სერგეი მესხი:ქომაგი '' ბედისაგან მივიწყებული ძმებისა ''
დედასამშობლოსთან დაბრუნების პირველივე დღეებიდან აჭარის საკითხებს დიდი ყურადღება მიაქცია სეგეი მესხმა – წარსული საუკუნის ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ, ნიჭიერმა პუბლიცისტმა და დიდმა მოაზროვნემ. სერგეი მესხი 1845 წლის 25 ოქტომბერს, ქუთაისთან ახლოს, სოფელ რიონში დაიბადა. პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი დაამთავრა თუ არა, “ახალი ახალგაზრდების”ჯგუფმა, რომელშიც ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი და სხვები შედიოდნენ, გაზეთ “დროების” რედაქტორად მიიწვია. არჩევანში არც შემცდარან – სერგეი მესხის მეთაურობით “დროების” რედაქცია ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მთავარ შტაბად გადაიქცა. უფრო მეტიც, “სერგეი მესხი იყო – რედაქტორი ერთადერთი ევროპული ტიპის გაზეთისა, ქართული უნივერსიტეტის სადარი საქმეების გაძღოლა რომ შეძლო გასულ საუკუნეში!” კეთილმა კაცმა თავისი ქონებაც და სიცოცხლეც საერთო საქმეს ანაცვალა. სერგეი მესხი აჭარით განსაკუთრებულად იყო დაინტერესებული. ოცნებობდა იმ დროზე, როცა საქართველოს ეს ძირძველი მხარე მონობიდან თავს გამოიხსნიდა და ქართველი კაცი “ძმას ძმურად მკერდზე მიიყრდენდა.” მამულიშვილი გაახარა რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის დაწყებამ, რადგანაც მოელოდა, რუს-ქართველთა გაერთიანებული ლაშქარი გაიმარჯვებდა და საქართველოს ძირძველი კუთხე – აჭარა დედასამშობლოს დაუბრუნდებოდა. ასეც მოხდა და “დროების” რედაქტორმა ახალშემოერთებული ძმების სატკივარ-საფიქრალზე ზრუნვა და შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის შექმნა მიზნად დაისახა. ომის დაწყებისთანავე სერგეი მესხმა საბრძოლო ფორმა ჩაიცვა და, როგორც სამხედრო კორესპონდენტი, ქართული მილიციის ქვედანაყოფში ჩაეწერა. იგი ფეხდაფეხ მიჰყვებოდა მოქმედ არმიას, ფრონტის წინა ხაზიდან რედაქციას ომის ვითარების ამსახველ კორესპონდენციებს უგზავნიდა და ხალხს გამარჯვების რწმენას უნერგავდა. მესხი გამათავისუფლებთან ერთად შევიდა ბათუმში – ფეხი დაადგა “დედა-სამშობლოს მოწყვეტილAაჭარის მადლიან მიწას, რომლის შემოერთებაც უდიდეს ბედნიერებად, დაკარგულ ძმებთან ნანატრ დაბრუნებად და ქართველთა ეროვნული ცნობიერების ამაღლების საფუძვლად მიიჩნია.” სერგეი მესხი დიდად დაანაღვლიანა ომის შემდგომი პერიოდის ბათუმის მდგომარეობამ, დანგრეულ-გაპარტახებული ქალაქი და გაღატაკებული მოსახლეობა რომ იხილა. ამასთან, ქართველ ხალხს ახარებდა, რომ დიდი ხნის დაკარგული ძმები დაგვიბრუნდნენო და იქვე დასძენდა: “რა მოძმეები იქნებიან, რა შემოერთება იქნება, თუ ისინი ჩვენ ვერ გვიცნობენ და ჩვენ იმათ?” და მოწინავე ქართველ ახალგაზრდებს მოუწოდებდა, გაიცნონ ახალშეძენილი ძმები და გააცნონ მათ თავიანთი თავი. “ჩვენ თითქმის სრულებით არ ვიცნობთ ამ ახლად ჩვენს უბეში დაბრუნებულ მოძმეებს. ვიცით მხოლოდ, რომ ყველა ესენი გამაჰმადიანებულები არიან, რომ მომეტებულ ნაწილს ამათგანს ძველი საქართველოს ხასიათი და ზნე-ჩვეულებანი ჯერაც არ დავიწყებიათ და ასრულებენ, ვიცით, რომ ზოგან იმათ თავიანთი სამშობლო ქართული ენა ჯერაც არ დაკარგვიათ და სხვა არაფერი.” – ბათუმიდან იწერებოდა სერგეი მესხი. მას ახრებდა, რომ მთელ “ოსმალოს საქართველოს ხალხს, ჯერ კიდევ ქართველი ხალხის ხასიათი აქვს, ჩვეულება და ცხოვრება საქართველოსი.” სერგეი მესხი მთავრობას ურჩევდა – რიგიანი, ადგილობრივი წეს-ჩვეულებებისა და ხალხის ხასიათის მცოდნე მოხელე-ჩინოვნიკები დაენიშნათ აჭარაში, არ შეელახათ ახალდაბრუნებული მოძმეების თავმოყვარეობა, შეემსუბუქებინათ მათი მდგომარეობა. “აუცილებლად საჭიროა, რომ ჩვენ არ შევეხოთ ახლად-შეძენილი ქართველების სარწმუნოებას. ჩვენი ჰაზრი ეს არის, რომ არათუ ძალდატანებით, ტკბილი სიტყვითაც არ უნდა ვეცადოთ ჩვენ მაჰმადიანი ქართველების გაქრისტიანებას, გამართლმადიდებლობას... სარწმუნოება სინდისის საქმეა, ერთობ ფრთხილად უნდა შეეხოს იმას კაცი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წინ მაჰმადიანის სარწმუნოების კაცი გიდგია.” _ მოძღვრავდა აჭარაში მომუშავე ჩინოვნიკებს სერგეი მესხი. მოძმეთა დაახლოება-შეთვისების მძლავრ საშუალებად მას ქართული სახალხო სკოლების გახსნა, ქართული ლიტერატურის გავრცელება და აჭარული ფოლკლორის შეკრება მიაჩნდა. სერგეი მესხმა კარგად იცოდა, რომ ოსმალთაგან მიტაცებული ადგილების, განსაკუთრებით კი ბათუმის, შემოერთებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური დაწინაურებისათვის, ამიტომაც შეეცადა ქართველი ინტელიგენციის დარაზმვას “დაკარული ძმების” დასახმარებლად. აჭარელთა დიდმა ქომაგმა განსაკუთრებული სიმძლავრით გაილაშქრა მუჰაჯირობის წინააღმდეგ და მთავრობას მოუწოდა, ამ შავ-ბნელი მოძრაობის შესაჩერებლად ქმედითი ღონისძიებები განეხორციელებინა. წუხდა მამულიშვილი, რომ მოსახლეობა მასობრივად ტოვებდა მამა-პაპათა მიწას, საცხოვრისს, მონაგარს და ოსმალეთიდან შემოგზავნილი მსტოვრების წაქეზებით დედა-წულიანად უცხო ქვეყანაში მიიბარგებოდა. იქ კი, ვინ იცის, რა ელოდა. მით უფრო დარდობდა, რომ დაცარიელებულ მიწებზე უცხოტომელები სახლდებოდნენ და ქართველობას შთააგონებდა, დროულად შემოეკრათ განგაშის ზარებისათვის. ს. მესხი, სხვა მოწინავე ქართველებთან ერთად, მოუწოდებდა აჭარლებს, არ აჰყოლოდნენ თურქთა შეგონებას. დადიოდნენ Aაჭარის სოფელ-სოფელ, კარდაკარ და ხალხს გადასახლების უაზრობას ჩააგონებდნენ, უხატავდნენ მუჰაჯირიბით გამოწვეულ უბედურებას. მათი აზრით, მუჰაჯირობას ადგილობრივი მოლა-ხოჯები, აღა-ბეგები და მოხელე-ჩინოვნიკებიც უწყობდნენ ხელს. ისინი ავიწროებდნენ ხალხს, ცდილობდნენ, მამა-პაპისეული ადგილებიდან აეყარათ, რომ შემდგომში ამ მიწებით ხელი მოეთბოთ. მუჰაჯირობას სერგეი მესხი მავნედ მიიჩნევს როგორც საქართველოსათვის, ისე რუსეთისთვისაც, ეძებს გამოსავალს ამ მდგომარეობიდან. მისი აზრით, გადასახლების შეჩერების ერთერთი მთავარი პირობაა, ჩავაგონოთ ხალხს, თუ რა მოელით ოსმალეთში და დავანახოთ, რომ საძმოდ მოვედით და არა გასაძარცვავად. პირველ რიგში, ამის მაგალითებს პირადად უჩვენებდა. სერგი-ბეგმა, როგორც მას აჭარაში უწოდებდნენ, თავად ჩაიტანა ქობულეთ-მაჭახელაში ქართველი საზოგადოების მიერ შეგროვილი დახმარება და გაჭირვებულთ თავისივე ხელით დაურიგა. კინაღმ ემსხვერპლა კიდეც ამ ჰუმანურ მისიას. ზაქარია ჭიჭინაძის ცნობით, მარადიდში ”სამწუხაროდ აჭარლებს რუსი ეგონათ და ნავში მოგზაურობის დროს ჭოროხში დამბაჩაც ესროლა ერთმა აჭარელმა.” მესხი ილია ჭავჭავაძის დავალებითაც ეწვია ბათუმს და პირველი ქართული სკოლის გასახსნელად კარგი ნიადაგი მოამზადა. 1878 წლის 19 ივნისს სტეფანე მელიქიშვილის (“დროების” გამომცემელი) ოჯახში შეხვედრა მოუწყვეს შერიფ ხიმშიაშვილს და მიხეილ მეფისაშვილს – პირველ სტუმრებს აჭარიდან. ამ შეხვედრას სერგეი მესხმა მიუძღვნა ვრცელი წერილი _ “ერთი სადილი შერიფ-ბეგთან,” რომელსაც აუღელვებლად ვერ წაიკითხავთ. სერგეი მესხი დაწვრილებით აღწერს ამ ორი დარბაისელი ქართველის გარეგნობას, მათ ტკბილ საუბარს და აჭარის მომავალზე გულისწუხილს. იმავე წლის შემოდგომაზე აჭარელთა კიდევ უფრო დიდი სტუმრიანობა ახარა საზოგადოებას – 20 ნოემბერს თბილისს, სამუსლიმანო საქართველოდან, თექვსმეტკაციანი დეპუტაცია ეწვია. დ. ყიფიანის ინიციატივით მათ მუხრანსკის სასახლეში დიდი პურობა გაუმართეს, სადაც საქართველოს შვილნი დანაწილებული საქართველოს შეერთებას Dდღესასწაულობდნენ. “დანაწილებული საქართველოს შეერთება, გამთლიანება, ერთ სხეულად გადაქცევა სერგეი მესხის სანუკვარი ოცნება იყო. მისი ყოველი სიტყვა “ბედისაგან მივიწყებული მოძმეებისადმი” უსაზღვრო სიყვარულითაა გამთბარი. ამიტომაც იყო, რომ როცა გარდაიცვალა (1883 წლის 21 ივლისი), მთელ ქართველ ხალხთან ერთად, აჭარის მოსახლეობამაც ცხარედ დაიტირა მათი ქომაგი და გულშემატკივარი მამულიშვილი. “ყოველი ბათუმელი ქართველი ღრმა მწუხარებაში ჩაგვყარა ამ კაცის გარდაცვალებამ.” “წერა-კითხვის სკოლა უზომოდ მწუხარებს სერგეი მესხის გარდაცვალებას. მასში სკოლამ დაკარგა საუკეთესო მოსარჩლე და კეთილმსურველთაგანი.” – გაზეთ “დროებაში” გამოქვეყნებულ სამძიმრის ამ წერილებს ბათუმელი აბაშიძეები და სხვები აწერენ ხელს. მადლიერმა შთამომავლობამ ამაგი გაუფასა სერგეი მესხს. მის სახელს ატარებს ხელვაჩაურის რაიონის ჩხუტუნეთის საშუალო სკოლა და ქუჩა ბათუმში. ვფიქრობ. “ბედისაგან მივიწყებული ძმების” უანგარო ქომაგის ძეგლიც დიდად დაამშვენებდა მისგან შეყვარებული აჭარის დედაქალაქს. ეს წერილი მინდა დავასრულო ქართული ჟურნალისტიკის ისტორიის მკვლევარის, პროფესორ დალი ჩიკვილაძის სიტყვებით, რომელშიც სრული სისავსითაა წარმოჩენილი დიდი ქართველი მამულიშვილის დამსახურება: “სერგეი მესხი პუბლიცისტური სიტყვით ემსახურა თავის სათაყვანებელ სამშობლოს, ემსახურა მხურვალედ, მოთმინებით, თავდადებით, მუხლმოუდრეკლად. დაუღალავად, შეუბღალავად...” 2008. ლიტერატურა: ო. ფუტკარაძე, გაზეთი “დროება” აჭარის შესახებ, ბათ., 1980. გაზ. “დროება,” 1878-1882 წ.წ. ნომრები. ქართული მწრლობა, ტ. 18. თბ., 2001. ზ. ჭიჭინაძე, ქართველ მაჰმადიანთა დიდი გადასახლება ოსმალეთში – მუჰაჯირი ემიგრაცია. თბ., 1914.
წყარო: www.litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი