სერგეი მესხი – გაზეთ ,,დროების” რედაქტორი (პუბლიცისტური წერილები)
,,განათლებულ კაცს სხვანაირი გაზეთი უნდა და გაუნათლებელს სხვანაირი; თავადს სხვა და ვაჭარს კიდე სულ სხვანაირი, მოხუცებულს ერთნაირი, ახალგაზრდას მეორე გვარი. ჩვენ ისეთი მკითხველებიც გვყავს, რომელნიც გაზეთში თითქმის მარტო მოწინავე სტატიებს ჰკითხულობენ; ზოგნი არც მოწინავე სტატიებს, არც კორესპონდენციებს და არც უცხო ქვეყნების განყოფილებას თავის დღეში თვალსაც არ გადაავლებენ; მაგრამ, მოვა თუ არა გაზეთი, ყველაზე პირველათ ნარევს მივარდებიან; სხვები მხოლოდ პოლიტიკას ადევნებენ თვალყურს; ისეთებიც არიან, რომელთაც თავის სპეციალურ საკითხავად გაზეთში «დროების» ფოჩტა გაუხდიათ!” 1867 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ საქართველოში ბრუნდება სერგეი მესხი. მალევე, ნიკო ნიკოლაძე გაზეთ ,,დროების” რედაქტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად იწვევს. 1870 წლიდან კი, ოფიციალურად დაამტკიცეს ამ თანამდებობაზე. ამ დროიდან, 14 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა გაზეთს და მისი დემოკრატიული იდეები, სამართლიანი რეფორმები, ქალთა უფლებების დაცვის საკითხი, ფემინისტური შეხედულებები, ბრძოლა ქართული ენის უფლებათა დასაცავად, ევროპული და ამერიკული საგანმანათლებლო სისტემის დანერგვისათვის ღია ბრძოლა აღიზიანებდა ძველი თაობის კონსერვატიულად მოაზროვნე ადამიანებს. ცენზურისა და უკიდურესი მატერიალური გაჭირვების მიუხედავად, სერგეი წერდა სტატიებს, ხშირად ასრულებდა კორექტორის მოვალეობას, ყოფილა ასოთმწყობიც, ,,იმ ქვეყნებში, სადაც ხალხი კითხვას არის შეჩვეული, სადაც გაზეთი ისეთსავე საჭიროებას შეადგენს, როგორც ლუკმა-პური, და სადაც, მაშასადამე, გაზეთებს ბევრი მკითხველები ჰყავს და კარგი საშუალებაც აქვსთ, იქ რედაქციები და, საზოგადოთ, გაზეთის საქმე სულ სხვანაირათ მიდის, ვიდრე ჩვენში. ყოველ გაზეთს, მთავარ რედაქტორს გარდა, რამდენიმე სხვა უბრალო რედაქტორები, ანუ როგორც ჩვენში ვეძახით, მუდმივი თანამშრომლები ჰყავს. მთავარი რედაქტორის მოვალეობა მხოლოთ ის არის, რომ თვალყურს ადევნებს საზოგადოთ გაზეთის მიმართულებას; რედაქციის რჩევაზე ეუბნება უბრალო რედაქტორებს, თუ ხვალინდელ ნომერში რა და რა სტატიები უნდა დაიბეჭდოს, რა აზრით და რა მიმართულებით დაწერილი უნდა იყოს ეს სტატიები. შემდეგ, როდესაც ნომერი დამზადებულია, გადაავლებს თვალს იმის შესატყობათ, რომ გაზეთის მიმართულების წინააღმდეგი არა შემოჰპარვოდეს რა წერაში რედაქტორებს.” ,,დროების” ვალების გადასახდელად დააგირავა საკუთარი მამულები ქუთაისის საადგილ-მამულო ბანკში. სამწუხარო ის იყო, რომ არც სამთავრობო სტრუქტურები, არც საზოგადოების ფართო მასები არ უჭერდნენ მხარს, ერთადერთი ქართული გაზეთის შენარჩუნებას. არსებულ ხელმომწერთა მცირე რიცხვიც კი ხშირად უარს აცხადებდნენ გაზეთის საფასურის გადახდაზე და ამ პრობლემის მოგვარებაც თავად უწევდა. 1873 წელს მიემგზავრება საზღვარგარეთ, სადაც წელიწადნახევარზე მეტს ატარებს. ეცნობა ფრანგული ჟურნალ-გაზეთების მუშაობის გამოცდილებას, ამუშავებს ,,დროების” გაფართოების გეგმას, სისტემატიურად აწვდის კორესპონდენციას თავის გაზეთს, წერს წერილებს დასავლეთ ევროპის საზოგადოებრივი ცხოვრების, მუშათა მოძრაობისა და სხვა აქტუალურ საკითხებზე. მონაწილეობას იღებს ჟენევაში ქართველ საზოგადო მოღვაწეთა მიერ სპეციალურად მოწვეული კონგრესის მუშაობაში. ამ კონგრესზე, რომელსაც სომეხი და დაღესტნელი პატრიოტებიც ესწრებოდნენ, ქართველებმა ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის შექმნის პროექტი წამოაყენეს, რომელსაც მხარს უჭერდა. შეადგინა გამოჩენილი პიროვნებების: ვაშინგტონის, ლივინგსტონის, გარიბალდის, ოუენის და სხვათა ბიოგრაფიები. ვარაუდობდა, რომ სამშობლოში დაბრუნებამდე დაახლოებით 30-40 ასეთ ბიოგრაფიას დაწერდა. თუმცა, მისი მოლოდინი იმ ყოფამ შეცვალა, რომელიც სამშობლოში დაბრუნებისას დახვდა. მიუხედავად ამისა, მაინც ახერხებს ,,დროების” კვირაში სამჯერ გამოცემას, ხოლო 1 წლის შემდეგ ყოველდღიური საგამომცემლო ორგანო გახადა. 1877 წლის აპრილში, რუსეთ-თურქეთის ომის დაწყებისათანავე, რედაქტორმა ფრონტს მიაშურა და იქიდან რედაქციას უგზავნიდა ომის ვითარების ამსახველ კორესპონდენციებს. სერგეი მესხი გამარჯვებულ რუს-ქართველთა არმიასთან ერთად შემოვიდა ბათუმში და აღწერა ის მძიმე მდგომარეობა, რაც აქ დახვდა. იგი ურჩევდა მთავრობას რიგიანი, ადგილობრივი წეს-ჩვეულებებისა და ხალხის ხასიათის მცოდნე მოხელეები დაენიშნა აჭარაში, არ შეელახათ ახალდაბრუნებული მოძმეების თავმოყვარეობა, შეემსუბუქებინათ მათი მდგომარეობა. განსაკუთრებული სიმძაფრით გაილაშქრა მუჰაჯირობის წინააღმდეგ და მოუწოდა მთავრობას, ქმედითი ღონისძიებები განეხორციელებინა ამ მოძრაობის შესაჩერებლად. ,,სერგი-ბეგმა”, როგორც მას აჭარლები ეძახოდნენ, თავისი ხელით დაურიგა ქობულეთლებს მათ დასახმარებლად შეგროვილი ორი ათასამდე მანეთი. ქართული თეატრის აღდგენისთვის სერგეი მესხმა ქართული კულტურის გულშემატკივართა შორის ფულის შეგროვება, სააქციო კომპანიების შექმნა და სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებები განახორციელა. ქართველი გლეხების ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მისი ინიციატივით, შვეიცარიისა და რუსეთის გუბერნიების მსგავსად, საქართველოში დაარსა ,,მეყველეთა ამხანაგობა”. აყენებდა საკითხს ვაჭრობისა და ეკონომიკის განვითარების საქმისადმი ქართველ საზოგადოებასაც გამოეჩინა დაინტერესება. ,,ჩვენ ისტორიულათ, მიწის მომუშავე, მეურნეობის მიმდევარი ხალხი ვართ, და ბანკი, და იმის ფულები, უმთავრესათ ამისთვის, ჩვენი მიწის დამუშავებისთვის უნდა გამოვიყენოთ.” იმისთვის, რომ ქართველ კაცს თავისი ეროვნული სახე მთლიანად არ დაეკარგა სერგეის აზრით, აუცილებელი იყო მოჩვენებითი და უდარდელი ბანგნარევი ძილისაგან გამოფხიზლებულიყო და ქვეყნის ღირსების სადარაჯოზე დ ამდგარიყო, რათა აქტიურად დაეცვა ყველაფერი, რაც ,,ქართველობის თვისებასა და განსხვავებას შეადგენს”. რაც დრო გადიოდა, გაზეთისათვის ზრუნვა და შრომა უფრო მეტად უჭირდა. 1883 წლის 9 მაისს ქართველმა საზოგადოებამ ვერის ბაღში გამოსათხოვარი სადილი გაუმართა ,,დროების” რედაქტორს, რომელიც ჯანმრთელობის გაუარესების გამო იძულებული იყო გამოთხოვებოდა თავის საყვარელ გაზეთსა და საქმეს. გაზეთის ფურცლებიდან მან უკანასკნელად მიმართა გამოსამშვიდობებელი სიტყვით თავის მკითხველებს: ,,შეიძლება 14 წლის განამავლობაში ჩემს ხელში ბევრი რამ შესცოდა გაზეთმა, იქნება მრუდე გზაზედაც გადაუხვია, იქნება ჯეროვნად ვერ შეასრულა, რაც უნდა შეესრულებინა, რაც მის მოვალეობას შეადგენდა, მაგრამ ორი რაიმეს თქმა თამამად შემიძლია და მის თქმას მე, თავმდაბალს კაცს, კვეხნად ვერავინ ჩამომართმევს; პირველი, რომ ერთგული ვიყავი იმ დიდი საქმის ასრულებაში, რომელიც ვიკისრე, და მეორე, რომ ბოროტგანზრახვას, კერძო პიროვნულ რამე მიზანს ჩემს სალიტერატურო მოღვაწეობაში არასოდეს ჰქონია ადგილი და ამ განზრახვით არ გადამიხვევია ამ გზიდან, რომელიც ჩემის სინდისით და გაგებით სწორ და ნამდვილ გზად მიმაჩნდა. ყველა გაიგებს, თუ რა გულით და გრძნობით უნდა ვეთხოვებოდე გაზეთს, რომელსაც ჩემი ყმაწვილ-კაცობის ძალ-ღონე, ჭკუა-გონება და, ერთი სიტყვით, ჩემი არსება შევწირე”…
წყარო: zholo.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი