ტატო წულუკიძის ჩამოხრჩობა


დღეს, 28 იანვარს, დილის 11 საათზე, ხოჯევანის სომხის სასაფლაოს იქით გორაზე
ჩამოახრჩეს მთელს კავკასიაში განთქმული ავაზაკი ტატო წულუკიძე. პარასკევ დილით
გავრცელდა ქალაქში ხმა, რომ პეტერბურღის უმთავრესს სამხედრო სასამართლომ არ აპატია
ტატოსაო და ამ დღეებში უნდა ჩამოახრჩონო. მეორე დღეს კი სთქვეს, რომ ორშაბათ დღეს
ჩამოახრჩობენო. გუშინ დილას დიდძალი ხალხი მოაწყდა ხოჯევანის სასაფლაოს
შესატყობლად – მართლა აკეთებენ ტატოს ჩამოსახჩობად ეშეფოტს თუ არაო.
დღეს, გათენებამდე დაიწყო ხალხმა იქითკენ დენა. მთელი ახლო-მახლო გორები ხოჯევანის
სასაფლაოსკენ მოფენილი იყო ხალხით. უანგარიშო ფაეტონები და დროშკები. ერთი კინტო
არ დარჩენილა, მგონი, ქალაქში. ყველა მიეჩქარება, მირბის, თითქოს ოქროს განძის ნახვას
მოელიანო!.. ტატოს ყველა იცნობდა, ყველას უნდოდა შეეტყო – როგორ ჩამოახრჩობენ იმას,
როგორ დაიჭერს ის თავს უკანასკნელ განსაცდელის ჟამს.
გუშინ, კვირა საღამოს, გამოუცხადეს თურმე ტატოს, რომ ხვალისათვის უკვე მზათ უნდა
იყვეო. როცა თავის ბედისწერა შეიტყო, ცოტა ფერი ეცვალაო, მაგრამ იმ წამსვე შეიმაგრა
თავი, თითქო არაფერიაო. რა ღამეს გაატარებდა ის წუხანდელ ღამეს, რა ძილი და მოსვენება
ექნებოდა!
დღეს, დილის 9 საათზე მეტეხის ციხეს მიაყენეს დროგი, რომელზედაც უნდა დაესვათ ტატო
და ადგილზე წაეყვანათ. მარჯვედ, მხნედ გამოვიდა იგი ციხიდამ, უკანასკნელი ნახევარი
საათის განმავლობაში ელაპარაკებოდა რაღაცაზედ მოძღვარსა და მერე შეუკრთომლად და
მხნედ ავიდა დროგზე და წამოიყვანეს ხოჯევანისკენ.
მეთერთმეტე საათის ნახევარზე შავბედითი დროგი თავისი მსხვერპლით დანიშნულ
ადგილზე მიიყვანეს. ხალხში თავდაჭერილი ჩოჩქოლი და მოძრაობა შეიქნა.
ეშეფოტს ოთხ-კუთხივ ჯარი არტყია, ასე რომ, მაყურებლები თითქმის ნახევარ ვერსზე არიან
ეშეფოტისაგან მოშორებულნი. ბევრს დურბინდი უჭირავს ხელში და უყურებს.
მარჯვედ, შეუკრთომლად ავიდა ეშეფოტის კიბეებზედ. მხოლოდ ახლოს მაყურებელნი
შენიშნავდნენ იმის პირ-სახეზე განსაკუთრებულ სიყვითლეს და თვალების ამღვრევას,
სხვებრ არაფერში არ ეტყობოდა, რომ ის გრძნობდა, რომ რამდენიმე მინუტის შემდეგ
აღსასრული მოელოდა. პროკურორმა წაუკითხა სასამართლოს განაჩენი. მღვდელმა
უკანასკნელი სიტყვა უთხრა.
როცა ყველაფერი მომზადება გათავდა, ტატომ პაპიროზი მოითხოვა, მისცეს, ერთხელ
ხელიდამ გაუვარდა, დასწვდა, აიღო ხელში და ბოლომდინ მოსწია. ბოლოს ჯალათი
(პალაჩი) შეუდგა თავის საქმეს: შეუკრა უკან ხელები და ფეხები, ჩამოაცვა კისრამდინ
ტომარას მსგავსი პერანგი და ცოტა ხანს ისე იყო გაჩერებული, პირ-სახე ახდილი ჰქონდა.
კიდევ ერთი წამი... ჯალათმა მიიყვანა თოკთან... გამოსწია თოკი... ჩამოაცვა კისერზე და
იმავე წამს სკამი გამოაცალეს ფეხებიდამ და ხელი ჰკრეს... ჰაერში ჩამოეკიდა, მაგრამ იმავე
წამს მოისმა იმის ხმა: კარგათ გამიკეთეთ თოკი თქვე მამა...! აღმოჩნდა, რომ თოკი კისრის
მაგივრად ნიკაპზე მოედვა ჯალათს და არ აღრჩობდა. ჯალათი მივარდა, გამოსწია თოკი და
მაგრად მოსდვა ყელზე. ერთი ფეხი, არც ხელი არ გაუნძრევია, ისე წაიღრჩო და გათავდა...
ახდილი პირ-სახე საშინელი სანახავი იყო: მთელი სახე გაულურჯდა, თვალები
წამოუვარდა... მაგრამ ისეთი შესაძრწუნებელი სურათია, რომ ნუღარ ვუყურებთ, თვალი
ავარიდოთ... ერთი წამის განმავლობაში ეს მთებზე მოფენილი უანგარიშო ხალხი თითქო
ქვათ იქცა, თითქო გაშეშდა... როცა ყველაფერი გათავდა, აქა-იქ ჩოჩქოლი და მოძრაობა
მოისმა:
– აბსუს ბიჭო! – დაიძახა ერთმა.
– სხვებიც გააფუჭა, თვითონაც გაფუჭდა! – თქვა მეორემ.
– აბა, რა გინდოდა, ძმავ! მაგრამ ჰე... უარესებიც არიან, ბედნიერად ცხოვრობენ!
– სთქვა მესამემ თავის გუნებაში.
– გაფუჭდეს ის, ვინც ეგ მაგისთანა ბიჭი გააფუჭა!
საზოგადოთ ხალხში სიბრალულისა და შეწყნარების ხმა ისმოდა. მაგრამ რაღა დროს! ეს
ჩვენი საზოგადო წყობილების ნაწარმოებია, ჩვენი შვილია, ჩვენ მივიყვანეთ ეშეფოტამდინ,
ჩვენის ხელით ჩამოვახრჩვეთ და ახლა გვებრალება, თითქო ვწუხვართ იმის ბედზე... ჩვენი
თავი, ჩვენი ცხოვრება უნდა გვებრალებოდეს, გვაწუხებდეს.
დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», №22, ხელმოწერით ს.მ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი