რა დაუკარგავთ ქალებს და რას დაეძებენ ისინი? (ვუძღვნი ჩვენ ახალგაზრდა ქალებს)


ეხლა ვნახოთ, როგორ მოქმედებენ და რა გააკეთეს იმ განათლებულ ქვეყნების ქალებმა,
რომელთაც თავის შევიწროებული მდგომარეობა იგრძნეს. არც ერთ ქვეყანაში ქალებს ისეთი
უფლება არა აქვთ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაგრამ ამასთანავე ისიც უნდა
ვსთქვათ, რომ არც ერთ ქვეყანაში ქალები ისე ენერგიულათ და ისეთი ჭკუით არ მოჰკიდებიან
თავიანთ საქმეს, როგორც ამერიკაში. ამიტომაც იმათ ბევრი უფლება სწორეთ ძალით წაართვეს
კაცებს. ნიუ-იორკის სასოფლო შკოლებში სულ 26000 მასწავლებელია და იმათში 21000 – ქალია.
მასაჩუზეტში 4000 მასწავლებელში 2500 – ქალია, ასე, რომ მთელი სახალხო განათლება
თითქმის მარტო ქალების ხელშია. ამას გარდა ამერიკის ქალები არიან: მომრიგებელ
მოსამართლეებათ, პროფესორებათ, ექიმებათ, ფოსტაში და ტელეგრაფში მსახურობენ და სხვა.
ნიუ-იორკში და ვაშინგტონში არის ამჟამად მუდამი ქალების კონგრესი; ვაშინგტონის
კონგრესს «ქალების პარლამენტი» ჰქვია. ამ უკანასკნელ დროს ამ პარლამენტმა წინადადება
შეიტანა ამერიკის კონგრესში, რომელშიაც თხოულობდა, რომ ქალებს მიენიჭოს დეპუტატების
ამორჩევისა და საზოგადო საქმეებში მონაწილეობის მიღების უფლებაო, რომ ერთი სიტყვით
განსხვავება ქალებსა და კაცებს შუა ამ მხრითაც მოისპოსო. ერთ შტატში ქალებს აქვთ ამ ჟამათ
მინიჭებული ამორჩევითი უფლება, ყველა ამის მიღწევა და ამ თანამდებობის მოხმარება,
უეჭველია, ქალებს არ შეეძლოთ, უმაღლესი განათლების მიღების (ე. ი. უნივერსიტეტში და
კოლეგიებში შესვლის) ნება რომ არ ჰქონდეთ ამერიკაში.
ამერიკაში ძალიან ბევრი ისეთი საშუალო სასწავლებელი და შკოლაა, სადაც ქალები და ვაჟები
ერთათ სწავლობენ; ხშირათ 15–16 წლის ახალგაზრდა ქალი და 18–20 წლის ყმაწვილი კაცი
ერთათ სხედან, ერთ სკამზე, მაგრამ ეს არ უშლის იმათ მასწავლებლის ყურის გდებას და
სიბეჯითეს სწავლაში და ამისგან საქალ-ვაჟო სასწავლებლებში არასოდეს არც ზნეობის
დამრღვევი და არც საზოგადოთ გასაკიცხი რამ შემთხვევა არ მომხდარა. ხსენებული
უფლებები, ასე ვთქვათ, სამოქალაქო უფლებებია. ახლა ვნახოთ, როგორ მდგომარეობაშია
ამერიკის ქალი შინაურობაში, ოჯახობაში.

წყარო: www.gdi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი