რა დაუკარგავთ ქალებს და რას დაეძებენ ისინი? (ვუძღვნი ჩვენ ახალგაზრდა ქალებს)


"ამ სიტყვებს მივაქცევ ცოცხლებისაკენ და არა იმათკენ, რომელნიც ცოცხლებში ურევიან,
ხოლო მკვდართათანა შეირაცხნეს".
ამბობენ, რომ ერთი დამნაშავე რაღაც ავკაცობისათვის რამდენიმე წლით საპყრობილეში იყო
დამწყვდეულიო; გაუთავდა თუ არა ვადა, საპყრობილის ზედამხედველმა გაუღო მას თურმე
კარები და უთხრა: "ჩემო ძმაო, შენ გაგივიდა საპყრობილეში ჯდომის ვადა; ახლა თავისუფალი
ხარ. შეჰკარ ბარგი, გამოდი ამ სულშემხუთავი ოთახიდამ და ფეხ წაუმტვრევლად იცხოვრე
ქვეყანაზე». მაგრამ, წარმოიდგინეთ ზედამხედველის გაკვირვება, როდესაც დაინახა, რომ
დამნაშავე ამ ამბავმა სრულიადაც არ გაახარა და გამოთხოვების დროს ტირილი დაიწყო.
ამბობენ აგრეთვე და მეც ჩემი ყურით გამიგონია, რომ, როცა ჩვენში გავარდა ხმა გლეხების
განთავისუფლებისა, ზოგიერთი გლეხი ამბობდა: «ჩემ ბატონს თავის დღეში არ მოვშორდები,
ჩემ მამა-პაპას ჰყოლია ბატონი და მეც უნდა მეყოლოსო!.."
სწორედ ამნაირია ახლანდელი ქალების უმეტესი ნაწილის საქმეც: ისინი მამა-პაპიდგანვე
შესჩვევიან თავის მდგომარეობას, მამა-პაპიდგან კაცების ხელქვეითნი ყოფილან და თითქმის
არავითარი სურვილი, თვით მოქმედება და უფლება იმათ არ ჰქონდათ, და როდესაც ახლა
ქალებს ეუბნებიან, დროა განთავისუფლდეთ ამ მონობისაგან, თქვენც ისეთი სწავლაგანათლების, ჭკუაგონების გამოჩენისა და მოქმედების უფლება უნდა გქონდესთ, როგორიც
კაცებსა აქვსთ და ამით თქვენც უნდა დაეხმაროთ კაცობრიობის წარმატებასაო, – ისინი
გაკვირვებულნი არიან და ამბობენ: "ჩვენ ახლაც კარგ მდგომარეობაში ვართ, რის უფლებები,
სადაური მოქმედება, რომელი სწავლა-განათლებაო! ასე უცხოვრია ჩვენ მამა-პაპას და ჩვენც ასე
უნდა ვიცხოვროთო!"
ძალიან ძნელია რომელსამე კაცს მისი ცუდი მდგომარეობა აუხსნა, თუ კი ამნაირ
მდგომარეობაში მყოფი თვითონ არა გრძნობს ამას. საპყრობილეში დამწყვდეული დამნაშავე
ისე შესჩვევია თავის დამწყვდევას, თავის ოთახის დამპალ ჰაერს, იმის ნოტიო ოთხ კედელს და
გახრეკილ დოშაკს, რომ იმათი მოშორება ეძნელება და ვერ გაუგია, – რა სიტკბოება უნდა იყოს
კაცისათვის თავისუფლება. აგრეთვე ქალიც: თავის სამოქმედო ასპარეზათ იმას მხოლოთ
სასტუმრო, საწოლი და სატანცაო ოთახები მიაჩნია და ამის გამო ვერ გაუგია, რათ ეუბნებიან,
რომ ქალის დანიშნულება მარტო კეკლუცობაში და კაცების და თავის გრძნობების
დაკმაყოფილებაში არ მდგომარეობსო; ვერ გაუგია, – რათ აშორებენ მოარშიყე კავალერს,
ტკბილი ხმების გამომძახ ფორტეპიანოს და რათ აჩეჩებენ ხელში რაღაც «უფლებებს»,
რომელნიც არ იცის, სად და როგორ მოიხმაროს!
ყველგან და ყველა ქალი რომ ასე ჰფიქრობდეს და სჯიდეს თავის მდგომარეობაზე, მაშინ,
უეჭველია, დღეს ამ საგანზე მკითხველთან ლაპარაკი არ მოგვიხდებოდა. მაგრამ ღვთის
მადლით, უმრავლესი ნაწილი დასავლეთ ევროპის და რუსეთის განათლებული ქალებისა და
ამერიკაში თითქმის ყველანი – სულ სხვანაირათ სჯიან ახლა ქალის დანიშნულებაზე და ისინი
სხვაფრივაც მოქმედებენ, იმისთვის, რომ ქალებმა შემდეგში მაინც ამ თავის დანიშნულებისა
დაგვარათ, ცხოვრებისა და მოქმედების უფლება შეიძინონ.
ჩვენი დედა-მიწის ზურგზედ ისეთი სულდგმულები არიან, რომელთაც ვერასგზით, ათასი
საბუთით და არგუმენტითაც, ვერ დაუმტკიცებ რომელსამე ახალ აზრს და ვერ ჩააგონებ ამ
აზრის, ან სხვა რომელიმე საქმის სიკეთეს და სარგებლობას. ამისთანა სულდგმულებს გარდა,
ახლა თითქმის ყველანი დარწმუნებულნი არიან, რომ ქალების კაცებთან გათანასწორება, ე. ი.
იმათთვის ყველა ამ უფლების მინიჭება, რაც კაცებს აქვთ, შეუმსუბუქებს მამობრივ სქესს
ცხოვრების მძიმე ტვირთს და საზოგადოთ გააერთი-ორებს მთელი კაცობრიობის
კეთილდღეობას.
ამ საგნის თეორეტიკულ მხარეზე ბევრი რამ არის ნათქვამი და დაწერილი უცხო ქვეყნების და
თითქმის ჩვენს ღარიბ ლიტერატურაშიაც და ყველასათვის, ვისაც კი გონება მამა-პაპური
აზრებითა და ცრუ მორწმუნეობით არა აქვს დახშული, ცხადათ დამტკიცებულია, რომ ქალი
კაცის თანასწორათ არის გაჩენილი, რომ იმის დამონავება, სხვა-და-სხვა უფლებების წართმევა,
სიკეთის მაგივრად ვნებს კაცობრიობას და აფუჭებს იმის ბუნებას და ხასიათს, როგორც
საზოგადოთ გაფუჭებულია ყოველი, «მონისა» და «ბატონის» ბუნება და ხასიათი;
დამტკიცებულია, რომ ქალი მარტო შვილოსნობისათვის, ტკბილი გრძნობებისათვის და
ქვეყნიერების დასამშვენებლათ არ არის გაჩენილი; დამტკიცებულია ათასი მაგალითებით,
რომ ქალის ტვინსა და ხშირათ ხელსაც ისეთნაირათ შეუძლია კაცობრიობის სასიკეთო
მოქმედება და მუშაობა, როგორც კაცებისას. ერთი სიტყვით, დამტკიცებულია, რომ
ცხოვრებაში ქალს თითქმის ყველა იმ მოვალეობის და საქმის ასრულება შეუძლია, რასაც
ამჟამათ მხოლოთ კაცები ასრულებენ. მაშ, თუ ეს ასეა, რატომ ყოველგვარი უფლება, ყოველი
საქმე მარტო კაცებსა აქვთ მინდობილი? რატომ არიან იმათ მოკლებული ქალები? ნუ თუ ჩვენ
ცხოვრებაში ქალებისათვის საქმე აღარ არის, ნუ თუ მართლა თავის ცხოვრების
გაუმჯობესებისთვის და ბუნების გამოსაყენებლათ კაცობრიობას იმდენი მამობრივი სქესის
ტვინი და ხელი აქვს, რომ ქალების შრომა იმისათვის სრულიათ საჭირო აღარ არის?..
***
მაგრამ ყველა ამაზე და სხვა ამ საგნის თეორეტიკულ მხარეებზე ჩვენ არ მოველაპარაკებით
დღეს მკითხველს, ჩვენ გვსურს გავაცნოთ მკითხველს მხოლოთ ის სახსრები და ღონისძიება,
რომლითაც განათლებული ქალები კაცების მონობისაგან დახსნას და საზოგადოთ თავის
ცუდი მდგომარეობისაგან გამოსვლას აპირებენ. თავიდანვე ვიტყვი, რომ ეს ღონისძიება –
ქალების სამოქალაქო უფლების შეძენა, მათი ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება და
ჭკუაგონების გახსნაა. სამივე ესენი ისეთნაირათ არიან ერთმანეთზე დამოკიდებული,
ისეთნაირად კუდი-კუდზე არიან გადაბმული, რომ ერთის უმეორისოთ შეძენა და მეორეს
უმესამოთ – შეუძლებელი საქმეა. მართლა, როგორ შეიძლება რომელიმე სამოქალაქო უფლების
შეძენა, ვსთქვათ სახელმწიფო სამსახურში შესვლისა, თუ ადამიანი გონება გახსნილი არ არის?
ღარიბს, რომელსაც ლუკმა პური არა აქვს, როგორ შეუძლია ჭკუის გამდიდრებას მისდიოს და
ან უჭკუო კაცს როგორ შეუძლია თავის ეკონომიური მდგომარეობა გააუმჯობესოს? ამიტომაც
ქალებმა ამ სამთავე საშუალებას ერთნაირი ყურადღება მიაქციეს და ერთნაირათ სცდილობენ,
როგორც სამოქალაქო უფლების შეძენას, აგრეთვე სწავლის მიღებასა და ეკონომიური
მდგომარეობის გაუმჯობესებას. როცა ოცი-ოცდაათი წლის წინეთ ქალების მოძრაობა დაიწყო,
იმათ კარგათ იცოდნენ, რომ პირველი მტრები ქალებისათვის სხვა და სხვა უფლების
მინიჭებისა კაცები იქნებოდნენ; ისინი კარგათ გრძნობდნენ და ხედავდნენ კიდეც, რომ ცრუმორწმუნეობით სავსე და წარსული ცხოვრების მაგალითით შემცთარი კაცის გონება ვერ
წარმოიდგენდა, რომ ქალიც კაცია და იმასაც "კაცური" უფლება–ადამიანურათ, და არა
პირუტყვულათ, არსებობისა უნდა ჰქონდეს.
ამიტომაც თვითონ ქალები, თავის საშუალებით და ჭკუით, შეუდგნენ საქმეს და დაიწყეს
მეცადინეობა თავის გარკვეული მიზნის მისაღწევათ. პირველათ ეს მეცადინეობა მხოლოდ
იმაში მდგომარეობდა, რომ ქალები და ზოგი განათლებული კაციც სცემდნენ ათასნაირ
წიგნებს, ჟურნალებსა და გაზეთებს, რომელშიაც სწერდნენ ქალების ცუდ მდგომარეობას და
უჩვენებდნენ საზოგადოებას და მმართველობას იმ გზებს და სახსებს, რომლებითაც ამ ცუდი
მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელი იყო. ამნაირათ ისინი ქადაგობდნენ და
ავრცელებდნენ საზოგადოებაში ქალების კაცებთან გათანასწორების აზრს.
ყველაზე უფრო გაცხარებული ეს სიტყვითი, ლიტერატურული მოძრაობა ამერიკაში,
ინგლისში, გერმანიაში და ამ უკანასკნელ დროს რუსეთში იყო. ამნაირი ქადაგებით ქალებმა ამ
ქვეყნებში ბევრი მომხრე შეიძინეს და თავის აზრები გაავრცელეს საზოგადოებაში; ახლა ყოველ
განათლებულ კაცს რცხვენოდა ეთქვა, რომ ქალი მარტო საარშიყოთ არის გაჩენილი და იმის
საქმე მარტო შვილის შობა და სტუმრის შექცევა არისო. ამას მაშინ და ხშირათ ახლაც მხოლოთ
ზოგიერთი ჯიუტი და გონება დახშული პირი ამტკიცებდა. მაგრამ მარტო ლიტერატურული
მოძრაობით, მარტო ქალების სასარგებლო აზრების გავრცელებით მაგდენი არაფერი არ
გამოდიოდა: იმათი მდგომარეობა ისევ უწინდელურათ შევიწროებული იყო. მაშინ ქალებმა
მიაქციეს ყურადღება ერთ საშუალებას, რომელსაც ყოველთვის და ყველგან მიმართავენ
ხოლმე, როდესაც რომელიმე მძიმე საქმის ასრულება ჰსურთ: მე ვამბობ ასსოციაციაზე.
დარწმუნდნენ თუ არა ქალები, რომ განცალკევებული მეცადინეობით ისინი ბევრს ვერას
გაარიგებენ, იმათ ასობით და ათასობით დაიწყეს თავის შეყრა და ერთათ ასსოციაციით
შეუდგნენ თავის საქმეს. ამერიკაში, ინგლისში, გერმანიაში და სხვაგან ყოველ წელიწადს
ათასობით იკრიბებიან მიტინგზე ქალები, ლაპარაკობენ თავის მდგომარეობაზე, ეძებენ თავის
მონობის მოსასპობელ საშუალებებს, მართავენ ქალებისათვის სასწავლებლებს, ეხმარებიან
ერთმანეთს ისეთი მუშაობის მოპოებაში, რომლითაც ქალს კაცისაგან დამოუკიდებლათ
ცხოვრება შეეძლოს. ამ მიტინგებზე ათასობით ესწრებიან კაცებიც და ამნაირათ იმათი
საშუალებით, ქალები უფრო მსწრაფლათ და უფრო კარგათ ავრცელებენ თავის აზრებს, ვიდრე
ბეჭდვით.

წყარო: www.gdi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი