რა დაუკარგავთ ქალებს და რას დაეძებენ ისინი? (ვუძღვნი ჩვენ ახალგაზრდა ქალებს)
რას იტყვიან ჩვენში – მარტო ახალგაზრდა ქალი და ვაჟი რომ დაინახონ ერთად ცალკე ოთახში? ან როგორ შეხედავს საზოგადოება, მაგალითად იმას, რომ ახალგაზრდა ქალი და კაცი ხელიხელ გაყრილი ერთად დაიარებოდნენ სადმე ქალაქს გარეთ ან ქუჩაში? უეჭველია, ყველა ძალიან იჭვიანათ შეხედავს ამ გარემოებას. «საქმეს არიგებენ, სიყვარულს უცხადებენ ერთმანეთსო». – იტყვიან და ვინ დაამტკიცებს, რომ საზოგადოება შემცდარია, როცა ამისთანა აზრის არის. ჩვენი ცხოვრება იმნაირათაა გამართული, ჩვენ ისეთის თვალით უყურებთ ქალებს, რომ მართლა იმათ ნახვის დროს, პირუტყული გრძნობის დაკმაყოფილებისა და არშიყობის მეტი აზრში არაფერი არ მოგვდის… საზარელია ამისთანა შეხედულება ქალის შესახებ, მაგრამ ამაში, ერთის მხრით, ჩვენი ქალებიც დამნაშავენი არიან… ვინ იცის, ერთი მიზეზთაგანი იმ ბედნიერი ცხოვრებისა და კეთილ მდგომარეობისა, რომელშიაც იმყოფება ამჟამად ამერიკა, ის გარემოებაც იყოს, რომ იქაური ქალები ყველაზე უფრო ნაკლებად არიან კაცებისაგან დამოკიდებულნი, რადგან ყველაზე უფრო მომეტებული უფლებები აქვთ მინიჭებული. იქნება ეს ამერიკელი ქალების დამოუკიდებლობა იყოს მიზეზი, რომ ამ ქვეყნის ცხოვრებას, სიმდიდრეს და განათლებას თითქმის ყველა ევროპის ხალხი შენატრის. თუ ამაში ერთი იოტი ჭეშმარიტება მაინც არის, მაშინ ადვილათ წარმოსადგენია, რამდენათ წინ წაიწევს კაცობრიობის ცხოვრება, როდესაც ყველა ქვეყანაში ქალებს შრომის, განათლებისა და თავისუფლათ მოქმედების სრული უფლება მიეცემათ…
წყარო: www.gdi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი