბანაკო ადგილი არ არისო და, ამას გარდა, კიდევაც რომ ბლომათ მოთავსდნენ ის ჯარები, ისეთს მაღლობზედ იქნებიან დაბანაკებულნი, რომ, სანამ იქიდამ ჩვენი ჯარები ჩამოვიდოდნენ, მანამ მტერს თავისუფლად შეუძლია ოზურგეთში ამოჰყოს თავიო. ჩვენი გზა გადაჭრის მდინარე ჩოლოყს. უფ. ყ ა ზ ბ ე გ მ ა გვიჩვენა ჩვენ ის ჩოლოყის ველი, სადაც 1854 წელს თ. ა. ა ნ დ რ ო ნ ი კ ო ვ მ ა 16 ათასი კაცით დაამარცხა 80 ათასი თათრის ჯარი. თუმცა ჩვენმა გამოჩენილმა სარდალმა სტრატეგიის არა იცოდა რა, მაგრამ, სჩანს, იმას ახლანდელ მეცნიერ სტრატეგიკოსებზე უარესად არ მოუხერხებია საბრძოლველი ადგილის ამორჩევა... პირველი საათი რომ შესრულდა, ჩვენ დავადექით ერთს ფერდზე და იქიდამ დავინახეთ პირველად ჩვენი მუხა ესტატეს ბანაკი. აქედამ არაფერი არა სჩანს მაინცა-და-მაინც შესამჩნევი და ყურადღების ღირსი; ზევით მუხა-ესტატეს სიმაღლის ქედი, საცა ჩვენ ვდგევართ – ისაც ქედი; შუაში პატარა მდინარე, რომლის იქით-აქეთ ნაპირებზე მიჭუჭკული არიან მერცხლის ბუდეებსავით ფაცხები ჯარებისათვის და ცხენები გარეთ, ცის ქვეშ დგანან. ეს მთავარი ბანაკი არ არის ჩვენი; მთავარი ბანაკი ჩვენი ჯარისა, შტაბი და ბატარეიები იმ ქედს იქით არის, რომელიც მდინარეს ზემოდამ იწყება. აქედან ძირს, ჩვენ ფეხთ ქვეშ, გაცხარებული მოძრაობა მოჩანს მდინარის ნაპირზე: ზოგან სალდათები, ნაჯახებით ხელში, აკეთებენ თავის ფაცხებს, რომელნიც ერთობ შეუწუხებია გავლილ წვიმებს; ზოგან თითო-ოროლა გადარჩენილ ხეებს სჭრიან, ზოგან საჭმელს ხარშავენ; იქით გამწკრივებულია ორი-ოდე-ასი მილიციონერი და «ათამაშებენ». ჩვენ პირდაპირ, წყალს გაღმა, კარგათ ვხედავთ რამდენიმე აფიცერს, რომელნიც დურბინდით გაჰყურებენ მარჯვნივ, ზღვისაკენ. ეს არის, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, «შესავალი» ჩვენი მუხა-ესტატეს ბანაკისა. თვითონ ბანაკზე შემდეგ. ამ ქედიდამ ჩვენ დავეშვით ძირს, გადავიარეთ პატარა ხევი და რამდენიმე მინუტის შემდეგ ავედით მუხა-ესტატის სიმაღლეზედ. სამხედრო მეცნიერებაში განვითარებული არა ვარ, საუბედუროთ, თორემ იქნება უფრო დაწვრილებით და უფრო მომეტებული ტეხნიკურ სიტყვების ხმარებით ამეწერა ეს ჩვენი სამხედრო ბანაკი, იმის პოზიციები, ჯარების განაწილება და დაყენება სხვადასხვა ალაგებზე, ლოჟმენტები, ტრაშეები, რეტრანშამენტები და სხვა და სხვ. ამის გამო მე, როგორც უბრალო მომაკვდავ ტურისტს და დამკვირვებელს შეეფერება, ისეთის ენითა და კილოთი აგიწერთ მუხა-ესტატესა, და ეს აღწერა იქნება უფრო ადვილი გასაგები შეიქნეს ჩვენი მკითხველისათვის, ვინემ მეცნიერებითი ენითა და ტეხნიკური სიტყვებით შეზავებული აღწერა. მუხა-ესტატეს, ხუც-უბანის, სამების და ციხის-ძირის სიმაღლეები არიან შტონი იმ მთისა, რომელსაც კარგათ ჰხედავთ სურამიდამ ფოთამდინ მოგზაურობის დროს და რომელსაც ჩვენ ხან ახალციხის მთებსა და ხან აჭარის მთებს ვეძახით. ამ მთის ნაწყვეტები რამდენიმე შტოთ ჩადის შავ ზღვამდინ; ამათ სიმაღლეებზე და ფერდოებზე ზღვის ნაპირას სახლობენ ოსმალოს ქართველები და თვითონ ოსმალოებს კი რუსების წინააღმდეგ გაკეთებული აქვთ ციხეები და სიმაგრეები. ამბობენ, რომ ომიანობის დაწყების დროს არც მუხა-ესტატეში, არც ხუცუბანში და არც სამებაზე ოსმალოები სრულებით არ ყოფილან, რუსის ჯარს თითქმის თოფის გაუსროლელად შეეძლო ციხის-ძირთან მისვლაო; ციხის-ძირი კი ცოტაოდენათ ყოფილა გამაგრებული ლოჟმენტებითა და ზარბაზნებით, მაგრამ მაშინ არც ამ ციხის აღება დაუჯდებოდა ერთობ ძვირად რუსებსაო. მაგრამ უბედურება ეს არის, რომ მაშინ ამ ადგილებზე გადასვლა არ შეიძლებოდა და ჩვენი საპიორები და სალდათები იძულებული იყვნენ დიდის გაჭირვებით გაეყვანათ ზარბაზნების გადასატანი და ცხენოსანი და თითქმის ქვეითა ჯარის გადასაყვანი გზა; ამასობაში ხანი გავიდა, ოსმალოებმა უკან დაიწიეს და მოასწრეს ციხის-ძირის გამაგრება და ისე გამაგრება, რომ ეს ციხე ახლა ჩვენებურებისათვის თითქმის საფრთხობელად და საარაკო ციხედ გადაქცეულა. მე თვითონ ვნახე ჩემის თვალით, რომ ამას წინათ ერთს იმერეთის მიყრუებულს სოფელში გლეხის ორი პატარა ბიჭები წაეჩხუბნენ რაღაცაზე ერთმანეთს. ერთი ამათგანი მიუბრუნდა მეორეს და უთხრა: თუ კაი მაჩხუბარი ბიჭი ხარ, ციხის-ძირში წადი და იქ იჩხუბე! მალე აგიტირებენ დედასა!.. ან თუ ვისმეს დაცინება უნდათ, ასე ამბობენ: ძალიან მარჯვე ბიჭია: ციხის-ძირს აიღებს, აი! ვისაც გინდათ მუხა-ესტატე წარმოიდგინოთ, წარმოიდგინეთ უბრალო ცხენის ნალი, ანუ კიდევ უკეთ: ცერი და საჩვენებელი თითი მოღუნეთ ისე, რომ ერთმანეთს მიუახლოვდნენ, მაგრამ ერთს მეორეზე კი ნუ მიადებთ. ამ ორი თითის დაყოლებას იქითკენ ლოჟმენტები (მოთხრილი ჩასასაფრებელი, სასროლი) ადგილებია გამართული. აქეთკენ, თქვენ პირის-სახისაკენ გაკეთებულია ქვევითა და ცხენოსანი ჯარის სადგომი ფაცხები, ბამბის კარვები და თოფის წამლის სარდაფები. საცა საჩვენებელი თითი მეორე სახსარში მოღუნულია, იქ ჩვენი ბატარეები (ზარბაზნები) დგანან სწორეთ ოსმალოს ბანაკის ხუც-უბნის პირდაპირ, რომელიც ისე დასჩერებია მუხა ესტატეს, როგორც ცხვირი ტუჩებს. ბატარეიების გადაღმა, ძირს დაყენებულია ჩვენი პირველი ცეპი, ანუ ყარაული ჯარი, რომელიც დურბინდით ათვალიერებს ხუც უბნის ბანაკს და იმ წამსვე მოახსენებს შტაბის უფროსს, თუ ოსმალოს ჯარში რაიმე არა-ჩვეულებრივი მოძრაობა შენიშნა. თვითონ შტაბი და ქობულეთის ატრიადის უფროსი ღენერალი დ ე ნ ი ბ ე გ ო ვ ი დგანან იმ ადგილას, საცა თქვენი ცერის ბრჩხილია. ამ ორ თით შუა, ანუ ბატარეებისა და შტაბის სადგომ ალაგს შუა ჩაწეული, ხევი ალაგია და იქ დგას ორივე მხრით მომეტებული ნაწილი ჩვენი ჯარებისა, მხოლოთ ცხენოსანი ჯარი (ჩვენი დრუჟინები) კი კიდევ უფრო აქეთ დგანან მუხა-ესტატეს გადმოღმა მინდვრებზე. მუხა-ესტატეზე რომ დადგეთ და პირი ხუც-უბნისაკენ გქონდეთ, მარცხნივ იქნება პატარა მთა, რომელზედ დგას ჩვენი პიკეთი; მარჯვნივ ზღვა, რომელიც 8 ვერსზე იქნება აქედამ და რომელზედაც მუხა-ესტატეს პირ-და-პირ მუდამ გაჩერებულია ოსმალოს ჯავშნიანი ხომალდი; უკან დაგრჩებათ ჯიხანჯირის ამწვანებული მთა, რომელზედაც აგრეთვე ჩვენი პიკეთი (პლასტუნები) დგას. ჩვენ პირ-და-პირ ხუც უბნიდამ მარცხნივ, არის ტალახას მთა, რომელზედაც, სხვათა შორის, ამ პირველ აგვისტოს ჩვენსა და ოსმალოს ჯარებს შუა მცირეოდენი შეტაკება ყოფილა. აი, ეს გახლავსთ ერთის თვალის გადავლება ჩვენი მუხა-ესტატეს ბანაკისა. ერთი თვალის გადავლება, სამხედრო საქმეში სრულიად გამოუცდელ თვალისაც, კმარა აგრეთვე იმაში დასარწმუნებლად, რომ ოსმალოს ჯარების პოზიცია (ხუც-უბანი) ბევრად უკეთესი, უფრო მარჯვე პოზიცია არის, ვინემ ჩვენი. ხუც-უბანი, სამება და ციხის-ძირი ერთი მეორეზე უმაღლესი ადგილებია და ყველა ესენი უფრო მაღლებია, ვინემ მუხა-ესტატე, ასე რომ, ხუც-უბანი როგორც ხელის გულს ისე დაგვჩერებია ჩვენ და, მაშასადამე, იქიდამ ნასროლი ყუმბარები უფრო გვაზარალებენ ჩვენ, ვინემ ჩვენგან იმათ. ამას გარდა, შასანიშნავია, რომ ყველა ეს მთები, რომელზედაც ოსმალები არიან გამაგრებულნი, იქით მხრით ბათუმისაკენ ძალიან ცოტათ არიან დაშვებულნი, მაშინ როდესაც ჩვენკენ, ოზურგეთისაკენ კი ისეთ ნაირად არიან დაფერდებულნი, რომ არა თუ მძიმე არტილერიის ატანა, ცხენოსან და თითქმის ქვევითა ჯარსაც უჭირს ზედ ასვლა. აქედან წარმოსდგება ის გარემოება, რომ ჩვენ აქედამ, ამ დაშვებულ ფერდობით მისვლა და ჯარების მიყვანა გვიძნელდება და ოსმალოებს კი ჩვენკენ და ჩვენზედ მოსვლა კი მაგდენათ არა. ამას მიუმატეთ კიდევ ის გარემოება, რომ გარშემო მცხოვრებლები – ქობულეთელები საშინლად გადაგვემტერნენ ჩვენ და არა თუ წინ, უკან – ოზურგეთის გზისკენაც კი უშიშრად ვერ გაუვლია კაცსა. ყველა ამ ჩვენთვის არა-სასარგებლო გარემოებამ აღძრა შტაბში ლაპარაკი იმაზე, რომ მუხა-ესტატეში ჩვენ დიდხანს გაჩერება არ შეგვიძლია და თუ ახალი ჯარები არ მოგვემატა და ისევ წინ არ წავიწიეთ, აუცილებლად საჭიროა, რომ უკან დავიწიოთ, ოზურგეთისაკენაო. მართლაც, ამაში ეჭვი არ უნდა გვქონდეს, რომ, თუ დერვიშ-ფაშამ ხუცუბნიდამ ზარბაზნები დაგვიშინა, მუხა-ესტატეში გამაგრება არ შეგვიძლია და არ შეგვიძლია იმ ზემოხსენებული მიზეზების გამო, რომ ჩვენ აქ არც საკმაო ძალა გვყავს, არც რიგიანათ ვართ გამაგრებული და არც მოხერხებული სამხედრო პოზიცია გვაქვს. მაგრამ დერვიშ-ფაშა ჯერ თავის ჯარით გაჩერებულია და იმის წყალობით ჩვენც გაჩერებული ვართ. 11 და 12 ივლისის შემდეგ, როცა გვარიანი სროლა და სისხლის-ღვრა მოხდა კვირიკესთან, აქეთკენ თითქმის სრულიად არ გვქონია მტერთან რაიმე შესამჩნევი შეტაკება. მხოლოდ დრო-გამოშვებით კინწლაობა ხდება ჩვენსა და იმათ ცეპებსა და ახოტნიკებს შუა, ესეთი კინწლაობა, რომელსაც სამხედრო კაცები «პარტიზანულ ომს» ეძახიან. ათი-ოცი, ხან მეტი, ხან ნაკლები, ქობულეთელები წამოვლენ იქიდამ, გადმოეპარებიან ჩვენ ყარაულ ჯარს, მიუახლოვდებიან რომელსამე ჯარის ნაწილს და უეცრად გააჩენენ სროლას; საქმე თავდება იმით, რომ თითეულის მხრით ოთხი-ხუთი კაცი იხოცება და იჭრება. ამბობენ, ქობულეთელები ძალიან დიდის ხალისით ასრულებენ ამ გვარ საქმესაო; მიდიან დერვიშ-ფაშასთან და სთხოვენ – გაგვიშვით გურულების დასახოცათაო. მაგრამ, როგორც ნამდვილად მითხრეს, დერვიშ-ფაშამ ამ უკანასკნელ დროს ამ გვარი «ნადირობა» აღუკრძალა ყველას და ახლა მხოლოდ მალულად მოდიან ჩვენკენ ქობულეთელებიო. არც ჩვენის მხრიდამ აკლებენ ხელს; ჩვენც გვყავს «ახოტნიკების კამანდა», რომლის წინამძღოლი შტაბის კაპიტანი კლეჩკოვსკია და რომელშიაც მომეტებული ნაწილი ჩვენი მილიციონერები არიან ჩაწერილნი და პლასტუნები (ქვევითა ყაზახი რუსები). ესენი ეცემიან ოსმალოს პიკეთებს, იტაცებენ, თუ სადმე უყარაულო ჯოგი დაინახეს, ოცვენ, თუ სადმე გზა-დაბნეული ერთი ან ორი ქობულეთელი დაინახეს. თუ სადამდინ მიაღწევს ამათი გაბედულობა, ამის დასამტკიცებლად შემდეგი მაგალითი მოგვყავს: ხუთი ახოტნიკი გადაპარულიყო ამას წინათ ღამით ოსმალოს ყარაულებს იქით, მისულიყვნენ ქობულეთს, შეპარულიყვნენ ალიფაშა (თავდგირიძის) ერთს ოთახში, დაესხათ პოლზე და სტოლზე ნავთი, ის იყო რომ სპიჩკა უნდა წაეკიდა, ამ დროს შეეტყოთ და ძლივს მოესწროთ გამოქცევა. ამ ომის დაწყებამდინ, გურულებს და ქობულეთელებს შუა თუმცა ხშირად მოხდებოდა ხოლმე კინწლაობა, თუმცა ხშირად გადადიოდ-გადმოდიოდნენ ერთმანეთში ქურდობისა და საზოგადოთ ცუდ-კაცობის მიზნით და ერთმანეთს მაგდენათ არა ზოგავდნენ, მაგრამ ამ ორ მოსაზღვრე ხალხს ერთმანეთი თანამოძმეებად მიაჩნდათ და ყოველ გაჭირვებაში მზათ იყვნენ ერთმანეთისათვის, რითაც შეეძლოთ, ხელი მოემართათ. ჰქონდათ ერთმანეთში ხშირად მეგობრული მისვლა-მოსვლა, ნათესაობითი კავშირი და მეგობრობა. ახლა? ახლა ამ ომიანობის გამოცხადების შემდეგ ისეთი გაბრაზებული მტრობა ჩამოვარდა ამ ორ ხალხს შუა, რომ მზად არიან ერმანეთის სისხლი შესვან და ხორცი შესჭამონ. რასაკვირველია, არც რუსსა და ქართლელ ანუ კახელ მილიციონერს დაზოგავს ქობულეთელი, თუ სადმე შეხვდა; მაგრამ ისეთის «სიამოვნებით» არავის არ მოსჭრის თავს, როგორც გურულს. – მოიცადეთ! აგი თავ-ქოფიანები (ე.ი. თავ-კეპიანი სალდათები) მალე წავლენ აქედამ და თქვენ კი აქ დაგვრჩებით! – ასე ემუქრებიან თურმე ქობულეთელები გურულებს. რისგან წარმოსდგა ამისთანა დაუძინებელი მტრობა ამ ორ მოსაზღვრე და თანამოძმე ხალხს შუა? რა იყო ამის მიზეზი? მიზეზს ათასს ამბობენ. გურულები და სხვებიც მუხა-ესტატეში ამბობენ, რომ პირველად მშვიდობიან მცხოვრებლებმა დაგვიწყეს თავიანთ სახლებიდამ და ტყიდამ თოფების სროლაო და მერე აღარც ჩვენ დავზოგეთო. თვითონ ქობულეთელები კი ამტკიცებენ, რომ ჩვენ სრულებით განზრახვა არ გვქონდა, რომ ჩვენი თანამოძმე ქართველებისათვის თოფი გვესროლა და საზოგადოთ იმათ მტრულად დავხვედროდითო! მაგრამ როცა ვნახეთ, რომ ჯარს ისინი მოუძღვიან წინ, რომ ისინი (გურულები) ასწავლიდნენ გზას, და მშვიდობიანი სოფლები აგვიკლეს, ცოლ-შვილი და მოხუცებულები ამოგვიწვეს სახლებში, რაღა თქმა უნდა, აღარც ჩვენ დავზოგეთ და არც შემდეგში დავზოგავთო; გურულები რო არა, მარტო რუსები ჩვენ ვერას დაგვაკლებდნენო და სხვა. ჩვენ არ ვიტყვით, – რომელია ამათში მართალი და რომელი მტყუანი, მაგრამ ამას კი ყველა ერთხმად ამტკიცებს, რომ ჩვენის მხრით რომ ცოტა მომეტებული გამჭრიახობა, უანგარობა და ხერხი ყოფილიყო ხმარებული თავიდანვე, ეს მტრობა და განხეთქილება არ ჩამოვარდებოდა ჩვენსა და ქობულეთელებს შუაო. საუბედუროთ, ეს ასე არ მოხდა და ზოგიერთი უთავო და უგულო პირების წყალობით ჩვენსა და ჩვენს თანამოძმე ოსმალოს ქართველებს შუა დღეს ძმა ძმის მკვლელი მტრობა ჩამოვარდა. მთელი ეს დღე მუხა-ესტატეში ჩვენ, სტუმრებმა, ჩვენი და მტრის ბანაკის დათვალიერებაში გავატარეთ. ქობულეთის ატრიადის შტაბის უფროსმა პოლკოვნიკმა ყაზბეგმა იმდენი თავაზიანობა გამოიჩინა, რომ მთელი დღე თითქმის ჩვენთან გაატარა და გვიჩვენა ყველაფერი, რის ნახვაც შეიძლებოდა და რაც ღირსი იყო ყურადღებისა. როცა ჩვენ გავათავეთ დათვალიერება ჩვენი საკუთარი ბანაკისა, გადავდექით ერთ მაღლობ ადგილზე, საიდამაც უფრო კარგათ ჩანდა ხუც-უბანი, გავმართეთ დურბინდი და დავიწყეთ იქითკენ, მტრისაკენ ცქერა. არავითარი მოძრაობა, არავითარი სიცოცხლე იქ არ სჩანდა; თითქო ყველაფერი მიძინებულია; მხოლოდ მოჩანს ახლად ნაჩიჩქნი მიწა (ლოჟმენტები), რამდენიმე ბამბის კარავი და ორი თუ სამი რაღაც შენობა, სხვა არაფერი. უეჭველია, რომ როგორც ჩვენი ჯარის სადგომები და კარვები ამ მუხა-ესტატეს მთას გადაღმა არის ხევში გამართული ისე, რომ მტრის ყუმბარამ იმათ ვერა ავნოს რა, ისე იმათ ხუც-უბნის იქით გვერდებზე ექნებათ. იქითაც უტრიალეთ დურბინდს, აქეთაც, მაგრამ ვერას ვხედავთ, თუმცა ეს დურბინდი ისე კარგათ აჩვენებს, რომ ადამიანსაც დავინახავთ მტრის ბანაკში (5 – 6 ვერსზედაა აქედამ ხუც-უბანი). ხუც-უბანს იქით, ცოტა მარჯვნივ უფრო ახლოს ზღვის ნაპირზედ ჩვენ ვხედავთ რამდენსამე მაღალ მთას, რომელნიც ყარაულებივით დამწკრივებულან; ეს სამების მთებია, რომელზედაც ჩვენ ვიყავით და რომელზედაც ახლა აღარა ვართ. სამებას იქით, კიდევ უფრო მარჯვნივ და, მაშასადამე, კიდევ უფრო ახლოს ზღვაზე, შავათ ამწვეთებულია ყველა ამ მთებზე უმაღლესი მთა, უძლიერესი ყარაული – ციხის-ძირი ანუ, როგორც ძველი ქართველები ეძახიან, ქაჯეთის ციხე, რომლის აღება ძალიან გვინდოდა, რადგან ეს არის ბათუმის კარი, მაგრამ რომელიც, საუბედუროთ, ვერ ავიღეთ. აქედამ კიდევ უფრო მარჯვნივ ზღვა მოჩანს, რომელზედაც ციხის-ძირსა და მუხა ესტატეს შუა მუდამ გაჩერებულია ოსმალოს დიდი ჯავშნიანი ხომალდი; მთელი დღე 10 აგვისტოს ეს ხომალდი გაუნძრევლად იდგა თავის ალაგას; ნასადილევს ჩვენ კარგათ დავინახეთ, რომ ორი ამისთანავე ხომალდი, ცოტათი უფრო მოშორებით ზღვაში, წავიდა პირდაპირ სოხუმისაკენ. აი, სულ ეს მოჩანს მუხა-ესტატედამ. როგორღაც ახირებული, ძნელად წარმოსადგენი გრძნობა შეიცავს კაცს, როცა მტრის ბანაკს ხედავს. – ამსვა, დამსვა და ნეტავი იმათ შუა გულ ბანაკში დამსვაო! – ამბობენ ბუნებაში, მაგრამ ისე ჩუმათ, რომ შენმა ყურებმაც ვერ გაიგონოს ეს შენი ნატვრა. – ნეტავი, რა ამბავია ახლა იქ? რასა ჰფიქრობენ? რას აკეთებენ? რა განზრახვა აქვთ? და სხვა ამგვარი კითხვები უნებლიეთ მოგდისთ თავში... – ჩვენ რამდენი ჯარი გვყავს მუხა-ესტატეში – ამას ხო არ მეუბნებით და ის მაინც მითხარით, დერვიშ-ფაშას რამდენი ეყოლება? – ვკითხე მე უფ. ყაზბეგს. – ეგ რო ვიცოდეთ, სხვა რაღა გვინდა! მტერმა რომ მტრის ძალა იცოდეს, ნახევარი გამარჯვება იმისკენ იქნება. არც ჩვენ ვიცით იმათი ნამდვილი ძალა და არც იმათ იციან ჩვენი ჯარის რიცხვი. ნამდვილათ მხოლოდ ის იციან აქ, რომ 12 ივლისს შემდეგ, როგორც ჩვენ აქ დაბანაკებული ჯარის ერთი ნაწილი (ათი ბატალიონი) წავიყვანეთ აქედამ და ყარსისაკენ გავგზავნეთ, აგრეთვე დერვიშ-ფაშასაც გაუგზავნია ბათუმიდამ რამდენიმე ბატალიონი. ამ ერთმანეთის ძალის უცოდნელობისაგან წარმოსდგება, რომ ორთავე მოწინააღმდეგე მხარეს ეშინიანთ ერთმანეთის; ორივე იმას ფიქრობს: ვაი თუ, მტერს უფრო მომეტებული ჯარი ჰყავდეს და რომ შევება, დამამარცხოსო! და არიან ასე, ჯერ-ჯერობით, ერთმანეთის პირ-და-პირ გაჩერებულნი, სანამ რომელიმე წვრიმალი შეტაკება არ შეახეთქებს იმათ და არ გააცნობს ერთმანეთის ნამდვილ ღონესა. ამ გარემოებით აგვიხსნა უფ. ყაზბეგმა 11 ივლისის სისხლისღვრა. იმან სთქვა, რომ – რადგან ჯარის დაკლებას გვიპირებდნენ და მერე ჩვენ სულ აღარ შეგვეძლო ციხის ძირზე მისვლა, ამის გამო, სანამ ჯარს გავგზავნიდით ყარსისაკენ, ვსცადეთ და დავეცით მტერს იმ განზრახვით, რომ შეგვეტყო, თუ რა ძალა არის ჩვენს წინააღმდეგ. ვსცადეთ და დავრწმუნდით, რომ დიდი ძალაც არის და უფრო უკეთესი სიმაგრეებიცა, და დავბრუნდით... მას აქეთ, როგორც ხედავთ, აქა ვართ გაჩერებული და კიდევაც ვიქნებით, სანამ ახალი ძალა არ შეგვემატება. ამნაირად, უფ. ყაზბეგის სიტყვით, 11 ივლისის შეტაკება კვირიკესთან იყო უბრალო ცდა, თითქმის რეკოგნოსტიროვკა, და არა ნამდვილი ბრძოლა... საუბედუროთ, ეს «ცდა» ერთობ ძვირად დაგვიჯდა ჩვენო! სთქვა ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელსაც მე ეს გარემოება უამბე. შესანიშნავია, რომ თითქმის ყველგან ასე დაგვემართა ჩვენ – დუნაისაკენაც და ყარსისაკენაც. ყველგან ვსცადეთ, ყველგან ერთობ აჩქარებით წინ გავიწიეთ, ერთობ იმედი გვქონდა ჩვენი ძალისა, ერთობ ცუდი ჰაზრი გვქონდა მტრის ღონეზე და ძალაზე შედგენილი, ერთობ ბევრს გვიყვიროდნენ ჩვენ ზოგიერთი რუსის გაზეთები, რომ რუსეთი ერთის ამოსუნთქვით გადაყლაპავს ოსმალეთს, ერთის ფეხის განძრევით გასრესსო – და ბოლოს გამოვიდა, რომ ჩვენი მხნე და თავგანწირული ჯარი თითქმის ყველგან იძულებული შეიქმნა უკან დაეწია, რადგან წინ დაუხვდა ოსმალოს ჯარი, რიცხვით და მხნეობით ჩვენზე არა ნაკლები და დაიარაღებითა და სიმაგრეებით ჩვენზე უკეთესი. რასაკვირველია, ეს უკან-დაწევა ჩვენი ჯარებისა დროებითია და ჭკუის სასწავლებელი მაგალითია ჩვენთვის, მაგრამ ჯერ-ჯერობით კი ამ მტრის ძალის დამცირებამ და ჩვენის ერთობ გაზვიადებამ, ცოტა არ იყოს, გვავნო ჩვენ. დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», 1877 წ., №123-124-126-127, ხელმოწერით ს. მ.
წყარო: www.gdi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი