ჩვენი ჟურნალ-გაზეთების საქმე
რა საშუალებით და ღონისძიებით შეიძლება ჩვენი დრო-გამოშვებითი ლიტერატურის გაცხოველება და აღორძინება? რა საშუალება არის საჭირო, რომ, ერთის მხრით, მკითხველმა საზოგადოებამ იპოვოს ამ ლიტერატურაში ის, რასაც ეძიებს და, მეორეს მხრით, თვითონ ამ დრო-გამოშვებით ლიტერატურამ შეიძინოს მკითხველი საზოგადოება? ამ კითხვის პასუხი თითქმის მოხსენებულია ჩვენი გაზეთის წინანდელ ნომერში, სადაც ჩამოვთვალეთ ის მიზეზები, რომელნიც ჩვენს ახლანდელ დრო-გამოშვებით ლიტერატურის წარმატებას აბრკოლებენ. უნდა მოისპოს ის მიზეზები და, ცხადია, მაშინ მოისპობა ის შედეგიც – ლიტერატურის სისუსტე, – რომელიც დაბადებულია ხსენებულ მიზეზებისაგან. პირველი ამ მიზეზთაგანი, რომელზედაც სჯა მთელ რუსეთის ლიტერატურას აქვს ახლა, რომელიც ჩვენთვისაც და რუსეთისათვისაც საერთო დამაბრკოლებელ მიზეზს შეადგენს, არის ბეჭდვის კანონების სისასტიკე... რუსული გაზეთები თითქმის ერთხმად თხოულობენ ამ კანონების შეცვლას და ისეთის წესის დადგენას, რომელიც ცოტათი მაინც შეღავათს მისცემს, ცოტათი უფრო მომეტებულის თავისუფლებით აზრის გამოთქმის ღონისძიებას მიანიჭებს საზოგადოდ მწერლობას და განსაკუთრებით დრო-გამოშვებით მწერლობას. მართლაც, ყველა გრძნობს ბეჭდვის შესახებ ახლანდელ კანონების შეცვლის საჭიროებას; ყველანი მოუთმენლად მოელიან იმ დროს, როდესაც ეს გამოცვლილი ახალი კანონები ცოტათი მაინც შეამსუბუქებენ ახლანდელ ლიტერატურის გაჭირებულ მდგომარეობას. მაგრამ საზოგადოებას აქ, გარდა თავის სურვილისა და ნატვრის გამოცხადებისა, არა შეუძლია-რა. ეს მარტო უმაღლესს მთავრობაზედ არის დამოკიდებული. ამავე მთავრობაზედ არის აგრეთვე დამოკიდებული მოსპობა მეორე მიზეზისა, რომელიც აბრკოლებს დროგამოშვებით ლიტერატურის წარმატებას: ფოჩტის, გზების მხრით დაბრკოლებაზედ მოგახსენებთ. გადაუჭარბებლად შეგვიძლია ვთქვათ, ჩვენში რომ ისეთი სოფლის გზები და ფოჩტები იყოს გამართული, როგორც, ვთქვათ, გერმანიაში ან საფრანგეთში, ან პატარა შვეიცარიაში, მაშინ ჩვენებურ ჟურნალებსა და გაზეთებს ერთი-სამად თუ არა, უეჭველია, ერთიორად ახლანდელზე მომეტებული ღონის-ძიება, რომ თავის მდგომარეობა გაეკარგებინა და მკითხველის კანონიერი მოთხოვნილებაც დაეკმაყოფილებინა. მაგრამ არის ერთი ისეთი სხვა მიზეზი, რომელიც ამას წინად მოვიხსენეთ და რომლის მოსპობა საკუთრივ ჩვენზედ, ჩვენს საზოგადოებაზედ არის დამოკიდებული: ჩვენ ვამბობთ დაწინაურებულ და შეძლებულ საზოგადოებისაგან სამშობლო ლიტერატურისადმი უფრო მომეტებულ თანაგრძნობის და ხელის-მომართვის სურვილის გამოცხადებაზედ, ვიდრე დღემდინ ვხედავთ ამას ჩვენში. საქმე იმაშია, რომ სანამ ჩვენი ლიტერატურა (ჟურნალ-გაზეთები – რედ.) ჯერ კიდევ ახალგაზრდა ლიტერატურად ჩაითვლება, სანამ იმას მაგრად ფეხი არ გაუდგამს ხალხში, სანამ მკვიდრი ფესვები არა აქვს, მანამ გარედამ, თანამგრძნობთაგან, სამშობლო საქმის გულშემატკივართაგან ეჭირება დროებით დახმარება და ხელის მომართვა. ყველგან ასე ყოფილა და ჩვენშიაც ასე უნდა მოხდეს: თანამგრძნობი პირნი უნდა ამოგვიჩნდნენ, რომელნიც თუ ნივთიერად, თუ გამხნევებით, თუ რჩევით და თუ სხვა ათასის საშუალებით დაეხმარონ ჯერკიდევ ნორჩ, ფესვ-გაუმაგრებელს ჩვენს ლიტერატურასა. და როცა ის გამაგრდება, როცა დამწიფდება, მერე სხვის დახმარება საჭირო აღარ იქნება, მერე თვითონ ის დაეხმარება ათას გვარ ჩვენ საზოგადო საქმეების წარმატებასა და წინსვლას. საუბედუროდ, ამას ვერ ვხედავთ დღეს ჩვენში. პირიქით, ბევრი ქართველთაგან, რომელთაც განათლებულს ეძახიან და რომელთაც, მაშასადამე, უნდა ესმოდეთ სამშობლო ლიტერატურის მნიშვნელობა, თითქოს მტრულის თვალით შესცქერიან ქართულ მწერლობას, იმის სისუსტე თითქოს ახარებთ იმათ. სამწუხარო მოვლენაა ეს მოვლენა ახლანდელს ჩვენს საზოგადო ცხოვრებაში და, სანამ ეს არ მოისპობა, მანამ არა თუ დრო-გამოშვებით ლიტერატურის აღორძინებას და აჰყვავებას, არც ერთ ჩვენი საერო საქმის წარმატებას არ უნდა მოველოდეთ. მაგრამ, ღვთით, თან-და-თან ვატყობთ ნიშნებს ამ სამწუხარო მოვლენის მოსპობისას, თან-დათან ნაკლებად ვხედავთ ისეთ ქართველს, რომელსაც თავის ქვეყნისა და ერის საზოგადო საქმეების დაბრკოლება ახარებდეს და შემდეგში, იმედია, ამ გვარ პირთ კიდევ უფრო ნაკლებად შევხვდებით. აი, ეს არის უმთავრესი საშუალებანი ჩვენი დრო-გამოშვებით ლიტერატურის წარმატებისათვის, საშუალებანი, რომელნიც დღეს, ამ ჟამად დაგვეხმარებიან ჩვენ და ხელს მოუმართავენ ამ ლიტერატურის გაძლიერებას თუ არა, ცოტათი წინ წაწევას მაინც. დღეს ესეც ვიკმაროთ. დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», №32-33, ხელმოუწერლად..
წყარო: www.gdi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი