ჩვენი თეატრის საქმე


ქართულ თეატრს თავისი ისტორია აქვს. ამბობენ, პირველად წარსულ საუკუნეში ყოფილა
გამართული წარმოდგენები. შემდეგ ვორონცოვის დროს, როდესაც ამ საქმისათვის ასე
გულმოდგინეთ და ნიჭიერად მოღვაწეობდა თ. გიორგი ერისთავი, ყველას ახსოვს, ყველამ
იცის. თ. გ. ერისთავის შემდეგ იწყება ქართული თეატრის წვალება-გაწამაწია: ხან უფ.
კერესელიძე მმართავს ქართულ წარმოდგენებს სხვა-და-სხვა დარბაზებში, ხან ერთი
აგროვებს სცენის მოყვარეთ და თამაშობენ კერძო სახლებში, ხან მეორე, ხან მესამე.
ბოლოს, წელს შესდგა სამუდამო ტრუპპა და ჩვენი თეატრის საქმე ამით თითქო უფრო
მკვიდრ საფუძველზედ დამყარდა. ჩვენ გვყვანან ნიჭიერი დრამმატიული მწერლები;
გვყვანდნენ და გვყვანან ნიჭიერი აქტიორები და აქტრისები. წარმოდგენები, რომელნიც
მომეტებულ ნაწილად დიდის ჭაპან-წყვეტით და ტანჯვა-წვალებით იმართებიან, რადგან
სცენისათვის აუცილებელი ნივთები (დეკორაციები, ტანთსაცმელი და სხვ.) და სახლი არ
არის, ვამბობთ, წარმოდგენები მაინც ისე კარგათ მიდიან, რომ ხშირად საუკეთესო ევროპიელ
მოთამაშეებისა და თეატრების მნახველნიც კმაყოფილნი არიან ქართულის სცენისა.
ყველა ეს ცხადათ გვიმტკიცებს, რომ ჩვენს ხალხში ყოფილა აღძრული, თუ შეიძლება ასე
ვთქვათ, სცენიკური სიტკბოების საჭიროება; ამტკიცებს, რომ ჩვენს საზოგადოებას ესმის – რა
არის სამშობლო სცენა, თუ რა მნიშვნელობა აქვს იმას, რა სარგებლობის მოტანა შეუძლიან
ხალხისა და ლიტერატურისათვის, ესმის, რომ სამშობლო სცენა არის ძალა, რომელიც
თითქმის ისეთივე ღირსია ყურადღებისა, როგორც მაგალითად შკოლა, ლიტერატურა და
სხვა საზოგადოების წინ წამწევი სახსრები.
თავადს ვორონცოვს კარგათ ესმოდა ამგვარი მნიშვნელობა სამშობლო თეატრისა და
ამიტომაც ასე ცდილობდა, ასე ეხმარებოდა ის ახლად-დაფუძნებულ ქართულ სცენას.
უბედურება ეს არის, რომ ხშირად რაც უნდა ესმოდეს ხალხს თეატრის მნიშვნელობა, რაც
უნდა უყვარდეს ის საზოგადოებას, რაც უნდა ბევრი ხალხი დაიარებოდეს წარმოდგენებზე,
იშვიათად თუ შემოსავალი გასავალს აუვა. განსაკუთრებით ითქმის ეს ახლად დაარსებულ
თეატრზე, როდესაც ყველაფერს გაწყობა ეჭირება, ყველაფერს უანგარიშო ხარჯი მოსდევს.
აქედამ წარმოსდგება ის, რომ თვით პარიჟშიაც საფრანგეთის მმართველობა ხელს უწყობს,
წელიწადში რამდენიმე ასი ათას ფრანკს შემწეობას აძლევს ზოგიერთ თეატრებს იმ
განზრახვით, რომ ამათ კარგათ შეიძლონ თავიანთ დანიშნულების შესრულება; რუსეთის
სატახტო ქალაქებში კი არც ერთი თეატრი არ არის, რომელსაც მთავრობისაგან ცოტა თუ
ბევრი შემწეობა (სუფსიდია) არა ჰქონდეს.
ამ შემწეობას მოკლებულნი არიან მხოლოთ ჩვენი ქალაქის ქართულ-სომხური ნორჩი
ტრუპპები. მაგრამ ფულით შემწეობას ჩვენ არ ვთხოულობთ მთავრობისაგან. ჩვენთვის ისიც
საკმაო იქნება, იმისთვისაც მადლობელი ვიქნებით, მთავრობა რომ მოახდენდეს
განკარგულებას, რომ თეატრის ზალის ქირა არ გარდაგვახდევინონ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი
საზაფხულო თეატრი თავის გარდერობით, დეკორაციებით და სხვა ყოველ-გვარი
მოწყობილობით მუქთად აქვს მიცემული უფ. პალმს იმ დრომდინ, სანამ ახალი დიდი
თეატრი არ აშენდება თფილისში. უფ. პალმი კარგად სარგებლობს ამით: ამბობენ, თვეში
რამდენიმე ათასი მანეთი წმინდა მოგება რჩებაო. თითოეულ საღამოს თეატრის ზალისათვის
ქართულ და სომხურ ტრუპპას ის 200 მანეთს ახდევინებს.
და რისთვის მიანიჭეს უფ. პალმს ამისთანა წყალობა? რისთვის იჩაგრება მხოლოთ იმის
კერძო სარგებლობისათვის ქართული და სომხური სცენის საქმე? განა იმის რუსულ
წარმოდგენებს, იმის ტრუპპას, რომელშიაც ორი ნიჭიერი მოთამაშე არ ურევია, მართლა
იმდენი სარგებლობა მოაქვს ჩვენი საზოგადოებისათვის, რომ ამდენ წყალობად ღირდეს და
რომ იმას მსხვერპლად შესწირონ ქართულ-სომხური თეატრის საქმე?
ამბობენ, უფ. პალმს ისეთი კონტრაქტი აქვსო, რომ თეატრი ყოველი თავის მოწყობილებით
იმის სრულს განკარგულებაში არისო; ამ კონტრაქტის ძალით, იმას შეუძლიანო, როცა ჰსურს
მიატოვოს თეატრი და მთავრობას კი უფლება არა აქვსო, რომ ჩამოართვას ეს საქმეო.
თუ ეს მართალია, ჩვენ გვაკვირვებს, – დირექცია როგორ შეეკრა იმას ამისთანა პირობით.
წარმოიდგინეთ ამისთანა შემთხვევა: უფ. პალმს სრული უფლება აქვს, ამ კონტრაქტით,
მოაგროვოს ხარა-ხურა ხუთი-ექვსი მოთამაშე, გამართოს კვირაში ერთჯერ-ორჯერ რუსული
უშნო წარმოდგენები და დანარჩენი დღეები კი ქართველებსა და სომხებს მიაქირავოს
თეატრი, თვითონ მხარ-თეძოზე წამოწვეს და ჩვენგან თითო ღამეში ზალისათვის აიღოს 200 –
300 მანეთი! ამგვარ რუსულ წარმოდგენიდამ ვის რა სარგებლობა ექნება? ამგვარ
მოთამაშეებისაგან წარმოდგენილ დრამებსა და კომედიებს რა ზნეობითი გავლენა ექნება
საზოგადოებაზე?
ვიმეორებთ, ჩვენ ძალიან გვაკვირვებს, რომ თეატრის დირექციამ ამნაირად ხელ-ფეხშეკრული მისცა ქართულ-სომხური ტრუპპა უფ. პალმს. გვაკვირვებს იმიტომ, რომ ამგვარი
პირობით არავის არ ეძლევა სარგებლობა თეატრისაგან: არც ადგილობრივ რუსის
საზოგადოებას, არც ქართველებსა და არც სომხებს; ამით სარგებლობს კერძოთ მხოლოთ
ერთად-ერთი პირი – უფ. პალმი... ამბობენ, როცა ახალი დიდი თეატრი აშენდება, ეს პატარა
საზაფხულო თეატრი მუქთად მიეცემათ ქართველებსა და სომხებსაო. კარგია, სასიამოვნოა,
რასაკვირველია, მაგრამ საქმე ის არის, რომ პეტრეს მოსვლამდინ პავლეს ტყავს კი გააძრობენდა! ახალი თეატრის აშენების საქმე, როგორც ამბობენ, უფულობის გამო შეჩერებულია;
მანამდინ ქართულ-სომხურ სცენას ხუთჯერ მაინც გააძრობს უფ. პალმი ტყავს და ვინ იცის,
გაუძლებს ეს ჩვენი ნორჩი სცენა ამდენ ტყავის გაძრობას, თუ არა.

დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», №261, ხელმოწერით ს.მ.

წყარო: www.gdi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი