«დროების» აღსარება


ერთი რომელიმე «დროების» ნომერი რომ აიღოს მკითხველმა ხელში და გადახედოს,
რამდენსამე განყოფილებას ნახავს ამ გაზეთში; მაგალითად: მოწინავე სტატიები,
საქართველო, რუსეთი, უცხო ქვეყნები, ომის ამბები (ამ ჟამად), ნარევი, განცხადებანი და
სხვა. რომელიც გნებავთ სხვა გაზეთი აიღეთ და დარწმუნდებით, რომ ყველა სხვადასხვა
განყოფილებად არის დანაწილებული. განათლებულ ქვეყნებში, საცა გაზეთებს ათასობით და
ათი-ათასობით ჰყავს ხელისმომწერლები და საცა ისინი ყოველდღე გამოდიან, თითოეულ
ამნაირ განყოფილებას რედაქტორისაგან ცალკე პირი ჰყავს მიჩენილი, რომელიც მხოლოთ ამ
თავის განყოფილებისათვის აგროვებს ცნობებს. რედაქტორი ვალდებულია მარტო ყური
უგდოს, რომ სხვა და სხვა განყოფილებისთვის მოგროვილ ცნობებსა და ამბებს ერთი სული
ედგას და ერთგვარი ზემოქმედება ჰქონდეს მკითხველებზე; ის ვალდებულია, რომ ერთს
განყოფილებაში გამოთქმული აზრი, ან მოყვანილი ამბავი არ ეწინააღმდეგებოდეს მეორე
განყოფილებაში გამოთქმულსა.
ეს პირები, რომელნიც ამგვარად მუდამ შრომობენ გაზეთისათვის, არიან გაზეთის მუდმივი
თანამშრომლები, ისინი შეადგენენ რედაქციას. კარგად გამართულ გაზეთებს მუდამ
თანამშრომლებს გარდა ჰყავთ კიდევ გარეშე თანამშრომლები, ანუ კორესპონდენტები,
რომელნიც სხვადასხვა ადგილებიდან სწერენ ხოლმე ამ გაზეთებში ყველაფერს, რისთვისაც
კი დაუკვირვებიათ თვალი და რაც ღირსია მკითხველი საზოგადოების ყურადღებისა.
ზოგიერთი მდიდარი გაზეთები საკუთარ კორესპონდენტებს გზავნიან ხოლმე სხვა ქვეყნებში
ამბის მოსაწერათ, თუ ამ ქვეყნებში შესანიშნავი რამე ამბავი ხდება; მაგალითად, ამერიკაში
რომ ომიანობა იყო, 1864-66 წ.წ. ინგლისურმა გაზეთმა «თიმეს»-მა საკუთარი კორესპონდენტი
გაგზავნა იქ; ეხლანდელ ომშიაც ყველა ცოტაოდნათ შეძლებულ გაზეთს ჰყავს საფრანგეთში
თავისი კორესპონდენტები, რომელნიც დაწვრილებით იწერებიან იქაურ ომიანობის ამბებს
და «თიმეს»-ს კი ერთის მაგივრათ სამი თუ ოთხი კორესპონდენტი ჰყავს. ამნაირათ,
განათლებული ქვეყნების გაზეთებს აქვთ საშუალება კარგათ წაიყვანონ თავიანთი საქმე და
საინტერესო ცნობები აცნობონ და ამბები უამბონ თავის მკითხველებს. ამ საშუალებას (ბევრი
თანამშრომლების ყოლას) იმათ აძლევს თვითონ საზოგადოება, რომელსაც ეხალისება
ქვეყნის ამბების შეტყობა და იმიტომ იწერს გაზეთებს. განათლებულ ქვეყნებში ეს ორი საქმე:
გაზეთის სიკეთე და იმის გავრცელება საზოგადოებაში, ე. ი. საშუალების მომატება –
თითქმის ყოველთვის კუდი კუდზე არიან ერთმანეთზე გადაბმულნი. ერთი მხრით, იმ
ქვეყნებში, თუ გაზეთი კარგია, ბევრი საშუალებაც ექნება, ბევრი ხელისმომწერლებისაგან და
მეორე მხრით, თუ გაზეთს ბევრი ხელისმომწერელი ჰყავს, ან სხვა საშუალება აქვს, იმას
შეუძლია კარგათ წაიყვანოს თავისი საქმე. ახლა ცოტა ჩვენკენაც მოვიხედოთ, აბა, როგორი
სურათი დაგვიხვდება ჩვენ თვალწინა? თუ როგორც ამბობენ გაზეთების, ჟურნალებისა და
წიგნების სიმრავლე და სიკეთე, რომელსამე საზოგადოებაში მოასწავებს ამ საზოგადოების
ცნობის მოყვარეობას და განათლებას, – მაშინ, საუბედუროთ, ეს საამო სანახავი არ იქნება: ეს
სურათი არც ჩვენი საზოგადოების ცნობის მოყვარეობას და არც განათლებას არ დაამტკიცებს.
ვილაპარაკოთ აქ მხოლოდ «დროებაზე», რომელიც, როგორც უნდა იყოს, სხვა ქართულ
გაზეთებზე და ჟურნალებზე უფრო გავრცელებულია ჩვენ მკითხველ საზოგადოებაში.
რამდენი მუდმივი თანამშრომელი ჰყავს «დროებას»? თუმცა გვრცხვენია ამ რიცხვის
გამოთქმა, მაგრამ მაინც ვიტყვით: «დროებას» ახლა ორი მუდმივი თანამშრომელი ჰყავს,
რომელიც რედაქციას შეადგენენ. ორ კაცს, რასაკვირველია, ყოველთვის შეუძლია ისეთი
პატარა გაზეთის გამოცემა, როგორიც «დროებაა», ისიც კვირაში ერთხელ, მაგრამ საქმე ის
არის, რომ გაზეთი ამ ორ კაცსაც ვერ აძლევს იმდენ ღონისძიებას, რომ იმის შემოსავალი
გაზეთის ხარჯსაც აუვიდეს და იმათაც. ამის გამო ისინი იძულებულნი არიან სხვა პურის
მძლეველ საქმესაცა მოჰკიდონ ხელი. ეს გახლავან «დროების» მუდამ თანამშრომლები...
ახლა გარეშე თანამშრომლები, ანუ კორესპონდენტები. ჰყავს «დროებას» კორესპონდენტები?
ურიცხვი და უანგარიშო! რედაქციის ყუთში რო ჩაახედო კაცი, გაუკვირდება–ამდენი
კორესპონდენციები და სტატიები საიდან მოგროვდაო. ეს გარემოება, რასაკვირველია,
სასიამოვნოა; ეს ან იმას ნიშნავს, რომ მწერლობას პატივი ადევს ჩვენში და ამის გამო ყველას
ჰსურს მწერალი გახდეს, ან იმას, რომ ჩვენ ყველაფერი გვსურს გაუზიაროთ სხვებს და გულში
ჩამარხვა რამისა არ გვიყვარს... მაგრამ უბედურება ის არის, რომ ეს ამდენი კორესპონდენცია
და სტატია, ტყუილათ, დაუბეჭდავათ აწყვია რედაქციის ყუთში: ყველა, ვისაც შეუძლია და
არ შეუძლია წერა, აგზავნის გაზეთში დასაბეჭდად თუ ღრმა აზროვან სტატიებს, თუ უკუდო
კორესპონდენციებს და თუ ფუტურო ლექსებს. «დროებას» რომ შეძლება ჰქონდეს, იმას ჩვენს
ორიოდე ქალაქში საკუთარი კორესპონდენტები ეყოლება, თითონ რედაქციას მისცემდა
საშუალებას ახლანდელზე უკეთ წაეყვანა გაზეთის საქმე, ერთის მაგივრათ სამჯერ, ან
ყოველდღე გამოიცემოდა კვირაში და სხ. მაგრამ ღონისძიება თუ არ იქნა, არაფრის გაკეთება
არ შეიძლება. ამ ჟამათ «დროებას» სამასამდე ხელის მომწერი ჰყავს და ამ რიცხვიდან
თითქმის ასს ჯერ არ შემოუტანიათ გაზეთის ფული. გამოიანგარიშეთ რა დარჩება და მერე
თქვით, – აქვს საზოგადოებას უფლება ემდუროდეს «დროებას» თუ არა?
მკითხველს ვთხოვთ, ყველა ეს ლაპარაკი რედაქციას სასოწარკვეთილებათ და თავის საქმეზე
ენერგიის მოკლებათ არ ჩაუგდოს. ახლანდელ «დროების» რედაქციას იმედი აქვს, რომ ჩვენი
საზოგადოება, ადრე იქნება თუ გვიან, როგორც რიგია, გაიგებს და დააფასებს მწიგნობრობის
საჭიროებას; მანამდინ კი, რაც შეძლება და ღონე იქნება, ეცდება, მოაახლოვოს ეს სანატრელი
დრო...
დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», 1870 წ., № 51 ხელმოუწერლად.

წყარო: www.gdi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი