რა დაუკარგავთ ქალებს და რას დაეძებენ ისინი? (ვუძღვნი ჩვენ ახალგაზრდა ქალებს)
სადაც საზოგადოება იმდენათ განათლებულია, როგორც ამერიკაში, სადაც ცოლ-ქმრობა მხოლოდ ერთმანეთის სიყვარულზე ან ნდობაზე და არა მზითევზეა დამყარებული და კიდევ, საზოგადოთ ყოველ ქალს ისეთი შრომის ასპარეზი აქვს გახსნილი, რომ ყოველთვის შეუძლია თავისი ჭკუითა და ხელებით დაირჩინოს თავი, იქ, რასაკვირველია, ქალი, როგორც სხვა მხრივ, არც ოჯახობაში იქნება კაცისაგან დამოკიდებული. მართლაც, ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკაში არც ქმარიანი და არც გასათხოვარი ქალი კაცის მონათ და ჭკუით ბავშვათ არ მიაჩნიათ, როგორც სხვაგან. ყოველ საზოგადო და კერძოობით საკუთარ საქმეებზე ცოლი და ქმარი ერთად მოილაპარაკებენ, ერთად აქვთ რჩევა და ერთად გადაწყვეტენ, როგორც სჯობია. ამ ოჯახის რჩევაში ხშირად გასათხოვარი ქალიც იღებს მონაწილეობას. მაგრამ ახალგაზრდა ქალს თავის ნაცნობები და მეგობრები ჰყავს, თავის საქმე აქვს და საზოგადოთ, როგორც ჭკუა უჭრის ისე ცხოვრობს, თავის საკუთარ საქმეში თვითონ ისაა ბატონი და იმის და უნებლიეთ არავის არ შეუძლია ამ საქმეში გაერიოს. ხშირად ახალგაზრდა ქალს ეწვევა სტუმრათ რომელიმე ყმაწვილი კაცი; ისინი მარტოთ მარტოკა დასხდებიან ცალკე ოთახში და რაზედმე ლაპარაკობენ. ერთ დედას არ მოუვა აზრში და ვერც გაბედავს, რომ შეიჭვრიტოს ქალის ოთახში თავის ცნობის მოყვარეობის დასაკმაყოფილებლათ. ყოველი დედა დარწმუნებულია, რომ იმის ახალგაზრდა ქალი საზრახისს არაფერს არ იქს და არც ყმაწვილი კაცი იკადრებს და ვერ გაბედავს იმის ქალის გაუპატიურებას, რადგან ამის შემდეგ ამ ყმაწვილ კაცს, არა თუ იმ ქალაქში, მთელ ამერიკაშიაც აღარ შეეძლება ცხოვრება, ისე სდევნის და იმდენათ ჰკიცხავს იმას საზოგადოება. ერთი-ორი ამისთანა მაგალითის შემდეგ, ქალის გაუპატიურება არავის არ მოსვლია აზრში.
წყარო: www.gdi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი