რა დაუკარგავთ ქალებს და რას დაეძებენ ისინი? (ვუძღვნი ჩვენ ახალგაზრდა ქალებს)
ამერიკის შემდეგ ყველაზე უფრო გაცხარებული მოძრაობა ქალების სასარგებლოთ ინგლისში იყო. საზოგადოთ ინგლისელებს ისეთი ხასიათი აქვთ, რომ ყოველი ძველი, თუნდ უაზრო და მავნებელი, ჩვეულების გადაგდება და რომელისამე ახალი აზრის შეთვისება და ახალი ნაბიჯის გადადგმა ცხოვრებაში ძალიან ეძნელებათ. მაგრამ თუ კი ინგლისელმა ერთხელ რაიმე საფუძვლიანათ გაიგო, თუ კი ერთხელვე მიხვთა, რომ ეს საქმე კარგი იქნებაო, ან მეორე ცუდიო, მაშინ იმას ვერაფერი ვერ დაიჭერს: ყოველ ღონისძიებას იხმარს, რომ თავის გაგებისდაგვარათ მოიყვანოს სისრულეში ეს საქმე. სწორეთ ამნაირათ იყო ინგლისელი ქალების საქმეც: მგონია, არც ერთ განათლებულ ქვეყანაში ქალი ისეთ ცუდ მდგომარეობაში და კაცისაგან ისე დამოკიდებული არ ყოფილა, როგორც ინგლისში. მაგრამ ინგლისის საზოგადოება ამ საუკუნის მეორე ნახევრამდე ამას სრულებითაც არ აქცევდა ყურადღებას: «ჩვენ მამაპაპების დროს ასე ყოფილა ქალები და ახლაც ასე უნდა იყვნენო», – ამბობდენ ინგლისელები. «ჩვენი დედები და ბებიებიც ამნაირათვე ყოფილან კაცებისაგან დამოკიდებულნი და უფლება ჩამორთმეულნი, და ჩვენც აგრეთვე უნდა ვიყვნეთო», – ამბობდნენ ინგლისელი ქალები. დიახ, საუბედუროთ, ამნაირ სიტყვებს ხშირათ მარტო ჩვენში კი არა, განათლებულს ინგლისშიაც გაიგონებთ, მაგრამ განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ იქ, ადრე თუ გვიან, გაარჩევენ მაინც კარგსა თუ ცუდს და თუ კი ერთხელვე გაიგეს, ყოველ ღონეს ხმარობენ, ცუდი მოსპონ და კარგი შემოიღონ. ჩვენ… მაგრამ ჩვენ ცუდ მხარეებზე თუ დავიწყე ლაპარაკი, ერთობ დიდხანს მოგვინდება გაჩერება და საქმეც შორს წავა… ამ ოცი-ოცდაათი წლის წინათ ჩამოვარდა პირველათ ინგლისში ქალების მდგომარეობაზე ლაპარაკი, ყველაზე უფრო ძლიერი და ჩასაგონებელი სიტყვა ქალების სასარგებლოთ ჯონსტუარტ მილმა და იმის ცოლმა სთქვეს. მას შემდეგ ქალების მდგომარეობაზე და იმათ კაცთან გათანასწორებაზე ლაპარაკი და მოძრაობა ინგლისში არ გაწყნარებულა. ქალების ასსოციაციები, საზოგადოებები და კლუბები, რომლებიც ზევით მოვიხსენე, ყოველ წელიწადს იკრიბებიან ლონდონში, სცემენ საქალებო ჟურნალებს და გაზეთებს, კითხულობენ სახალხო ლექციებს ქალების შესახებ, ეხმარებიან ღარიბ და უპატრონო ქალებს მუშაობის და საქმის მოპოვნაში და ხსნიან ისეთ მაღაზიებს, სადაც მარტო ქალებს აძლევენ სამუშაოს და მარტო იმათ ხელ-საქმეს ჰყიდიან; წელიწადი არ გავა, რომ ამ ასოციაციებმა პარლამენტში ათასი ქალისაგან ხელ-მოწერილი თხოვნა არ შეიტანონ, რომელშიაც ისინი ისეთივე უფლების მინიჭებას თხოულობენ, როგორც კაცებს აქვთ. მარტო შარშან წინ, მაგალითად, 117 პეტიცია (თხოვნა), 42954 ქალის ხელმოწერილი, შეიტანეს იმათ პარლამენტში იმის გამო, რომ იმ დროს იქ იყო სჯა იმაზე, მიეცეს ქალებს ქონებითი უფლება თუ არაო (უნდა იცოდეთ, რომ 1869 წლამდი ინგლისელ ქალებს საკუთრების უფლება არ ჰქონდათ); ყველაფერი, რასაც ქალი თითონ შეიძენდა, ან რაც დედმამისაგან მოჰყვებოდა, კანონის ძალით, ქმრის განუკითხველ მფლობელობაში იყო! ამ წელსვე 260 პეტიცია შეიტანეს ქალებმა, რომელშიაც თხოულობენ, რომ ჩვენც მოგვეცეს ამორჩევითი უფლებები, ე. ი. მოგვეცეს კენჭი, რომ პარლამენტისათვის დეპუტატების ამორჩევაში მივიღოთ მონაწილეობაო. ამ ორას სამოც თხოვნაზე 61548 ქალს მოეწერა ხელი; ორმოცი ისეთი პეტიცია შეიტანეს, რომლებშიაც თხოულობდნენ ქალაქის გამგეობაში (მუნიციპალიტეტში) მონაწილეობის მიღებას. ერთი სიტყვით, ინგლისელი ქალი მოსვენებას არ აძლევს თავის მართებლობას: ეს სამსახურში შესვლის ნება მოგვეციო, უნივერსიტეტი და სხვა უმაღლესი სასწავლებელი გაგვიხსენიო, ან კაცების უნივერსიტეტში შეგვიშვი ვისწავლოთო და სხვა. იმათმა მეცადინეობამ უნაყოფოთ არ ჩაიარა: სხვადასხვა სამოქალაქო უფლების გარდა, იმათ ამ უკანასკნელ დროს შეიძინეს უნივერსიტეტში შესვლის უფლება, დღეს ქალები ედინბურგის, კემბრიჯის და ოქსფორდის უნივერსიტეტში დაიარებიან და ვაჟებთან ერთად ისმენენ ლექციებს…
წყარო: www.gdi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი