ერთი სადილი შერიფ-ბეგთან
დაბრუნება: 1878 – 1988 ამ სათაურით გაზეთი “დროება” (1866-1885) აღწერს სახელოვანი მამულიშვილის, ოსმალთა ბატონობისაგან აჭარის განთავისუფლებისათვის აქტიური მებრძოლის შერიფ ხიმშიაშვილის თბილისში სტუმრობის ამბავს. იგი საქართველოს დედაქალაქს სწვევია 1878 წლის 13 ივნისს, სწორედ იმ დღეს, როდესაც ბერლინში შეიკრიბა ევროპის სახელმწიფოთა წარმომადგენლების კონგრესი, რომელსაც, სხვა საკითხებთან ერთად, აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების საკითხიც უნდა გადაეწყვიტა. მისი ქართული ორიენტაცია ჯერ კიდევ რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომამდე გამოიკვეთა. ამის გამო, 1876 წელს, ეჭვი მიიტანეს მასზე, სტამბოლში გაიწვიეს და დაატუსაღეს. შერიფმა გავლენიანი ნაცნობების დახმარებით მოახერხა თავის დახსნა და სამშობლოში დაბრუნება. რუსთა ჯარმა გადმოლახა თუ არა აჭარის საზღვრები, საქართველოსაკენ შერიფის ლტოლვა უფრო აშკარა გახდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ ამ ომს მისი მშობლიური მხარის გათავისუფლება მოჰყვებოდა და აღარც ცდილა განზრახვის დაფარვას. განმათავისუფლებლებთან შეტაკება რომ აეცილებინა, შერიფმა ეშმაკობა იხმარა – თავის განკარგულებაში მყოფი ჯარი დაშალა და ბათუმის ფაშას შეუთვალა: ძალები არ მყოფნის, რუსებს რომ შევუტიო და ისევ სჯობს, ზემო აჭარა გავამაგროო. გაზეთ “დროების” რედაქტორი სერგეი მესხი შერიფისავე სიტყვებით ამ ამბავს ასე გადმოგვცემს: “ადრე ცხრა ბათალიონი ჯარი მყავდა. დევრიშ-ფაშა ყოველ კვირაში მწერდა – გეიწი, გეიწი ახალციხისკენო! რას გაჩერებულხარ ერთ ადგილასო! ჯერ კი ვაღორებდი, რომ გზა მაქ გამაგრებულიო, ვერ დევინგრევი აქედამ, მაგრამ როცა რუსის ჯარი არტანუჯისკენ გავუშვი ხელუხლებლად, მაშინ კი სულ უფრო ეიღო ეჭვი დევრიშ-ფაშამ. ახლა სხვა ოსტატობა ვიხმარე: ვითომ ჩხუბი ავტეხე ზემო და ქვემო აჭარას შუა, “წაუკიდე” ისინი და ოთხი ბათალიონი იმათ დასამშვიდებლად გავგზავნე, კიდევ ორი სხვაგან გავფანტე და მივწერე დევრიშ-ფაშას, რომ ამ სამი ბათალიონით წინ ვერ გევიწევი, ისევ აქ გავმაგრდები-თქვა, მაგრამ ბოლოს მაინც ჩამასმინეს: იმას რუსისკენ უჭირავს თვალიო და მეტი არ შემეძლო, ცოლ-შვილი არტაანში გავხიზნე, მე კი აქ გამოვიპარე.” აღარც დაედგომებოდა შერიფს აჭარაში, მტრები მიუჩინეს და სხალთაში სახლ-კარი გადაუწვეს. თავად ძლივს გაასწრო ახალციხეში. სწორედ ახალციხიდან ჩავიდა იგი თბილისს – თავის ძუძუმტე მიხეილ მეფისაშვილთან ერთად. 19 ივნისს თბილისის საზოგადოებრიობამ ძვირფასი სტუმრები სტეფანე მელიქიშვილთან საგანგებო სადილზე მიიწვია. აქ შეხვდა მას სერგეი მესხი. “შერიფი 45 წლის კაცია. “დიდკაცობა” იმას პირველ შეხედვაზევე ეტყობა: გადაშლილი შუბლი, ნათელი სახე, თეთრი კანი, პატარა, ნაზი ხელები, დინჯი, დარბაისლური მიხვრა-მოხვრა და წყნარი, მშვიდობიანი ლაპარაკი. ზორბა ტანზედ ქართული ჩოხა აცვია და მხრებზე დაკერებული ახალი პაგონები ამტკიცებენ, რომ რუსის გენერალია. შერიფი წმინდა ქართულით ლაპარაკობს; მხოლოდ სიტყვების გამოთქმაში გურულად უქცევს, იმ განსხვავებით, რომ ის ლაპარაკობს უფრო წყნარად, აუჩქარებლად და ისეთი ტკბილი სიტყვა-პასუხი და უბრალო ლაპარაკშიც კი ისეთი, თითქო ორატორული საუბარი აქვს, რომ მგონი თავის დღეში არ მოგწყინდებათ იმას ყური უგდოთ. ერთის სიტყვით, როგორც ძველი დარბაისელი თავადიშვილის ლაპარაკი გაგიგონიათ, ისე ლაპარაკობს.” _ ასე ახასიათებს სტუმრით მოხიბლული სერგეი მესხი შერიფ ხიმშიაშვილს. _ ქართული ხომ არ დაგვიწყნიათ? – ჰკითხა ვიღაცამ. _ რა ბრძანებაა, ბატონო, მთელ აჭარაში სულ ქართულს ლაპარაკობენ, შინაობაში სხვა ენას ვინ ხმარობს. მამაკაცებმა კიდევ იციან თათრული, დედაკაცებს კი ქართული სიტყვა-პასუხი აქვთ. _ წერა-კითხვა, ბატონო ბეგო? _ მაგაში კი სუსტობენ. ალაგ-ალაგ კიდევ იციან ზემო აჭარაში, მაგრამ სხვაგან ძვირად. მოგეხსენებათ, მედრესეები აქვთ და იქ ოსმალები ოსმალურ წერა-კითხვას ასწავლიან. უფრო დედაკაცებმა იციან ქართულად წერა-კითხვა. იმ დროს მწვავედ იდგა ბათუმის საკითხი, ევროპის სახელმწიფოებს მისი რუსეთისათვის გადაცემა არ სურდათ. შერიფს ჰკითხეს: _ მოისურვებს კი აჭარის ხალხი ჩვენსკენ გადმოსვლას? _ რატომ არაი, ბატონო! _ ახლა სულ ახალციხეში უნდა იცხოვროთ, ბატონო ბეგო? _ მაგი ვინ იცის, ბატონო, საქმეზე ჰკიდია. საცა მეტყვიან, იქ უნდა წავიდე... – ეს რომ თქვა, სინანულით დასძინა, _ ჩვენი სახლობა უბედურია: ამ სამოც წელიწადში სამჯერაა აოხრებული ჩვენო ოჯახი. პაპუაჩემი სულთან მახმუდმა მოიხმო სტამბოლში, მოჭრა თავი და რაც გააჩნდა, ყველაფერი ფაშებმა წაიღეს. მამაჩემი იყო და ისიც მოკლეს. მე სულ ხელ-ახლად დავდგი ოჯახი, მაგრამ ხომ ხედავთ, მეც რა ბედი მქონია: ყველაფერი მივატოვე და წამოვედი. შერიფმა სიტყვა რომ დაასრულა, მასპინძელმა, სტეფანე მელიქიშვილმა აიღო ჭიქა და თქვა: _ ესეც ჩვენი მოძმე აჭარლების სადღეგრძელო იყოს! შერიფს სახე გაუნათდა, სიამოვნების ღიმილი მოერია და ასე მიმართა მასპინძლებს: _ კაი იქნება, ბატონებო, რომ აჭარლებიც საქართველოსთან იყვნენ შემოერთებული... განათლებაი ეჭირება, ბატონო, იმათ, ამდენი ახალგაზრდა კაცები ხართ, განათლებულები... წადით, გეიცანით, ზოგი აქ მოიყვანეთ, სკოლა გაუმართეთ, ასწავლეთ და ასე უნდა... აბა, რა ძმა ხართ, თუ ისე აბდლურად დატოვებთ. სადილის შემდეგ შერიფ ხიმშიაშვილმა დაათვალიერა მელიქიშვილის სტამბა, ეწვია ჩარკვიანის წიგნების მაღაზიას, იყიდა 20 ეგზემპლარი ქართული ანბანი, თითო ეგზემპლარიც სხვა ქართული წიგნები და მეორე დღეს, მიხეილ მეფისაშვილთან ერთად, თბილისიდან გაემგზავრა. გაზ, “საბჭოთა აჭარა,” 16. 11. 1988.
წყარო: www.litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი