გაზეთი ''დროება'' და აჭარა სერგეი მესხი
გაზეთ “დროების” დაარსების 120 წლისთავის გამო “დროება” მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის უაღრესად სოლიდური და პოპულარული გაზეთია. მისი გამოცემა ილია ჭავჭავაძის ინიციატივითა და უშუალო თანადგომოთ დაიწყო ცნობილმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ გიორგი წერეთელმა. ეს პროგრესული გაზეთი, რომელმაც სახელოვნად განაგრძო “საქართველოს მოამბის” საუკეთესო ტრადიციები, პოლიტიკური და ლიტერატურული მიმართულებისა იყო, მაგრამ არ დარჩენილა იმ დროის საქართველოს არცერთი მეტად თუ მცირედ მნიშვნელოვანი მოვლენა, თავისი ავტორიტეტული სიტყვა რომ არ ეთქვა. ასე იქცა “დროება” ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის შტაბად და უდიდესი როლი შეასრულა ქართული საზოგადოებრივი აზროვნების განვითარებაში. გამოცემის პირველივე წლებიდან “დროებამ” დიდი ყურადღება დაუთმო აჭარის ყოფასა და ცხოვრებას, ქართული საზოგადოების გულისყური მიაპყრო “ბედისაგან მივიწყებული ძმებისადმი” – აჭარლებისადმი. “თქვენ შესაძლებელია არ იცოდეთ, რომ ოსმალოს საქართველოს თქვენზე აქვს სასოება და ცისქვეშეთში არავის შესცქერის თავის იმედათ! გახსოვდეთ, თქვენი ძმები, შვილო!” – ასე მიმართავდა “დროება” თავის მკითხველებს და მოწინავე ახალგაზრდებს ურჩევდა, წასულიყვნენ ოსმალო საქართველოში, შეეკრიბათ ძველებური სიმღერები. ლექსები, ისტორიული მასალები, გაეცნოთ ხალხი. “ჩვენის გაზეთის რედაქცია დიდის მადლობით მიიღებს, რა მცირეც არის ცნობას, რომელიც იმ ჩვენს მოძმეებს შეეხება და დიდი სიამოვნებით დაბეჭდავს “დროებაში.” – სთხოვდა გაზეთი მკითხველებს. და, მართლაც, 1870 წლიდან მოყოლებული, გაზეთის ფურცლებზე სულ უფრო მატულობს წერილები, რომლებიც სრულყოფილად ასახავს აჭარის, ამ ძირძველი ქართული მხარის, ისტორიას, მის მკვიდრთა ცხოვრებას, ზნე-ჩვეულებებს. ამით “დროება” ორ მიზანს ისახავდა: ჯერ ერთი, ცდილობდა, გაეზარდა ქართველი საზოგადოებრიობის დაინტერესება აჭარისადმი და, მეორეც, ეროვნული თვითშეგნება გაეღვიძებინა მაჰმადიან მოძმეებში, მით უმეტეს, რომ რუსეთი ოსმალეთის წინააღმდეგ ახალი ომისათვის ემზადებოდა, რასაც შეიძლებოდა სამუსლიმანო საქართველოს გათავისუფლება მოჰყოლოდა. ომის წინა პერიოდში, როგორც “დროება” გვამცნობს, ნათლად გამოიკვეთა აჭარის მკვიდრთა სწრაფვა საქართველოსთან შეერთებისათვის, რაც ოსმალთა წინააღმდეგ არაერთმა აჯანყებამაც დაადასტურა. ამ მოძრაობამ დიდი აღტაცება გამოიწვია საქართველოში და გაზეთი “დროებაც” მხარში ამოუდგა თანამოძმეებს. “ჩვენი ვალია, - წერდა სერგეი მესხი, - დავეხმაროთ თანამოძმეებს, დავეხმაროთ როგორც სლავიანები და, განსაკუთრებით რუსები, ეხმარებიან აჯანყებულ ჰერცოგოვინელებს.” იმ დროისათვის “დროების” რამდენიმე ნომერი მოდიოდა აჭარაში და გამარჯვების რწმენას ნერგავდა მოსახლეობაში. ამიტომაც იყო, რომ ოსმალოს მთავრობამ აკრძალა “დროებისა” და ქართული წიგნების აჭარაში შემოტანა. 1877 წლის აპრილში, რუსეთ-თურქეთის ომის პირველსავე დღეებში, ათასობით ქართველი მოხალისე ჩაეწერა მოქმედ არმიაში, შეიქმნა ქართული რაზმები, რომლებიც მოწინავე პოზიციებზე იბრძოდნენ და საკუთარი სისხლის ფასად ართმევდნენ მომხვდურებს საუკუნეების განმავლობაში მიტაცებულ ქართულ მიწებს. გაზეთში მკაფიოდაა გდმოცემული აჭარის მოსახლეობის სულისკვეთება ამ ომში ჩაბმისას, რადგანაც ეს იყო ერთადერთი გზა დედასამშობლოსთან დაბრუნებისა. ნიშანდობლივია, რომ ომის დაწყებისთანავე ასობით ქობულეთელი გამათავისუფლებელთა მხარეზე დადგა. მთელი ომის პერიოდში “დროებამ” დიდი მუშაობა გასწია აჭარელთა გასამხნევებლად, ოსმალთა მიერ გავრცელებული პროვოკაციული ხმების საწინააღმდეგოდ ამცნო მოსახლეობას, რომ რუსეთი მტრული მიზნებით არ შედიოდა მათ მხარეში, რომ მას სურდა შევიწროვებული და შეურაცხყოფილი ხალხის დაცვა და ოკუპანტების დათრგუნვა-განადგურება. აქვე არ შეიძლება გვერდი ავუართ გაზეთის რედაქტორ სერგეი მესხის ღვაწლსა და დამსახურებას. ამ კეთილმა კაცმა მთელი თავისი ქონება და სიცოცხლე საერთო საქმეს ანაცვალა. იგი განსაკუთრებით დაინტერესებული იყო აჭარით, ამიტომაც ომის დაწყებისთანავე ფრონტს მიაშურა და ფეხდაფეხ მიჰყვებოდა მოქმედ არმიას. აქედან რედაქციას უგზავნიდა ომის ვითარების ამსახველ კორესპონდენციებს. სერგეი მესხი გამარჯვებულ რუს-ქართველთა არმიასთან ერთად შემოვიდა ბათუმში (შემდგომშიც არაერთგზის იმოგზაურა აჭარაში) და აღწერა ის მძიმე მდგომარეობა, რაც აქ დახვდა. იგი ურჩევდა მთავრობას რიგიანი, ადგილობრივი წეს-ჩვეულებებისა და ხალხის ხასიათის მცოდნე მოხელეები დაენიშნა აჭარაში, არ შეელახათ ახალდაბრუნებული მოძმეების თავმოყვარეობა, შეემსუბუქებინათ მათი მდგომარეობა. განსაკუთრებული სიმძაფრით გაილაშქრა მუჰაჯირობის წინააღმდეგ და მოუწოდა მთავრობას, ქმედითი ღონისძიებები განეხორციელებინა ამ მოძრაობის შესაჩერებლად. სერგეი მესხის ყოველი სიტყვა უსაზღვრო სიყვარულითაა გამთბარი “ბედისაგან დაჩაგრული მოძმეებისადმი,” ამიტომაც იყო, რომ როცა იგი გარდაიცვალა (1883 წ.), მთელ ქართველ ხალხთან ერთად აჭარის მოსახლეობამაც ცხარედ დაიტირა მათი მოსარჩლე და გულშემატკივარი მამულიშვილი. “ყოველი ბათუმელი ქართველები ღრმა მწუხარებაში ჩაგვყარა ამ კაცის გარდაცვალებამ,” ”წერა-კითხვის საზოგადოება მწუხარებს სერგეი მესხის გარდაცვალებას. მასში სკოლამ დაკარგა საუკეთესო მოსარჩლე და კეთილმსურველთაგანი.” “დროებაში” გამოქვეყნებულ სამძიმრის ამ წერილებს, ბათუმში მოღვაწე სხვა ქართველებთან ერთად, იბრაიმ, ისმაილ, ახმედ და ხუსეინ აბაშიძეებიც აწერენ ხელს. სერგეი მესხის მზრუნველობას აჭარისადმი ისიც ადასტურებს, რომ ილია ჭავჭავაძის დავალებით იგი არაერთგზის ჩამოვიდა ბათუმში, რათა შეერჩია ქართული სკოლისათვის კარგი ადგილი, მოეგვარებინა სკოლის გახსნასთან დაკავშირებული საქმეები. აღსანიშნავია ისიც, რომ “სერგი-ბეგმა,” როგორც მას აჭარლები ეძახოდნენ, თავისი ხელით დაურიგა ქობულეთლებს მათ დასახმარებლად შეგროვილი ორი ათასამდე მანეთი. “დროებას” და მოწინავე ქართველ ინტელიგენციას მშვენივრად ესმოდათ, რომ აჭარის მოსახლეობის კულტურულ დაწინაურებაში, ეროვნული გრძნობის გაღვივებაში უპირველესი როლი ქართულ სახალხო სკოლას და თეატრს უნდა შეესრულებინა. “დროებას” წერილებს აწვდიდნენ ახმედ და გულო კაიკაციშვილები _ ქობულეთიდან, მუხამედ ირემაძე _ ღორჯომიდან, სულეიმან მიქელაძე _ საღორეთიდან (ახლანდელი პირველი მაისი), დავით _ წერეთელი მაჭახლიდან, ლევან და ლუკა (კრაზანა, ჭიაჭამია) მჭედლიშვილები _ ბათუმიდან, ლუკა ქუთათელაძე ზემო აჭარიდან. მათ კორესპონდენციებში აღწერილია მშობლიურ უბეში ახლად დაბრუნებული მხარის წარსული, მისი აღორძინების პირველი ნაბიჯები, აჭარის მკვიდრთა ყოფა-ცხოვრება, ზნე-ჩვეულებები, ადათ-წესები. მათი მეშვეობით “დროებამ” მკითხველებს მიაწოდა აჭარული ზეპირსიტყვიერების უნიკალური ნიმუშები – ხალხური ლექსები, ლეგენდები... “დროებამ” არაერთი აქაური მამულიშვილის ნათელი ხატება შემოუნახა შთამომავლობას, საზოგადოებას გააცნო აჭარის გათავისუფლებისათვის დაუცხრომელი მებრძოლი შერიფ ხიმშიაშვილი, კაცი, რომელსაც “ზორბა ტანზე ქართული ჩოხა აცვია,” რომელსაც აქვს “ისეთი ტკბილი კითხვა-პასუხი და უბრალო ლაპარაკშიც კი ისეთი, რომ მგონი არ მოგწყინდებათ იმას ყური უგდოთ.” სწორედ “დროებამ” შემოგვინახა შერიფ ხიმშიაშვილის სიტყვები, წარმოთქმული ბათუმის გუბერნატორთან გამართულ სადილზე. შერიფმა დიდი შეფასება მისცა იმ ღვაწლსა და ამაგს, აჭარას რომ დასდეს რუსთა მხედრიონმა და ქართველმა ძმებმა. “ესეც იმათი სადღეგრძელო იყოს, ვინც ამ ომში მონაწილეობა მიიღო და ძველი და ახალი განაწილებული ქართველები შეგვაერთა. არც ჩვენგან და არც ჩვენი შთამომავლებისაგან დავიწყებული არ იქნება მათი შრომა და კაცობრიობა.” _ საინტერესოა მისი სიტყვები თბილისში მის პატივსაცემად გამართულ სადილზე, რასაც სპეციალური წერილი უძღვნა სერგეი მესხმა. “დროებამ” შემოგვინახა ხსოვნა ჩაქველი ხუსეინ ბეჟანიძისა, რომელსაც “ძლიერ უყვარდა მამა-პაპის მიწა-წყალი და მისი მოშორება სიკვდილად მიაჩნდა,” კაცი, რომელმაც “საშვილიშვილოდ, საუკუნოდ მოსახსენიებელი, საქართველოს საისტორიოდ საღაღადებელი, ქართველთა ქვეყნისათვის ძვირფასი საქმე მოიმოქმედა – 100.000 შვილი გადაურჩინა დედა-ქვეყანას,” მუჰაჯირობას რომ აღუდგა წინ. “დროებამ” გაგვაცნო მუჰაჯირობის წინააღმდეგ კიდევ ერთი აქტიური მებრძოლი, ოლადაურელი ჰაჯი ლომან ქარცივაძე – “ჭკვიანი, ნასწავლი და ხალხში გავლენიანი კაცი,” რომელიც ოსმალეთიდან დაბრუნებული ურჩევდა ხალხს, რომ “ბევრი ადგილი დავიარე, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთანა შემკობილი და საჩვენო ვერსად ვერა ვნახე-რა,” ამიტომ ოსმალეთში არ გადასახლდეთო. დიდი წონა ჰქონდა ასეთი ადამიანების სიტყვას და კარგად იცოდა ეს გაზეთის რედაქტორმა. როცა “დროების” დამსახურებზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება არ გავიხსენოთ მემედ აბაშიძის სიტყვები, გაზეთის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით რომ წარმოსთქვა: “თქმა არ უნდა, ჩვენი თანამოძმე ქართველი პირების ერთად-ერთი მიზანი იყო გაზეთ “დროების” გამოცემით გავრცელება სამშობლოს შვილებში ეროვნულ-კულტურული შეგნებისა, რომ მით გაემდიდრებინათ ის ეროვნული სალარო, საიდანაც ხალხი როგორც კაცობრივს, ისე სულიერ საზრდოს მიიღებს.” ვთხოვთ ღმერთს, რომ მიანიჭოს თავისი სასუფეველი ამ ეროვნული შემეცნების საქმეში მოურიდებელ და თავდაუზოგველ მოღვაწეებს – სერგეი მესხს, გიორგი წერეთელს, ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, ივანე მაჩაბელსა და სხვებს, რომლებმაც ჩვენს ეროვნულ მეტყველებას ასპარეზი აუმღლეს და გაუფართოვეს.” გაზეთმა “დროებამ” და მისმა რედაქტორმა სერგეი მესხმა დიდი როლი შეასრულეს ქ. ბათუმში 1881 წელს პირველი ქართული სკოლის გახსნაში. მადლიერმა შთამომავლობამ სათანადოდ დააფასა გაზეთ “დროების” რედაქტორ სერგეი მესხის ღვაწლი და ამაგი. მისი სახელი მიეკუთვნა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჩხუტუნეთის საშუალო სკოლას, ხოლო ზაქარია ჭიჭინაძის სახელი _ ერგეს საშუალო სკოლას. მაგრამ, დასანანია, რომ დღეს, როცა მთელი სისავსითაა წარმოჩენილი “დროება”-“ივერიაში” (1880-1885 წლებში “დროება” და”ივერია” საერთო რედაქციით გამოდიოდა) მოღვაწე ქართველი მამულიშვილების – ლუკა და ლევან მჭედლიშვილების, დავით წერეთლის (აკაკი წერეთლის ძმა), ბათუმის პირველი ქართული სკოლის მასწავლებელ მოსე ნათაძის, მიხეილ შარაშიძის და სხვათა ამაგი, მათი დამსახურება ჯეროვნად არაა დაფასებული. კარგი იქნება, როგორც მათი, ისე გაზეთების “დროების” და”ივერიის” სახელები მიეკუთვნოს აჭარის ქუჩებს, სკოლებს, კულტ-საგანმანათლებლო დაწესებულებს. გაზ, “საბჭოთა აჭარა,”
წყარო: www.litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი